ბელადები

როგორ აღკვეთა ლავრენტი ბერიამ შეიარაღებული აჯანყება კავკასიაში

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.10

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. ყველა მინდობილ სამუშაოს უმაღლეს დონეზე ასრულებდა. პრაქტიკულად, შეცდომებს არ უშვებდა და ნებისმიერი საქმის ყველა სადავე ხელში ეკავა.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერიას უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი დასტურია ის, რომ „ჟანდარმერიის მარშალს“ (ავტორხანოვის მიერ შერქმეული მეტსახელი) ნებისმიერ საქმეში შეეძლო ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ ყველაფერი ეკონტროლებინა, ყველა და ყველაფერი ხელისგულზე მოექცია და ერთ ქვაბში მოეხარშა. იმავდროულად კი, არაფერი გაეფუჭებინა. სპეცოპერაციებსაც კი ბერია ამ პრინციპით გეგმავდა და ასრულებდა. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ოპერაცია „პატრიოტი“, რომელიც ბერიას მორიგი წარმატებული საქმე იყო.“

კავკასია იმთავითვე უმწვავესი რეგიონი იყო. საბჭოთა ხელისუფლება იქ ძნელად მიიღეს. უამრავი ოპოზიციური ჯგუფი პერმანენტულად ცდილობდა იქ მდგომარეობის შეცვლასა და ბოლშევიკური ხელისუფლების დამხობას. იარაღი კავკასიაში ბევრი და მრავალფეროვანი იყო. შეიარაღებული პატრიოტული რაზმები საკმაოდ სახიფათო, სისხლიან რეიდებს ატარებდნენ ბოლშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. ამიტომ „ჩეკას“ ინტენსიური მუშაობა უწევდა მათ აღსაკვეთად. მით უმეტეს, რომ ამ ჯგუფებსა თუ პარტიებს საზღვარგარეთიდან გულუხვად აფინანსებდნენ ანტიკომუნისტური ძალები. ერთი სიტყვით, საბჭოთა ქვეყნის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების სპეცსამსახურები ძალიან აქტიურობდნენ. ახალგაზრდა, შეიძლება ითქვას, ნორჩი ლავრენტი ბერია იმ პერიოდში საქართველოს „ჩეკას“ უფროსის მოადგილე იყო. მან წამოაყენა წინადადება, რომ ჩაეტარებინათ სპეციალური ოპერაცია, რომლის მეშვეობითაც კავკასიაში მოქმედ ყველა ძირითად მტრულ ძალას გააკონტროლებდნენ. ბერიას წინადადება ზოგიერთმა მისმა კოლეგამ სკეპტიკურად მიიღო (მოგვიანებით ეს სკეპტიციზმი ამ ხალხს ძალიან ძვირი დაუჯდათ), თუმცა, ბერიამ მაინც თავისი გაიტანა და მოიფიქრა ოპერაცია „პატრიოტი“.

ბორის სოკოლოვი: „ოპერაცია „პატრიოტის“ მთავარი მიზანი იყო კავკასიაში არსებული ანტისახელმწიფოებრივი ძალების გამოვლენა და კონტროლი. საამისოდ „ჩეკას“ ეგიდით შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაცია „პატრიოტი“. სათავეში მას თავადური წარმოშობის ერმილე ლორთქიფანიძე ჩაუდგა, რომელიც პირადად ბერიას მიერ იყო გადაბირებული. ლორთქიფანიძეს ფართო ნაცნობობა ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, ემიგრანტულ წრეებში და მას ენდობოდნენ. ნაცნობობის წყალობით, ლორთქიფანიძემ თავის ორგანიზაციაში გააწევრიანა პატრიოტულად განწყობილი ქართველები. ასევე, ის არა ქართველებიც, ვინც საბჭოთა ხელისუფლების დამხობაზე ოცნებობდნენ. „პატრიოტმა“ კავშირები გააბა საზღვარგარეთთან, სხვადასხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან, საიდანაც ის „მსუყე“ ფინანსურ დახმარებას იღებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ „პატრიოტს“ დაუკავშირდნენ სომხური, აზერბაიჯანული და სხვადასხვა ჩრდილოკავკასიური არალეგალური იატაკქვეშა ორგანიზაციები. შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოქმედების გეგმას ადგენდა. ანუ, „ჩეკა“ მათი ყველა გეგმის საქმის კურსში იყო და ფაქტობრივად, აკონტროლებდა მათ. ამგვარად, „ჩეკას“ მთავარი მიზანი მიღწეული იყო და ბერიას გათვლებმა ასი პროცენტით გაამართლა.“

ბერიას მიერ ჩატარებულ ოპერაციაში ყველაზე საინტერესო იყო მისი პროლოგი. საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა, რომ ყველა არალეგალური ორგანიზაცია ერთიანი ფრონტით გამოვიდოდა და ამიერკავკასიაში შეიარაღებულ აჯანყებას მოაწყობდა ბოლშევიკური მთავრობის დამხობის მიზნით. შედგა გეგმა მასში დაწვრილებით იყო გაწერილი ყველა ადგილი და ორგანიზაცია, შეიარაღებული რაზმები, მათი შემადგენლობა და შეიარაღება. ანუ, „ჩეკას“ ხელში იყო კავკასიის მთელი ანტიბოლშევიკური ძალები და საჭირო იყო მხოლოდ მათი განეიტრალება. საამისოდ ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკაში სპეციალური შეიარაღებული რაზმები შექმნეს და ამ ოპერაციის დასასრულებლად მხოლოდ ერთი ბრძანების გაცემა იყო საჭირო. აი, სწორედ აქ მოხდა ყველაზე საინტერესო და იდუმალი რამ. „ჩეკაში“ მუშაობდა ვინმე ასლან მურთაზოვი. ის საიდუმლო ოპერატიული ნაწილის თანამშრომელი იყო. მურთაზოვი თურქეთის დაზვერვის აგენტი იყო. ბერიამ ეს იცოდა. თუმცა ბრძანა, რომ მურთაზოვისთვის ხელი არ ეხლოთ. მურთაზოვი, ბერიასვე ბრძანებით, ორგანიზაცია „პატრიოტში“ შეაგზავნეს. შეიარაღებული ფართომასშტაბიანი აჯანყების დაწყებამდე 12 საათით ადრე კი საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოსულ აჯანყების კოორდინატორებს შეატყობინეს, რომ ორგანიზაცია „ჩეკას“ მიერ კონტროლდებოდა და რომ აჯანყების სომხური და აზერბაიჯანული მხარეები უკვე დაპატიმრებული იყვნენ. ამგვარად, ქართულმა მხარემ „ჩეკას“ კლანჭებს თავი დააღწია. დანარჩენები კი, ფაქტობრივად, ყოველგვარი სისხლის ღვრის გარეშე აიყვანეს (სულ 10 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს და უამრავი იარაღიც ამოიღეს). ეს ყველაფერი მურთაზოვს დაჰბრალდა, რომელიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. დიდი ალბათობით, სწორედ ბერიას გეგმაში შედიოდა ორგანიზაციის ქართული ფრთისთვის ამ ინფორმაციის შეტყობინება, რომ მათ გაქცევა მოეხერხებინათ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი