ბელადები

რატომ შექმნა სტალინმა უკრაინაში რიგით მეორე ინდუსტრია

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.05

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ყოველთვის ისეთ პოლიტიკას ახორციელებდა, რომელიც საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებასა და განვითარებას უწყობდა ხელს. ეს ორი რამ კი რუსეთის სახელმწიფოსა და რუსი ერის ინტერესებზე იყო დაფუძნებული, რასაც არც თავად საბჭოთა ბელადი მალავდა. ხშირად ეს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდიოდა სხვა რესპუბლიკებისა და ერების ინტერესებთან და ამ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის ავანგარდში რუსები და უკრაინელები იდგნენ.

როი მედვედევი (ისტორიის პროფესორი): „რუსეთ–უკრაინის დაპირისპირებას ზოგჯერ ისეთი მწვავე ხასიათი ჰქონდა, რომ საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მიდიოდა. ადამიანები იხოცებოდნენ და კონფლიქტი მცირე ომის ხასიათს ატარებდა. უკრაინელები არაფერს უთმობდნენ რუსებს. თვით სტალინის მკაცრი მმართველობის დროსაც კი არ იხევდნენ უკან და პერმანენტულად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის. მართალია, სტალინს მიაჩნდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ უკრაინელები ამას არ ეთანხმებოდნენ. ისინი არც სტალინს ეპუებოდნენ და საბჭოთა ბელადი იძულებული გახდა, უკრაინაში მკაცრი, შეიძლება ითქვას, სასტიკი პოლიტიკა გაეტარებინა. საამისოდ სტალინს კადრების სიმრავლე არ აკლდა და 1926 წელს იქ ლაზარ კაგანოვიჩი დანიშნა. მან კი უკრაინაში ინდუსტრიის ფეხზე დაყენების ეგიდით ნაციონალური (უკრაინული) კადრების „დაბერყტვა“ დაიწყო, მათ ნაცვლად რუსები ჩაჰყავდა და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნიშნავდა. ამან უკრაინელების სასტიკი პროტესტი გამოიწვია. 1928 წელს ჩუბარმა და შუმსკიმ სტალინს ჩააკითხეს მოსკოვში და კაგანოვიჩის მოხსნა მოსთხოვეს. მართალია, ეს სტალინს არ სურდა, მაგრამ ჯერ კიდევ მყარად არ იჯდა თანამდებობაზე, ამიტომ უკრაინელი მინისტრების თხოვნა დააკმაყოფილა და კაგანოვიჩი უკრაინას მოაცილა. თუმცა, უკრაინელებზე ზეწოლა არ შეწყვეტილა და უკვე „ჩეკა“ ახორციელებდა მკაცრ ეგზეკუციებს და „უკრაინელ ნაციონალისტებთან ბრძოლის“ ეგიდით ყველას, ვინც უკრაინის დამოუკიდებელ არსებობაზე იტყოდა რამეს, არსებობის საშუალებას უსპობდნენ...“

უკრაინის მთავარ ჯალათად კი ამ ქვეყანას მაინც ნიკიტა ხრუშჩოვი მოევლინა. მართალია, ის 1938 წელს დაინიშნა უკრაინის მმართველად, ანუ მაშინ, როდესაც, ეგრეთ წოდებული, 37 წლის რეპრესიები ჩავლილი იყო, მაგრამ თავისი სისხლიანი ხელი მაინც მკაფიოდ დააჩნია უკრაინას. ხრუშჩოვმა ამ ქვეყანაში 11 წელი იბოგინა, ამ პერიოდში კი იქ ხუთიდან ექვს მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. მილიონზე მეტი დახვრიტეს, დანარჩენები კი „ჰოლოდომორს“ შეეწირა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „ხრუშჩოვი მოსკოვში, სტალინთან, უკრაინის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდანვე აგზავნიდა დასახვრეტთა სიებს და ეს რიცხვი ფანტასტიკურ სიდიდეს აღწევდა. სტალინმა ფარულად კომისიაც კი გაგზავნა უკრაინაში ხრუშჩოვის საქმიანობის შესამოწმებლად – აინტერესებდა, ხომ არ ატყუებდა მას ხრუშჩოვი, როდესაც წერდა, რომ უკრაინა ნაციონალისტებით იყო სავსე, რომლებიც უნდა გაენადგურებინათ. ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო და ალბათ, ხრუშჩოვს დაპატიმრება და დახვრეტა არ ასცდებოდა, რომ არა ერთი მოვლენა, რომელმაც ხრუშჩოვი გადაარჩინა. იმ პერიოდში, როდესაც სტალინის მიერ გაგზავნილი კომისია ფარულ გამოძიებას აწარმოებდა, დასავლეთ უკრაინის მხარეში სტეპან ბანდერას მომხრეებმა ადგილობრივ საბჭოთა მმართველებზე შეიარაღებული შეტევა განახორციელეს. მრავალი მათგანი და მათი მომხრე კი ამ შეტევას შეეწირა. მოსკოვიდან იქ „ჩეკას“ რაზმები გადაისროლეს და ხრუშჩოვის საქმიანობის გამოძიება შეწყდა. სტალინი უკიდურესად გამწარებული იყო ამით და ძალოვნებს უბრძანა, რომ უკრაინელ ნაციონალისტებზე ზეწოლა უკიდურესად გაეძლიერებინათ.“

ერთი სიტყვით, სტალინი უკრაინელებს არ ენდობოდა და მათ სლავების მოღალატეებად მიიჩნევდა. მეორენაირად კი ასეთ კვალიფიკაციას აძლევდა მათ – უკრაინელები მოღალატე რუსების ფრთააო. ამიტომ, სტალინის მმართველობის პერიოდში სუფთა უკრაინული წარმოშობის არცერთ ადამიანს არ ეკავა მაღალი სახელმწიფოებრივი პოსტი. სტალინი, ასევე, ამბობდა: უკრაინელებს თითქმის არანაირი ღვაწლი არ მიუძღვით რუსეთის იმპერიის დამხობაში – ბოლშევიკთა იატაკქვეშა მოძრაობაში უკრაინელები თითქმის არ ჭაჭანებდნენო...

მიუხედავად ყველაფრისა, სტალინს მიაჩნდა, რომ უკრაინის გარეშე საბჭოთა კავშირი არ იარსებებდა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მძლავრი ინდუსტრია სწორედ უკრაინაში შექმნა და უკრაინელთა ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებს ძალიან ნაყოფიერად იყენებდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...