ბელადები

რისთვის მიიღო პირველი საბრძოლო ორდენი ახალგაზრდა ბერიამ

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.08, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, გარდა იმისა, რომ უზადო ორგანიზატორი და შემოქმედებითად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწე იყო, მამაცი და შეუპოვარიც გახლდათ და დიდი თანამდებობების მიუხედავად, სახიფათო ოპერაციებში ხშირად პირადადაც მონაწილეობდა...

ისტორიის დოქტორი, ალისა სახნოვსკაია წერს: „ლავრენტი ბერიამ მხოლოდ და მხოლოდ უზადო, განსაკუთრებული პირადი თვისებების გამოისობით მოახერხა უმაღლეს პოლიტიკურ მწვერვალებზე ასვლა და მას არავინ დახმარებია ამაში.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი ჰყვებოდა: „ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით, თითქმის, 20 წელიწადი ვიმუშავე და ეს ადამიანი კარგად შევისწავლე. შემდგომ კი, სწორედ, ბერიასთან მუშაობის გამო გავატარე 15 წელი საპყრობილეში და საკმაო დრო მქონდა, რომ ზუსტი და ამომწურავი ანალიზი გამეკეთებინა ამ პიროვნებაზე. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანი. მას ნათელი გონება ჰქონდა. ტიტანური შრომისუნარიანობა და უდიდესი შემოქმედებითი, ვიმეორებ – შემოქმედებითი ენერგია. ბერიას მოფიქრებულსა და შესრულებულს წუნი არ გააჩნდა. ყველაფერთან ერთად, ბერია სიმამაცითაც გამოირჩეოდა, მას არც ტყვიის ეშინოდა და არც ვინმეს ზეწოლისა თუ მუქარის. აი, ასეთი პიროვნება იყო ლავრენტი ბერია, სტალინთან ერთად – ქვეყნის (საბჭოთა კავშირი) საიმედო ბურჯი და ხრუშჩოვმა და მისმა დამქაშებმა მათ ისეთი ლაფი, ჩირქი მოსცხეს, რომ ადამიანებს ბერიას კაციჭამიობის დღემდე სჯერათ, მაგრამ ეს ასე არ იყო.“

ბერიამ იატაკქვეშა ბოლშევიკური მოღვაწეობა ჯერ კიდევ „თინეიჯერობისას“ დაიწყო და 15 წლის ჭაბუკი უსერიოზულეს დავალებებს ასრულებდა. სწორედ, ამის გამო იყო, რომ 23 წლის ბერია საქართველოს „ჩეკას“ საიდუმლო ოპერატიული განყოფილების უფროსი და „ჩეკას“ უფროსის მოადგილე გახდა. იმ პერიოდში ქართველმა „ჩეკისტებმა“ ძალიან დიდი კონტრდაზვერვითი სამუშაოები ჩაატარეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბით და ამ მოვლენების ცენტრში, სწორედ, ბერია იდგა... გენერალი სერგო გოგლიძე იხსენებდა: „ბერიაზე სულ რაღაც 2 წლით უმცროსი ვარ, მაგრამ ლავრენტი პავლოვიჩს ისეთი საოცარი კარიერა აქვს (ეს ჩანაწერი 1952 წელს ეკუთვნის, როდესაც ბერიაც ცოცხალი იყო და გოგლიძეც), რომ მას მხოლოდ ამხანაგი სტალინი უსწრებს. მე ჯერ კიდევ რიგითი ოპერი ვიყავი, როდესაც ამხანაგი ბერია საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი გახდა და ჩვენი ნაცნობობაც მაშინ შედგა. ლავრენტი პავლოვიჩს თვალში მოვუვედი და თავისთან ამიყვანა სამუშაოდ...“

1922 წელს საიდუმლო-ოპერატიულმა განყოფილებამ თბილისში, ვინმე თეიმურაზ გედევანიშვილი დააპატიმრა. ის საფრანგეთიდან საიდუმლოდ იყო ჩამოსული და დავალებული ჰქონდა ადგილობრივი ანტისაბჭოთა მოქალაქეების აღმოჩენა და მათგან ისეთი ბირთვის შექმნა, რომელიც დიდ ეროვნულ აჯანყებაში მიიღებდა მონაწილეობას და ზურგში ლახვარს ჩასცემდა საბჭოთა საქართველოს მთავრობას. დაპატიმრებამდე გედევანიშვილს ინტენსიურად უთვალთვალებდნენ და მისი კავშირების დადგენას ცდილობდნენ. თუმცა, ორთვიანი თვალთვალის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ გედევანიშვილი იატაკქვეშა ორგანიზაციის შექმნას ცდილობდა. ერთი სიტყვით, ბერიას ინიციატივით, გედევანიშვილს „ჩეკას“ თანამშრომლები შეაჩეჩეს და მასთან კონტაქტზე პირადად ბერია გავიდა, ლევან მიქელაძის გვარით. ერთი თვის განმავლობაში, გედევანიშვილმა მიქელაძის (ბერია) დახმარებით 40-კაციანი იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნა და ცენტრს (პარიზში) ამის შესახებ აცნობა. შემდეგ „ჩეკამ“ ისე მოაწყო, რომ თითქოს გედევანიშვილი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ვითომ მის ბინაში ხანძარი მოხდა და გედევანიშვილი დაიწვა. სინამდვილეში, გედევანიშვილი „ჩეკაში“ მოაყუჩეს (ის 1924 წლის აჯანყებულების ნაწილთან ერთად დახვრიტეს), ხოლო ლევან მიქელაძე (ბერია) კი, პირდაპირ კონტაქტზე გავიდა ცენტრთან და 1923 წლის დასაწყისში პარიზშიც იმყოფებოდა. ამის შედეგად, 1923 წლის აპრილის მიწურულს, საფრანგეთიდან საქართველოში არალეგალურად 2 ათასი ადამიანისთვის განკუთვნილი შაშხანა, ტყვია-წამალი, სხვა მსუბუქი იარაღი და 1 მილიონი ოქროს ფრანკი შემოვიდა. შეიარაღება სამხედრო არსენალს გადაეცა. ფული – ბანკს, ხოლო ბერია კი დააწინაურეს და პირველი საბრძოლო ორდენი, სწორედ, ამის გამო გადაეცა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი