ბელადები

როგორ აღიქვა სტალინმა სერგეი კიროვის მკვლელობა

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 21:30 01.08

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი უმკაცრესი მმართველისა და „ფოლადის ადამიანის“ სახელითაა ცნობილი, რომელსაც სენტიმენტალობის ნატამალიც არ გააჩნდა. თუმცა, ასეთი შეხედულება საბჭოთა ბელადთან მიმართებაში ბოლომდე არაა სწორი და ამას მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ადასტურებს.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი, რა თქმა უნდა, შეიძლება, „რკინის კაცად“ შევრაცხოთ და ეს არ იქნება ტყუილი, თუმცა, ამ ადამიანს ფოლადისებურ ნებისყოფასთან ერთად ცხელი გულიც ჰქონდა და ეს გული საკმაოდ ბევრს განიცდიდა და ძალიან ბევრს იტანდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ გულს აჩუყებაც კი შეეძლო და სტალინისთვის არც ცრემლები იყო უცხო.

1934 წლის 1 დეკემბერი, როგორც ამას თავად სტალინი მიიჩნევდა, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უბედური დღე იყო. სწორედ იმ დღეს მოკლეს სტალინის უახლოესი, უსაყვარლესი და უერთგულესი მეგობარი და თანამებრძოლი, სერგეი კიროვი „სმოლნის“ შენობაში. იმ პერიოდში მე დღის განმავლობაში ბევრჯერ ვხვდებოდი ხოლმე სტალინს სხვადასხვა მიზეზთა გამო და მის კაბინეტში საკმაოდ დიდხანს ვიხილავდით ამა თუ იმ საკითხს. უმეტესწილად სტალინი თავად მეძახდა ხოლმე. ზოგჯერ კი მე თავად მივდიოდი მასთან კაბინეტში, გაუფრთხილებლადაც კი, თუკი ამას შექმნილი სიტუაცია და გადაუდებელი საჭიროება მოითხოვდა. ამ დროს მე ჯერ კარზე დავაკაკუნებდი და, შემოდიო, რომ გამომძახებდა, კარს შევაღებდი და კაბინეტში შევდიოდი. მაშინ, საღამო ხანი იყო. ფაშისტური გერმანიიდან ჩვენი ელჩის შეტყობინება მივიღე (ნამდვილად არ მახსოვს, კონკრეტულად რა საკითხზე იყო). სტალინისგან მითითება მქონდა, რომ გერმანიის ნებისმიერ საკითხზე გაუფრთხილებლად მივსულიყავი მასთან და ასეც მოვიქეცი. მივედი. სამდივნო გავიარე და კარზე დავაკაკუნე. პასუხი რომ ვერ მივიღე, კარი შევაღე და შევედი. კარი ავტომატურად მივხურე და წინ რომ გავიხედე, გავქვავდი – იოსებ ბესარიონოვიჩი თავჩაღუნული იჯდა.

– შემოდი, – თავაუწევლად, გაბზარული ხმით მითხრა სტალინმა.

– რა გჭირს, კობა? – ვკითხე მე.

– სერგო მოკლეს ამ ცოტა ხნის წინ, – მითხრა სტალინმა, ისევ თავაუწევლად.

მე რატომღაც ორჯონიკიძეზე ვიფიქრე და შევეკითხე:

– ორჯონიკიძე?

– მირონიჩი, – თქვა სტალინმა. კი დავიბენი, მაგრამ ვკითხე:

– როგორ?

– ვიღაც ნაძირალამ „სმოლნში“ ესროლა. მკვლელი დაიჭირეს და მივემგზავრები. შენც წამოდი, – მითხრა სტალინმა და სახეზე ისეთი პირქუში, საშინელი გამომეტყველება აღებეჭდა, რომ სიმართლეს ვიტყვი, შემეშინდა.

სტალინს თვალები უელავდა და კრემლიდან ლენინგრადის ვაგზლამდე ხმა არ ამოუღია. არც მატარებელში ყოფილა სიტყვაუხვი. უბრალოდ, მას დროგამოშვებით პოსკრებიშევი (პირადი მდივანი) მოახსენებდა ხოლმე ლენინგრადიდან მიღებულ უახლეს ამბებს, რომელსაც ის ტელეგრაფით იღებდა. როგორც კი ჩავედით, „ენკავედეს“ ჯარებით გარშემორტყმული, ხალხისგან დაცარიელებული სადგურის პლატფორმაზე ლენინგრადის მთელი სამხედრო, პარტიული და „ჩეკისტური“ ხელმძღვანელობა დაგვხვდა. ისინი ისეთი გაჭიმული იდგნენ, ქანდაკებები გეგონებოდათ. იქვე ასეთივე პოზაში იდგა „ენკავედეს“ უფროსი, გვარად ზაპოროჟეცი. სტალინი მას მიუახლოვდა, თვალებში გამომწვევად შეხედა. შემდეგ კი მდუმარედ გაემართა მანქანისკენ, რომელიც ჩვენ გველოდა.“

კიროვის მკვლელობამ, როგორც თავად სტალინი აღიარებდა მოგვიანებით მას საიმედო საყრდენი ბურჯი და უერთგულესი, უსაყვარლესი მეგობარი გამოაცალა ხელიდან. „ძმა სერგეი“ – ასე უწოდებდა სტალინი კიროვს. ამ საქმის გამოძიებას სტალინი პირადად ჩაუდგა სათავეში და იმავე ღამეს მკვლელი ნიკოლაევიც პირადად დაჰკითხა. ნიკოლაევს სიკვდილი მიუსაჯეს და დახვრიტეს. ამ საქმეს კი არაერთი თანამონაწილე და იდეური სულის ჩამდგმელი აღმოაჩნდა. ისინი, ძირითადად, ტროცკისტები აღმოჩნდნენ. ყველა მათგანმა დანაშაული აღიარა და ისინი სიკვდილით დასაჯეს. მართალია, სტალინს კიროვის სახით დიდი ძალა გამოაცალა, მაგრამ მისი მკვლელების განადგურებამ ძალაუფლება გაუმაგრა, საშუალება მისცა, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია პიკში აეყვანა, ქვეყანა გაეძლიარებინა და ჰიტლერთან დიდი ომისთვის მოემზადებინა.

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სადგურიდან პროზექტურაში წავედით, სადაც კიროვი იყო დასვენებული. სტალინი იქ მარტო შევიდა, საათ-ნახევარი დაჰყო და პათანატომებს კიროვის გაკვეთის ნება არ მისცა. მეორე დღეს მოსკოვში დავბრუნდით. კიროვის დასაფლავებაზე კი სტალინს მეგობრის კუბო მთელი მსვლელობის განმავლობაში ეჭირა. ხოლო, როდესაც კიროვი დაკრძალეს, კრემლში დაბრუნდა, განმარტოვდა და მეორე დღემდე არავინ მიუღია“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა