ბელადები

როგორ ააფარა სახეზე სტალინმა კიროვის მიერ დაწერილი წერილი ბერიას მტრებს

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 23.01

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ფენომენალური პიროვნება იყო. მართალია, მას სხვადასხვა, ძირითადად, უარყოფითი ეპითეტებით ამკობენ, ეშმაკის მოციქულსა და თვით ეშმაკსაც კი უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ის უნიკალური ადამიანი იყო და მასზე სრული სიმართლის თქმის დრო, ალბათ, ოდესმე დადგება... სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): 

„მამაჩემს მრავალმხრივი ტალანტი ჰქონდა და რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი სანიმუშოდ გამოსდიოდა. მას განსაცვიფრებელი, მართლაც რომ, ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა როგორც სმენითი, ასევე, მხედველობითი. ერთხელ მოსმენილი და წაკითხული არასოდეს ავიწყდებოდა და ყოველთვის ყველაფერს აბსოლუტურად ზუსტად დაგილაგებდათ წინ. მეექვსე კლასში რომ გადავედი, მათემატიკის პროგრამა ძალიან გართულდა. ამიტომ მამა, მიუხედავად მოუცლელობისა, პირადად მიმოწმებდა ჩანაწერებს. თანაც უმკაცრესი პედაგოგი გვყავდა. ის თავისებურად გვასწავლიდა. რვეულში გვაწერინებდა და წლის ბოლოს თითოეულს მთელ რვეულს დაუზარებლად გვიმოწმებდა. დადგა წლის ბოლო. მეორე დღეს რვეულები უნდა შეგვიმოწმონ და ჩემი ჩანაწერები სადღაც გაქრა. მთელი სახლი გადავაბრუნე, მაგრამ ვერსად აღმოვაჩინე. მამამ რომ შეიტყო ჩემი გასაჭირი, დაჯდა და სულ რაღაც 2 საათის განმავლობაში აბსოლუტურად ზუსტად აღიდგინა მთელი წლის ჩანაწერები და წინ დამიდო, თან, მითხრა, – მიდი, გადაწერეო... გადავწერე. შემოწმებამაც კარგად ჩაიარა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი ძველი რვეული ვიპოვე. დავჯექი და მამის მიერ აღდგენილი რვეული ძველ ჩანაწერებს შევადარე და ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩანაწერები აბსოლუტურად იდენტური იყო და ერთი მძიმეც კი არ იყო გამოტოვებული...“ ბერია არანაკლებ აოცებდა სოხუმელ პედაგოგებს სკოლაში. ერთხელ ღვთისმეტყველების გაკვეთილზე მასწავლებელმა ბერია ააყენა და რადგან საუკეთესო დეკლამატორი იყო, ბიბლიისა და სახარების სხვადასხვა ადგილებს აკითხებდა. ეტყოდა, ბიბლიის ან სახარების ესა და ეს გვერდი გადაშალე და ესა და ეს წაიკითხეო. ლავრენტი სულ რაღაც 12 წლის იყო და 20 წუთის განმავლობაში ხან ერთ წიგნს (ბიბლიას) კითხულობდა, ხან მეორეს (სახარებას). ერთხელ კი მან ბიბლია და სახარება წინა დღით მეგობარს ათხოვა, რომელმაც წიგნები დროზე ვერ დაუბრუნა. მასწავლებელმა, ჩვეულებისამებრ, ბერიას ბიბლიიდან და სახარებიდან ადგილების წაკითხვა დაავალა. პატარა ლავრენტიმ მშვენივრად გაართვა თავი დავალებას, თუმცა მასწავლებელმა შენიშნა, რომ მას წინ სულ სხვა – ბუნებისმეტყველების წიგნი ედო. თუმცა არ დაიჯერა, მაგრამ როდესაც ბერია დაფასთან გამოიყვანა, თავად ბიბლია დაიდო წინ და ბერიას ეუბნებოდა, რა წაეკითხა, პატარა ლავრენტი აუღელვებლად და ზუსტად დეკლარირებდა ტექსტებს ბიბლიიდან და სახარებიდან. აღმოჩნდა, რომ ეს წიგნები არა მარტო ზეპირად იცოდა, არამედ ისიც ახსოვდა, რა ტექსტი რომელ გვერდზე იყო განთავსებული. არანაკლებ ანცვიფრებდა ლავრენტი ბერია თანაიატაკქვეშელ ბოლშევიკებს ბაქოში. როგორც ცნობილია, თავად სერგო კიროვის ბრძანებით, ლავრენტი ბერია მუსავატურ კონტრდაზვერვაში შეგზავნეს და ის ბოლშევიკებს უმნიშვნელოვანეს ცნობებს აწვდიდა. სწორედ, ბერიას მიერ მიწოდებულმა ინფორმაციებმა გაამარჯვებინა ბოლშევიკებს ბაქოს აჯანყების დროს. კიროვი სტალინს წერდა: „ძვირფასო კობა, ბაქოს იატაკქვეშელ ბოლშევიკთა შორის განსაკუთრებით გამორჩევა შენი თანამემამულე, სრულიად ახალგაზრდა კაცი ლავრენტი ბერია. ჩემი მითითებით ის (ბერია) მუსავატურ კონტრდაზვერვაში შევგზავნეთ და უმნიშვნელოვანესი ინფორმაციებით გვამარაგებს. მისი კურატორია ანასტასი (ანასტას მიქოიანი). ბერიას ის შეხვედრის ადგილს უნიშნავს და შემდგომ კი პირადად მისგან იღებს გამზადებულ ინფორმაციებს. ახლა მთავარს გეტყვი – ანასტასის დაუდევრობის გამო მორიგი შეხვედრის ადგილი კარგად არ შემოწმდა. არადა სწორედ იმ დროს ბერიას ანასტასისთვის ყველაზე ინფორმაციული და დიდი მოცულობის მასალა უნდა გადაეცა. როდესაც ბერია შეხვედრაზე მივიდა, მას ოცდაცხრამეტი ნაბეჭდი ფურცელი ჰქონდა. როგორც შემდგომ გაირკვა, იმ ჩაიხანაში, თურმე ყოველ საათში კაზაკთა პატრული შედიოდა ჩხრეკაზე. ბერიას მოხერხებულობის წყალობით, მათ მთელი ეს მასალები ხელში არ ჩავარდნიათ. ჩხრეკის დაწყებამდე ბერიამ ღუმელში შეაგდო საქაღალდე და ცეცხლში გაანადგურა. ანასტასი რომ ჩაიხანაში მივიდა, ჩხრეკა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მას მიმალვა დაუპირებია, მაგრამ ვერ გაქცეულა. ერთი სიტყვით, ისიც გაუჩხრეკავთ და შემდეგ, როცა კაზაკები წასულან, ბერია ანასტასს ჩვენს საიდუმლო შტაბში წაჰყოლია და 39-გვერდიანი ინფორმაცია აბსოლუტურად ზუსტად აღუდგინა ფურცლებზე, მათ შორის სამხედრო-საიდუმლო რუკები, უამრავი მისამართი და პირადი მონაცემები. გარდა ამისა, ბერიამ ზეპირად დახატა 9 დივერსანტ-ჯაშუშის პორტრეტი, ვისი პეტროგრადში შემოგზავნაც უკვე გადაწყვეტილი იყო. ასე რომ, ძვირფასო კობა, სწორედ, ბერიას წყალობით მოვამზადეთ ბაქოს აჯანყება და მის დასაწყებად „ცენტრის“ სიგნალს ველოდებით. ანასტასს კი მკაცრი გაფრთხილება მივეცი. შენი სერგეი კიროვი.“

მოგვიანებით, კიროვის ეს წერილი პირადად სტალინმა ააფარა ბერიას წინააღმდეგ მომჩივანებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბერია მუსავატების აგენტი იყოო. ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე კი, სადაც მის მიმართ ერთ-ერთი მძიმე ბრალდება მუსავატების აგენტობა იყო, ეს წერილი არც უხსენებიათ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი