ბელადები

რატომ მოითხოვდა ფრანგული პოლიცია სტალინის ექსტრადიციას

№49

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.12, 2021 წელი

სტალინის შესახებ
დაკოპირებულია

„იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნის, ვისაც წილად ერგო პლანეტა დედამიწის მართვა და მათ შორისაც „პატარა გორელი“ (სტალინი წარმოშობით საქართველოს ქალაქ გორიდან იყო), თანაბართა შორის პირველი იყო...“ – მოგვითხრობს სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინზე უკვე 40 წელია (ეს წიგნი 1992 წელსაა დაწერილი), რაც წერენ (მე მხედველობაში მაქვს სტალინის გარდაცვალებიდან გასული დრო) და ჯერ კიდევ უამრავი რამაა დასაწერი. ჩემი კვლევების 35-წლიანი პერიოდის განმავლობაში დახურულ არქივებში ამ გენიალურ პიროვნებაზე არაერთ საგულისხმო ფაქტს მივაგენი, რომლებზეც ბედნიერება მქონდა, მემუშავა. თუმცა, კომუნისტური წყობის დროს მათი გამოქვეყნება შეუძლებელი იყო და მხოლოდ საბჭოეთის დაშლის შემდეგ მიწევს მათი გამომზეურება. ჩემი ღრმა რწმენით, სტალინზე აბსოლუტური სიმართლე უნდა იწერებოდეს. ცუდიც და, რა თქმა უნდა, კარგიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კაცის ჭეშმარიტი პორტრეტის ჩვენება მომავალი თაობისთვის არ მოხერხდება. ამის გაკეთება კი, ვფიქრობ, აუცილებელია. ამას მოითხოვს ისტორია და არა მარტო სამამულო (საბჭოთა და რუსული) არამედ კაცობრიული ისტორია. ახლა კი, კაცობრიული ისტორიისთვის იოსებ სტალინი დიქტატორია, რომელიც რევოლუციურ იატაკქვეშა საქმიანობისას ბანკებს ძარცვავდა და ამით ბოლშევიკურ პარტიას აფინანსებდა. შემდგომ კი ძალაუფლებაში მოვიდა და მილიონობით ადამიანის ძვლებზე უდიდესი, უძლიერესი იმპერია ააშენა, რომელმაც ჰიტლერი და ჰიტლერიზმი გაანადგურა. დიახ, ძირითადად, სწორედ, ასეთი სქემით ხელმძღვანელობენ ჩემი საზღვარგარეთელი კოლეგები, როდესაც სტალინზე წერენ. თუმცა, ეს ყოველივე იმდენად ზედაპირული და არასერიოზულია, რომ ფასი არ აქვს. დიახ, სტალინი მართლაც ედგა სათავეში ეგრეთ წოდებულ, ექსპროპრიაციებს. ხშირად გეგმავდა მათ. ზოგჯერ მონაწილეობდა კიდეც მათ განხორციელებაში და პარტიას ფულით ამარაგებდა, რაც, ძირითადად, პროპაგანდა-აგიტაციასა და იარაღის შესყიდვას ემსახურებოდა. თუმცა, ის არ უნდა განვიხილოთ, როგორც ყაჩაღი და ბოროტმოქმედი. არამედ, ისე როგორც იდეური რევოლუციონერი, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდა და ამის გამო ზოგჯერ კანონსაც კი არღვევდა... ერთ-ერთ დახურულ არქივში ძალიან საგულისხმო საბუთს წავაწყდი, კერძოდ კი – ფრანგული ჟანდარმერიის მოთხოვნას, რომ რუსეთის იმპერიის მოქალაქე იოსებ ჯუღაშვილი გადაეცეს საფრანგეთის პოლიციას იმის გამო, რომ ის ეჭვმიტანილია მსხვილ დანაშაულში, კონკრეტულად კი – ქალაქ ნიცის კაზინოს ძარცვაში...“

1911 წლის აგვისტოში თბილისის ფსიქიატრიული კლინიკიდან ცნობილი რევოლუციონერი, სტალინის მარჯვენა ხელი, სიმონ ტერ-პეტროსიანი, „კამო“, გაიქცა. ეს ლეგენდარული პიროვნება იქ მკაცრი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ გაქცევა მაინც მოახერხა, რაშიც მას სტალინი დაეხმარა. იმ პერიოდში თავად სტალინიც ციმბირში იყო გადასახლებული. თუმცა, თავისი გავლენისა და საავადმყოფოს თანამშრომლების მოსყიდვის წყალობით, „კამოს“ გამოხსნა მოახერხა. „კამო“ კი თბილისში გერმანიის მთავრობამ გადმოაგზავნა, სადაც ცნობილი იატაკქვეშელი გახმაურებული „თბილისური ექსპროპრიაციის“ გამო იყო დაპატიმრებული. იქ მან სიგიჟე გაითამაშა. ერთი სიტყვით, „კამო“ გაიქცა და ბათუმის გავლით პარიზში, ლენინთან ჩავიდა. მას ლენინი მცირედი თანხით დაეხმარა. სწორედ, იმ პერიოდში გაიქცა ციმბირიდან სტალინიც და ბაქოსა და ბათუმის გავლით ისიც პარიზში ჩავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში ერთი კვირა დაჰყო და კვლავ რუსეთში დაბრუნდა. სწორედ, ამ შუალედში განხორციელდა ქალაქ ნიცის კაზინოს ძარცვა და იქიდან მილიონ 800 ათასი ფრანკის გატაცება. გერმანულმა პოლიციამ პროვოკატორ იაკობ ჟიტომირსკის დაბეზღებით (მან მეორედ დააბეზღა „კამო“) გაარკვია „კამოს“ ვინაობა. გერმანელებმა კი ეს ინფორმაცია ფრანგებს მიაწოდეს. ერთი სიტყვით, გამოძიების შედეგად ფრანგებმა განაცხადეს, რომ სიმონ ტერ-პეტროსიანთან („კამო“) ლიტვინოვთან, ბოგდანოვთან და კრასინთან ერთად ამ ბოროტმოქმედებაში იოსებ ჯუღაშვილიც მონაწილეობდა, თან, სწორედ, ჯუღაშვილი იყო ამ დანაშაულის დამგეგმავი და ამიტომაც სთხოვდნენ რუსეთის იმპერიის პოლიციას სტალინის ექსტრადიციას, ისევე, როგორც „კამოსი“ და სხვა მძარცველების. რუსეთმა რა უპასუხა ფრანგებს, უცნობია. თუმცა, სტალინი და „კამო“ მაშინ ძებნილები იყვნენ. დანარჩენები კი ემიგრაციაში წასულები. მალევე „კამო“ თბილისში დაიჭირეს, მეტეხის ციხეში ჩასვეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, ის გადაურჩა დახვრეტას. სტალინი კი კვლავ გააციმბირეს.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1947 წელს, გენერალმა დე გოლმა, როდესაც ის საფრანგეთის მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა, პოლიციას შეაწყვეტინა სტალინის საქმის გამოძიება, რომელიც თითქმის 40 წელი ფორმალურად იყო აღძრული...“

მართლაც რომ, საინტერესო, შეიძლება ითქვას, კურიოზული ისტორიაა, თუმცა, არანაირი სამხილი არ არსებობს იმისა, რომ სტალინი ამ დანაშაულში მონაწილეობდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი