ბელადები

რატომ უთხრა სტალინმა უარი ჰიტლერს შეხვედრაზე სტალინგრადის შემდგომ

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.12, 2021 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, მართლაც რომ, ფოლადისებური სიმტკიცის ადამიანი იყო და ამას ყველა ერთხმად აღიარებდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ სტალინი უგულო, გრძნობებშეზღუდული ადამიანი იყო. უბრალოდ, ის ისეთ თანამდებობაზე იმყოფებოდა, სადაც სენტიმენტები შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩენილიყო საქმისთვის და საქმის დაღუპვას კი საბჭოთა ბელადი ვერანაირად ვერ დაუშვებდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „იაკობთან დაკავშირებულ ისტორიას, ანუ იმას, რომ სტალინმა პაულიუსის სანაცვლოდ თავისი ვაჟი არ გამოიხსნა, ძალიან მარტივად ყვებიან. არადა ამაზე წასვლა სტალინისთვის ძალიან ძნელი იყო, თუმცა მას სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო.“

როდესაც სტალინგრადში პაულიუსი და მისი არმია დაატყვევეს, ჰიტლერმა ოფიციალური გლოვა გამოაცხადა და თავის მიერვე ახლად დაწინაურებული ფელდმარშალი მოღალატედ გამოაცხადა. ფიურერს სისხლი, შურისძიება სწყუროდა. ამიტომ სტალინს შეუთვალა პაულიუსი შენს ვაჟში გამიცვალეო. სტალინმა კი კატეგორიული უარი უთხრა და შემხვედრი წინადადება შესთავაზა – პაულიუსს ერნსტ ტელმანში გაგიცვლი და თუ გინდა, კიდევ ორ გენერალსაც მოვაყოლებ, რომლებიც ბლომად გვყავს დატყვევებული, მხოლოდ ხელი დაადე, ვინ გინდაო. ამაზე ჰიტლერმა უარი თქვა. ფიურერს ეშინოდა, რომ ტელმანის საბჭოთა კავშირში გაშვება კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ეთნიკური გერმანელების ანტიფაშისტურ მოღვაწეობასო. ომის შემდეგ ფაშისტური გერმანიის საზღვარგარეთის სადაზვერვო განყოფილების უფროსმა, ვალტერ შულენბურგმა მემუარები გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პასაჟი ასეთია: „ჰიტლერი ცოფებს ყრიდა პაულიუსის გამო და მას ბინძურ მოღალატეს უწოდებდა. როდესაც პაულიუსი სტალინგრადის ალყაში იყო მოქცეული, ჰიტლერმა მას ფელდმარშლობა უბოძა. ეს კი იმ იმედით გააკეთა, რომ პაულიუსი თავს მოიკლავდა და რუსებს ცოცხალი არ ჩაბარებოდა. თუმცა მწარედ შეცდა. იმავდროულად, გაცოფებული ჰიტლერი სტალინს ახსენებდა და აშკარა იყო, რომ ჰიტლერი საბჭოთა ბელადის საქციელით აღფრთოვანებული იყო.

– წარმოგიდგენიათ?! – ღრიალებდა ჰიტლერი, – მან შვილი გასწირა და მოღალატე პაულიუსში არ გამიცვალა. რომელი თქვენგანი მოიქცევა ასე, ფაქტის წინაშე რომ დადგეს?!

გებელსისეული პროპაგანდის მიუხედავად, სადაც სტალინს მიწასთან ასწორებდნენ, ფიურერი ამ ადამიანით (სტალინით) აღფრთოვანებული იყო და ცდილობდა, სიმტკიცეში მიებაძა კიდეც მისთვის. თუმცა არ გამოსდიოდა. ამაზე კი ათმაგად მწარდებოდა...“

სტალინგრადის შემდგომ ჰიტლერს ეს ფრთიანი ფრაზა აეკვიატა და ხშირად იმეორებდა – სტალინი, ჩემბერლენი და დალადიე არ გეგონოთო.

ფიურერი მიუნხენის შეთანხმებას გულისხმობდა, სადაც მას თითქმის მთელი ევროპა მუქთად ჩააბარეს, ხელ-ფეხი გაუხსნეს და მადა გაუზარდეს. ჰიტლერმა სტალინთანაც სცადა შეთანხმების მიღწევა და მას მერეც, რაც გაცვლაზე უარი მიიღო, სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ მოსკოვში საიდუმლო მისიით გაგზავნა თავისი პირადი ადიუტანტი, გენერალი კრებსი. შემდგომ, კრებსი წერდა: „მოსკოვში რომ ჩავფრინდი, აეროდრომიდან პირდაპირ კრემლში მიმიყვანეს და სტალინმა თავის კაბინეტში მიმიღო. ფიურერისგან დავალებული მქონდა, საბჭოთა ბელადისთვის გადამეცა, რომ ჰიტლერს მასთან შეხვედრა და პირისპირ მოლაპარაკება სურდა. სტალინს რომ დანაბარები გადავეცი, მან მკითხა:

– შეხვედრა რატომ უნდა?

– იმიტომ, ბატონო სტალინ, რომ ეს სისხლისღვრა შეჩერდეს. ფიურერი ნანობს, რომ ამ ავანტიურაში ჩაება, – განვუმარტე სტალინს.

– სინანული უკვე გვიანია. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. ახლა რომ ომი შეჩერდეს, თქვენი ფიურერი ამას სულის მოსათქმელად გამოიყენებს. ძალებს მოიკრებს და შეეცდება, კიდევ უფრო მძლავრად დაგვარტყას. ამას კი ჩვენ ვერ დავუშვებთ. ფაშიზმი უნდა განადგურდეს! – მტკიცედ მიპასუხა სტალინმა.

– თქვენ სიმტკიცეს ფიურერი დიდად აფასებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შევგვწევს ძალა, რომ მძლავრად ვიომოთ, თავი დავიცვათ და შეტევაზეც გადმოვიდეთ. კიდევ ბევრი სისხლი დაიღვრება და იქნებ მიიღოთ ფიურერის შეთავაზება? – ჩემსაზე ვიდექი მე.

სტალინმა თავი გააქნია და მიპასუხა:

– ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ფაშიზმის დამარცხებაა მისაღები. თქვენს ფიურერს კი მოსკოვში შევხვდები და თანაც იმ შემთხვევაში, თუკი ის ტყვედ ჩაგვბარდება.

ამის მერე საუბრის გაგრძელებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. სტალინს გამოვემშვიდობე და წავედი...“

სწორედ, სტალინის ასეთმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტად გააცოფა ჰიტლერი და მან უფრო მეტი შეცდომების დაშვება დაიწყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...