ბელადები

როგორ მუშაობდა ბერია თურქულ მიმართულებაზე

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ბერია სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიულ თანამდებობაზე მუშაობდა, ყველა პოსტზე ის მაინც „ჩეკისტად“ რჩებოდა, თუნდაც, იმიტომ, რომ ყველა პროექტში ის სპეციალური სამსახურების დახმარებას იყენებდა და მათ ეყრდნობოდა.

იაკობ კედმი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია „ჩეკისტად“ იყო შობილი. მე ამას ირონიით არ ვამბობ. არამედ კარგი გაგებით. „ჩეკა“, ანუ ზოგადად, სპეციალური სამსახური, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ბურჯია, მისი ძლიერების ფუნდამენტი. ბერიამ შექმნა სწორედ ეს ფუნდამენტი საბჭოთა კავშირში და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში წარმატებით იყენებდა მას. ბერიას ტალანტი და უზომო ენერგია ერთდროულად 10 საქმეს ჰყოფნიდა და ლავრენტი პავლეს ძე საქმეში არც საკუთარ თავს ზოგავდა და არც სხვებს. ასე იყო მოწყობილი სახელმწიფო სისტე:მა სტალინურ სახელმწიფოში. ასე მოქმედებდა თავად ბელადი და ასე იყვნენ მომართული მისი ხელქვეითებიც. მაგრამ, მომართულობა და ენერგიულობა ერთია და ტალანტი, თანაც, განსაკუთრებული კი – მეორე. ენერგიულ ადამიანებს ამქვეყნად რა გამოლევს და მათი მომართვაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს, ხოლო ტალანტები კი არცთუ ისე ბევრია, განსაკუთრებული ტალანტები კი – ერთეულები და სწორედ ასეთ განსაკუთრებულ ტალანტს წარმოადგენდა ლავრენტი პავლეს ძე ბერია... ეს ადამიანი, ჩემი ღრმა რწმენით, ნიჭიერი სახელმწიფო მოღვაწისა და პატრიოტი ადამიანის შენადნობი იყო. ეს იყო კაცი, რომელსაც ყველა შემთხვევისთვის წინასწარ მოფიქრებული, გამზადებული გეგმა ჰქონდა და სწორედ ასეთი რამ იყო ბერიას ტალანტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. როგორც ცნობილია, ამას მოლოტოვი ყვებოდა. ბერია რომ სტალინმა მოსკოვში გადაყვანის წინ კრემლში სასაუბროდ დაიბარა, ბერიამ ბელადს სხვადასხვა დარგში თანამიმდევრული მოქმედებების გამზადებული სქემა დაუდო, ანუ რეფორმების სქემა. თუმცა, ბერიამ წინასწარ არ იცოდა, თუ რა სფეროში გეგმავდა სტალინი მოსკოვში მის დაწინაურებას. და როდესაც სტალინმა ბოლომდე მოუსმინა მას, მოლოტოვს მიუბრუნდა და უთხრა.:

– თუ ეს ადამიანი იმისი მეათედის შემსრულებელია, რასაც მოგვითხრობს და თვალში ნაცარს არ გვაყრის, მაშინ ავშენებულვართო.

ბერიამ კი არა მარტო თავისი სქემის მეათედი შეასრულა, არამედ ათჯერ გადააჭარბა მას. სტალინის რაიმეთი გაკვირვება თითქმის შეუძლებელი იყო, თავადაც ნიჭიერი და შრომისმოყვარე იყო და ამიტომ, მაგრამ ლავრენტი ბერია იყო ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც საბჭოთა ბელადის განცვიფრებასა და აღტაცებას ერთდროულად იწვევდა.

ბერიას პირადი მცველი სარდიონ ნადარაია იხსენებდა: „ბერიას შეეძლო, საქმეები ისე ფარულად და ერთდროულად ეკეთებინა, რომ მის გვერდით მდგომნი და ამ საქმეში ჩართულებიც კი ვერ ვხვდებოდით ბოლომდე, თუ როგორ ახერხებდა ამას. ეს იყო ბერიას კონსპირაციული ნიჭის უდავო გამოვლინება. ამ კუთხით ბერიამ უდიდესი გამოცდილება ჯერ კიდევ ბაქოს იატაკქვეშეთში მოღვაწეობის დროს მიიღო და შემდგომ განავითარა და განავრცო.“

ჯერ კიდევ 1928 წელს, საქართველოს „ჩეკას“ უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას, ლავრენტი ბერიას განზრახული ჰქონდა თურქეთის მიერ საქართველოს წართმეული მიწების დაბრუნება. საამისოდ ის საგულდაგულოდ და დიდი საიდუმლოებით ემზადებოდა. ბერიამ კარგად უწყოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო პირადად სტალინის სანქციითა და მხოლოდ თვითონ ვერაფერს გახდებოდა. ამიტომ, სარგებლობდა რა თავისი თანამდებობითა და გავლენით, დიდი ხნით ადრე შეუდგა მზადებას. მით უმეტეს, რომ თურქული მიმართულება კავკასიაში ოდითგანვე პრიორიტეტული იყო. მიუხედავად იმისა, იქ ცარიზმი მმართველობდა თუ ბოლშევიკები. ბერიამ თავისი ძველი მეგობრის, მირ-ჯაფარ ბაგიროვის მხარდაჭერა მოიპოვა და ბაქოსა და თბილისში თურქული მიმართულების აგენტთა სკოლები გახსნა. ამ სკოლებში უმაღლეს დონეზე ამზადებდნენ შესაბამის კადრებს. მათი 95 პროცენტი აზერბაიჯანელები იყვნენ. შემდგომ კი მათ თურქეთში გზავნიდნენ და ისინი იქ მეხუთე კოლონას აყალიბებდნენ... ბერიას, უბრალოდ, არ დასცალდა. ის ვერაგულად მოკლეს. თუმცა, მისმა ძალისხმევამ მაინც დიდი შედეგი მოიტანა. ამ აგენტურულმა ქსელმა მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი სამსახური გაუწია საბჭოთა დაზვერვას. ისინი ცენტრს უძვირფასეს ინფორმაციას აწვდიდნენ. ამან შეუწყო ხელი ფაშისტური სადაზვერვო-დივერსიული ქსელების განადგურებას არაერთ რეგიონში და ეს ქსელები ზიანს ვეღარ აყენებდნენ ვერც საბჭოთა კავშირს და ვერც კოალიციურ ძალებს... ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლეს ძე ბერია დაზვერვის ასი იყო, ნოვატორი და უდიდესი ორგანიზატორი. მის მიერ შექმნილი სადაზვერვო ქსელები დღემდე ფუნქციონირებს და რუსეთს ემსახურება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი