რატომ შექმნა ბერიამ ორგანიზაცია „ნახევარმთვარე“
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 13.04

ლავრენტი ბერია დაზვერვის გენია იყო და ამას დღემდე აღიარებენ მთელს მსოფლიოში. ამ ადამიანის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სპეციალური ოპერაციები მსოფლიო ანთოლოგიაშია შესული.
იაკობ კედმი: „ალენ დალესმა ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ტყუილად როდი უწოდა დაზვერვის გენია. ამით „ცეერუს“ შეფმა აღიარა ბერიას უდიდესი ნიჭი და ისიც, რომ ბერიას მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ დიდი წარმატება მოუტანა საბჭოთა კავშირს პოლიტიკურ ასპარეზზე. ბერიამ დაიმსახურა და სტალინმაც ამიტომ მიანდო თავის თანამემამულეს ასეთი საპასუხისმგებლო პოსტი და ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ძალაუფლება მისცა. ეს ყოველივე ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. ბერიამ ჯერ იატაკქვეშა ბოლშევიკურ მოძრაობაში გამოავლინა კონსპირაციისა და სპეცდავალებების შესრულების უდიდესი უნარი. შემდგომ კი სრულიად ახალგაზრდამ წარმოაჩინა თავი „ჩეკაში“. ჯერ კიდევ 1928 წელს, „ჩეკას“ საგანგებო განყოფილებაში მუშაობისას, ბერია თურქულ ხაზზე გავიდა... მან შესანიშნავად იცოდა, რომ მზარდი თურქული სახელმწიფო დიდი ინტერესით ეკიდებოდა საბჭოეთს და ცდილობდა, იქ ძლიერი სადაზვერვო-დივერსიული ქსელი შეექმნა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ თურქეთს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ჰქონდა მითვისებული და აჭარის ხელში ჩაგდებაც უნდოდა. თურქები საამისოდ ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ. საჭირო იყო დასწრებაზე თამაში. ამიტომ ბერიამ სწორედ აჭარიდან დაიწყო. „ჩეკაში“ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც შემდგომში დიდი სადაზვერვო თამაშის საფუძველი გახდა. ჩეკისტებისგან შემდგარი ჯგუფი გაფორმდა ღრმად კონსპირირებულ ანტისაბჭოთა, პროთურქულ არალეგალურ ორგანიზაციად, სახელწოდებით – „ნახევარმთვარე“. ბათუმში მათ მოახერხეს დაკავშირებოდნენ თურქული დაზვერვის წარმომადგენლებს. დააჯერეს ისინი, რომ პროთურქები იყვნენ და მათ მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდიდნენ. სინამდვილეში კი 95 პროცენტი დეზინფორმაცია იყო. „ნახევარმთვარე“, სინამდვილეში კი, ძირითადად, პატრიოტი ქართველი „ჩეკისტები“ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ახორციელებდნენ. მათ მოახერხეს თურქული დაზვერვის ცენტრში შეღწევა. გაშიფრეს მთელი თურქული სადაზვერვო ქსელი არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ სამხრეთ კავკასიაში. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ სწორედ ეს დაეხმარა ბერიას კავკასიის გათავისუფლებაში დიდი სამამულო ომის დროს. როგორც ცნობილია, თურქები გერმანელ ფაშისტებთან ფარულად თანამშრომლობდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. თუმცა, ფორმალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. ისინი ანტისაბჭოთა მთიელთა პროფაშისტურ რაზმებს დიდძალი იარაღითა და საკვებით ამარაგებდნენ. გაქცეულებს კი თავშესაფარს აძლევდნენ. სწორედ „ნახევარმთვარემ“ მისცა „ცენტრს“ სეპარატისტების ყველა მარშრუტი, აგრეთვე, ფაშისტური სამთო დივიზია „ედელვაისის“ საბრძოლო გეგმებიც და საბჭოთა არმიამ და სვანებმა, აგრეთვე, „ენკავედეს“ სპეციალურმა ძალებმა მათ საშინელი დარტყმა მიაყენეს. ისინი კავკასიიდან განდევნეს და კავკასია გაათავისუფლეს. „ნახევარმთვარის“ მოქმედება ამით არ დასრულებულა, მათ ომის შემდგომაც უდიდესი სამუშაო გასწიეს. მათი მეშვეობით „ენკავედე“ ახალ თურქულ-ბრიტანულ სადაზვერვო ქსელზე გავიდა, რომელიც საბჭოთა კავშირში დივერსიებსა და საბოტაჟს გეგმავდა. ბერია უკვე ვერაგულად იყო მოკლული, მაგრამ ეს ორგანიზაცია კვლავ ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებდა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე და მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოიპოვებდა.“
გენერალი პავლე ფიტინი: „აღსანიშნავია, რომ ეგრეთ წოდებული, თურქული მიმართულება უმნიშვნელოვანესი იყო ლავრენტი ბერიასთვის. თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთი ისტორიულად საქართველოს მტერი იყო და მაშინაც თვალი ეჭირა მისი ტერიტორიებისკენ. ბერიამ, გარდა იმისა, რომ თურქულ რეზიდენტურას დიდი წარმატებით ებრძოდა ჩვენს ტერიტორიაზე, მეხუთე კოლონა შექმნა თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან. საგულდაგულოდ ამზადებდა ტერიტორიების დაბრუნების ოპერაციას და სტალინიც თანახმა იყო ამაზე. რომ არა ბერიას სიკვდილი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი უკვე „ნატოს“ წევრი იყო, აუცილებლად განახორციელებდა ამ ჩანაფიქრს. არსებობდა გეგმა ბ და მის მიხედვით თურქეთში მცხოვრებ ქართველებს აჯანყება უნდა მოეწყოთ, მერე კი „წითელი არმია“ შევიდოდა იმ მიზნით, რომ დაეცვა ქართულენოვანი მოსახლეობა. ოპერაცია ძალიან კარგად იყო დამუშავებული და ისე ელვისებურად განხორციელდებოდა, რომ „ნატო“ არც და ვერც მოასწრებდა რეაგირებას. ბერია ძალიან გონიერი, პრაგმატული ადამიანი იყო, თუმცა მას რისკის უდიდესი უნარი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გამო ის ამ რისკს გასწევდა. მით უმეტეს, რომ საქმეში „წითელი არმია“ ჩაერთვებოდა. მოკლედ, რომ იტყვიან, ბერიას საქართველოს წარსულის ჭია ღრღნიდა. უნდოდა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მას კი ამ პატრიოტიზმის გამო სასამართლო პროცესზე მოღალატეობა დააბრალეს. არადა ბერია რომ ასე ვერაგულად არ მოეკლათ, საბჭოთა კავშირი ორმაგად გადაასწრებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა კომპონენტში და ქვეყანაში ნორმალური, მშვიდობიანი და უზრუნველყოფილი ცხოვრების პერიოდი დადგებოდა. თუმცა, ნათქვამია – კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო ადამიანი ბილწმა ბანდამ გაანადგურა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან