როდის და როგორ ითავსებდა საბჭოთა უშიშროების უფროსი ბერია ოპერმუშაკობას
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
ლავრენტი პავლეს ძე ბერია უნივერსალური შესაძლებლობების ადამიანი იყო. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა მყარი საფუძველი ჩაუყარა საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ფაშისტებთან ომში. ის ამ გამარჯვებას ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ჭედდა და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა, საბჭოთა დაზვერვა იყო.
გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი): „მთელი პასუხისმგებლობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ – ლავრენტი პავლეს ძე ბერია თანაბრად წარმატებული იყო როგორც საბჭოთა დაზვერვისა და საერთოდ, მთელი ჩვენი უწყების ხელმძღვანელი, ასევე, როგორც რიგითი ოპერატიული თანამშრომელი. დიახ, ხუმრობა არ გეგონოთ, ბერიას არაერთხელ შეუსრულებია რიგითი ოპერმუშაკის „შავი სამუშაო“, რადგან ამას საქმე მოითხოვდა. ლავრენტი ბერია, ასევე, უზადო გადამბირებელიც იყო. ბერიას კომპრომატების გამოყენების გარეშეც შეეძლო, „ობიექტი“ დაერწმუნებინა, რომ საბჭოთა დაზვერვასთან ეთანამშრომლა და მისი თითქმის ყველა მცდელობა წარმატებით დასრულდა. ხოლო ორგანიზატორულ საქმიანობაში ხომ ბერიას ბადალი არ ჰყავდა და მის მიერ მოფიქრებულ და დაგეგმილ ურთულეს სპეციალურ ოპერაციებს დიდი წარმატებით ახორციელებდნენ ჩვენი მზვერავები. ბერია, მართლაც რომ, დიდი ტალანტი იყო და რომ დასცლოდა, ასმაგად მეტ სარგებელს მოუტანდა სახელმწიფოს.“
პავლე ფიტინი ლავრენტი ბერიას დიდი ნდობით სარგებლობდა და თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბერიას ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში რამდენჯერაც კი ხვდებოდა და შესანიშნავად იცნობდა მას. ფიტინი რომ ბერიას ოპერმუშაკობაზე საუბრობდა, ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგის გადმობირებას (ვერბოვკა) გულისხმობდა. რაც სამეტაპიანი კომბინაციით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ათწლეულების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო და სულ რამდენიმე წლის წინ გახდა საჯარო. გრაფი შულენბურგი დიპლომატი იყო და 1934 წელს დაინიშნა გერმანიის ელჩად საბჭოთა კავშირში. თავდაპირველად შულენბურგი აღფრთოვანებული იყო ჰიტლერის პოლიტიკით და სწორედ პირადად ფიურერმა გაამწესა ის ელჩად, თუმცა, გარკვეულ დროის მერე შულენბურგს ჰიტლერზე შეხედულებები შეეცვალა, მაგრამ გულმოდგინედ მალავდა ამას. თუმცა, ეს არ გამოჰპარვია ლავრენტი ბერიას, რომელიც 1938 წლის მიწურულს დაინიშნა საბჭოთა სპეცსამსახურის უფროსად და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ბერიამ გადადგა ის იყო, რომ გააძლიერა გერმანული მიმართულება და ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, ფაშისტების ელჩიც მოხვდა. მეტიც, შულენბურგი ამ გეგმის ცენტრალური ფიგურა იყო და მისით დაინტერესება ბერიას ბრძანებით გაათმაგდა. დაიწყეს შულენბურგის პიროვნების დაწვრილებითი შესწავლა და ეს ცნობები პირდაპირ ბერიასთან მიდიოდა.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერია მოსკოვში სტალინმა გადმოიყვანა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი მოახლოებული დიდი ომის წინ საბჭოთა დაზვერვის გაძლიერება იყო. მოკლედ, შულენბურგი ინტერესების ცენტრში მოხვდა. ჩვენმა ოპერმუშაკებმა და ანალიტიკოსებმა ცალსახად დაადგინეს გრაფის მისწრაფება ბომონდური ცხოვრებისკენ, კონკრეტულად კი ქალებისა და დროსტარებისკენ. ბერიას მითითებით, შულენბურგს მისთვის საყვარელ სიტუაციებს ვუქმნიდით. სხვადასხვა, მისთვის მოგონილ, სპეციალურ შეკრებებსა და საღამოებზე გრაფი „ოდნავ“ ზედმეტს გადაჰკრავდა ხოლმე და შანსს არ უშვებდა, რომ რომელიმე ლამაზმანი (ჩვენი აგენტი) საწოლში ჩაეგორებინა. ეს ყველაფერი კი კინოფირზე ფარული გადაღებით ფიქსირდებოდა. 1939 წლის მარტში გერმანიის საელჩოში მიღება მოეწყო და ამ საღამოზე პირადად ლავრენტი ბერია მივიდა. ბერიამ და შულენბურგმა იქ გაიცნეს ერთმანეთი და ელჩის კაბინეტში ოციოდე წუთი ისაუბრეს. სწორედ ამ დროს მიამაგრა ბერიამ შულენბურგის კაბინეტში მოსასმენი მიკროფონი (ამ მომენტს გულისხმობდა ფიტინი, როცა ბერიას ოპერმუშაკობაზე საუბრობდა). ამგვარად, ჩვენ პირადად ელჩს ვუსმენდით და მნიშვნელოვან ინფორმაციებს ვიღებდით. ორი თვის მერე კი უკვე შულენბურგი საბჭოთა მხარის მიერ მოწყობილ საღამოზე მიიწვიეს. იქ კვლავ ბერია გამოჩნდა. მან გრაფი ცალკე კაბინეტში მიიწვია და ფაშისტების ელჩს კომპრომატები დაუდო წინ და შულენბურგს თანხმობის გარდა არაფერი დარჩენოდა. გრაფი პირადად ბერიას აგენტი გახდა და მას მნიშვნელოვან ინფორმაწიებს აწვდიდა“.
ომის დაწყების მერე შულენბურგი ბერლინში გაიწვიეს და იქიდან გადმოსცემდა ინფორმაციებს. თუმცა, 1944 წელს გრაფი ანტიჰიტლერულ შეთქმულებაში მონაწილეობისათივს დააპატიმრეს. ნოემბერში კი ჩამოახრჩვეს, თუმცა, სიკვდილამდე მან ბერიას ბევრი საიდუმლო და ფრიად საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



