როგორ ყაიდაზე გადააწყობინა სტალინმა ორჯონიკიძეს ინდუსტრია
ავტორი: ნიკა ლაშაური 50 წუთის წინ
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური პიროვნება იყო. მას უმაღლესი ინტელექტი ჰქონდა, უტყუარი ინტუიცია და უშრეტი ენერგია. სწორედ ამ თვისებების წყალობით განახორციელა საბჭოთა ბელადმა ის უდიდესი საქმეები, რასაც „დიადი გარდატეხა“ უწოდეს. ამან კი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირზე იქონია გავლენა, არამედ მთელ კაცობრიობაზე...
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „იოსებ სტალინს მე ჭადრაკის გროსმეისტერს შევადარებ, ჩემპიონს, რომელიც წაუგებელ პარტიას თამაშობს. ყოველთვის ასეთ წაუგებელ პოლიტიკურ პარტიებს თამაშობდა საბჭოთა ბელადი. ავიღოთ, თუნდაც, ჰიტლერთან, ჰიტლერულ გერმანიასთან ურთიერთობა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს გაშიფრა სტალინმა დასავლეთის სახელმწიფოს მესვეურთა ჩანაფიქრები და იმთავითვე დაიწყო საპასუხო გეგმის განხორციელებისთვის მზადება. საბჭოთა ბელადი, ძირითადად, სქემატურად მოქმედებდა. მას სხვისი სქემების გაშიფვრისა და საკუთარის შემუშავების უნიკალური უნარი ჰქონდა. 1929 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში დიდი გარდატეხა, ანუ ინდუსტრიალიზაცია ხორციელდებოდა, სტალინმა ორჯონიკიძეს დასავლური სქემა გაუშიფრა... შემდგომ თხრობას პირველ პირში განვაგრძობ. ეს მასალა სერგო ორჯონიკიძის დღიურებიდანაა აღებული, რომელიც თავად სერგოს მეუღლემ, ზინაიდა ორჯონიკიძემ გამოაქვეყნა...
სერგო ორჯონიკიძე წერს:
„სტალინმა კაბინეტში დამირეკა და თავისთან მიხმო. მივედი და ქართულად მითხრა:
– შენ, რომ იცოდე, ჩვენი ყველაზე სტრატეგიული სფერო გაქვს ჩაბარებული და ჩვეული ენერგიულობით უნდა იმოქმედო.
– კობა, ნუთუ ჩემით უკმაყოფილო ხარ? – ვკითხე სტალინს.
სტალინმა მხარზე ხელი დამადო და ღიმილით მითხრა:
– შენით ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ, მაინც, მუშაობა კიდევ უფრო უნდა გააძლიერო. დასავლეთი გვიტევს და კიდევ მეტად გააძლიერებს ამ შეტევას. მათ საშინელი სქემები აქვთ შემუშავებული და ეს ზეწოლა უნდა მოვიგერიოთ.
სტალინის საუბრიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ უახლოეს პერიოდში ინდუსტრიული ზრდის ტემპი უნდა დაგვეჩქარებინა, რათა დასავლეთს არ დავეხრჩვეთ. მაგრამ სქემებისა ვერაფერი გავიგე და სტალინს ვუთხარი:
– კობა, რა სქემებს გულისხმობ. ვერ ჩავწვდი შენს სიტყვებს.
– თანამიმდევრულად გეტყვი. დასავლეთს ჩვენი ინდუსტრიალიზაცია ხელს არ აძლევს და მრავალმხრივ საბოტაჟს მიმართავს. ნახეს, რომ თვითუზრუნველყოფა შევძელით და ისეთი არაფერი შემოგვაქვს, რაც სტრატეგიულად გვაზარალებს. ამიტომ უფრო ვერაგული სქემა შეიმუშავეს. პერსპექტივაზე გათვლილი და ესაა ომის გაჩაღება, რაც მათი აზრით, ორს კი არა და სამ კურდღელს ერთად დააჭერინებთ. შეაჩერებენ ჩვენს განვითარებას, დაეუფლებიან ჩვენს რესურსებს და მძიმე კაბალურ მდგომარეობაში ჩაგვაგდებენ იმ პერსპექტივით, რომ ბოლოს როგორც სახელმწიფოს, გაგვანადგურებენ. ამიტომ, შენი სფერო სამხედრო ყაიდაზე უნდა გადაეწყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთი სისტემა უნდა შექმნა, რომ ტრაქტორების გამომშვებმა ქარხანამ, ექსტრემალური საჭიროების შემთხვევაში, უმალვე ტანკების გამოშვება დაიწყოს.
– მშვენიერი აზრია. მაგრამ, როგორც შენ ამბობ, ვინაა დასავლეთის იმ ვერაგულ, საომარ სქემაში ჩვენი მეტოქე. ის, ვინც შეგვებრძოლება? – ვკითხე სტალინს. მას ულვაშებში ჩაეცინა და მითხრა:
– გერმანია. ეს ცალსახაა.
მართლაც, მეორე დღესვე დავიწყეთ ჩვენი ინდუსტრიის სამხედრო ყაიდაზე გადასვლა და როგორც სტალინმა დაგვისახა მიზნად, საჭიროების შემთხვევაში, ტრაქტორების ქარხნის სატანკო ქარხნად გადაწყობა, სულ რაღაც, ორ კვირაში იყო შესაძლებელი...“
სერგო ორჯონიკიძე, უბრალოდ, ვერ მოესწრო იმ ექსტრემალურ პერიოდს, როდესაც სატრაქტორო ქარხნები სწრაფად გარდაიქმნებოდნენ სატანკოებად და ამის საფუძველი, ჯერ კიდევ, 12 წლით ადრე, ჩააყრევინა სტალინმა ორჯონიკიძეს...
რაც შეეხება სტალინის წაუგებელ სქემატურ პოლიტიკურ თამაშს, საბჭოთა ბელადმა, ჰიტლერთან ურთიერთობის დამყარებითა და ათწლიანი ხელშეკრულების დადებით არა მარტო დრო მოიგო, არამედ წაუგებელ სქემაში ჩაჯდა. თუკი ჰიტლერი ხელშეკრულებას არ დაარღვევდა და ომს არ დაიწყებდა, საბჭოეთი კოსმიური სისწრაფით განვითარდებოდა. ხოლო ომის შემთხვევაში ჰიტლერი და მისი მოკავშირეები ერთობლივი რესურსებითაც კი ვერ გასწვდებოდნენ საბჭოეთის პოტენციალს. სტალინმა ეს იცოდა. იცოდა ფიურერის გეგმებიც და გერმანიის „ბლიცკრიგიც“ რომ ჩაიშლებოდა, ისიც. და სწორედ ამ წაუგებელი სქემით გამოვიდა საბჭოეთი მსოფლიო ასპარეზზე ნომერ პირველ სახელმწიფოდ, რაც სტალინის დამსახურება იყო.:..“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



