რატომ მიანიჭა სტალინმა ბერიას უშიშროების მარშლის ჩინი
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.09

ლავრენტი ბერია ერთადერთი ადამიანი იყო ყველა დროის საბჭოთა უშიშროების სისტემაში, ვისაც უმაღლესი სამხედრო წოდება, მარშლობა მიენიჭა. ეს პირადად სტალინის ინიციატივა იყო და ბერია ნამდვილად იმსახურებდა ამ უმაღლეს სამხედრო ჩინს, რადგან მას ქვეყნისა და ხალხის წინაშე განუზომელი დამსახურება ჰქონდა.
გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „საყოველთაოდაა ცნობილი ლავრენტი პავლეს ძე ბერიას განუზომელი წვლილი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა-გაძლიერებაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო და ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. და საერთოდ, ბერია გენიალური სტრატეგი, კომბინატორი და შემსრულებელი იყო. თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ ის არაფრით ჩამოუვარდებოდა თავად სტალინსაც კი. ხშირ შემთხვევაში, ბერია სწორედ სტალინთან ერთად ადგენდა სტრატეგიულ გეგმებს, ჩვენ კი ვასრულებდით. შორს მიმავალი, კომბინაციური გეგმის შედგენაში (ვგულისხმობ უშიშროების სფეროს) ბერიას ხომ ბადალი არ ჰყავდა. ის დაგეგმვისა და ანალიზის ვირტუოზი იყო და ყოველთვის წარმატებას აღწევდა.
ომი რომ დასრულდა და გავიმარჯვეთ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩვენს უწყებას სამუშაო კიდევ უფრო მოემატა. საქმე კი ის იყო, რომ რამდენიმე ფაქტორი ერთმანეთს დაემთხვა და მათი ერთობლიობა მნიშვნელოვან პრობლემებს გვიქმნიდა. პირველი იყო ის, რომ დამარცხებულ ფაშისტებს საბჭოთა კავშირში საკმაოდ მძლავრი სადაზვერვო-დივერსიული ქსელი ჰქონდათ დატოვებული. მეორე იყო ის, რომ უკრაინაში, ბელორუსიაში, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკაში, ასევე, კავკასიაში მოქმედებდნენ ნაციონალ-ფაშისტური, კბილებამდე შეიარაღებული სამხედრო-ბანდიტური რაზმები. ყველაფერ ამას კი ემატებოდნენ საზღვარგარეთ, ძირითადად, დასავლეთ გერმანიასა და საფრანგეთში არსებული ემიგრანტული ორგანიზაციები. მთელი ეს მასა იმართებოდა და ფინანსდებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. კურატორებად კი ჰყავდათ დაზვერვის გამოცდილი ოფიცრები და აგრეთვე, ჰიტლერის სპეცსამსახურების ის წარმომადგენლები, ვინც მოახერხა, სასჯელისთვის დაეღწიათ თავი და დასავლეთის რეაქციულ წრეებს შეფარებოდნენ... როგორც ცნობილია, ფრონტზე, წინა ხაზზე ერთმანეთის საპირისპიროდ ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა დგას. ანუ, მეტოქეს, მოწინააღმდეგეს პირდაპირ ხედავ და შეტაკებისას ან ერთი იმარჯვებს, ან მეორე. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნათელია. ჩვენი ფრონტი კი უხილავია. უხილავი მოწინააღმდეგე და ბევრად უფრო საშიში და ვერაგი, ვიდრე შენ წინ მდგომი, ავტომატით შეიარაღებული ჯარისკაცი. სწორედ ასეთ უხილავ, სახიფათო და ვერაგ მტერთან გვიწევდა ბრძოლა და არაორდინარული გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება იყო საჭირო. ბერია კი არაორდინარულობის დიდოსტატი იყო და მან ბრძოლის არაორდინარული გეგმა შეიმუშავა. 1945 წლის მიწურულს ინტერნირებული ფაშისტების საბჭოთა ბანაკში, რომელიც უკრაინაში მდებარეობდა, ფაშისტმა კაპიტანმა, წარმოშობით სუფთა არიელმა, ოტო შერმანმა შექმნა იატაკქვეშა, საიდუმლო ორგანიზაცია, სახელწოდებით – „თავისუფალი გერმანია“. მართალია, შერმანი წმინდა წყლის ფაშისტი იყო, მაგრამ, „ენკავედემ“ გადაიბირა და საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობდა. შერმანის გადაბირება მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც „ჩეკისტებს“ ხელში ჩაუვარდათ „გესტაპოს“ შეფის, მიულერის მიერ კალტენბრუნერისთვის გაგზავნილი საიდუმლო წერილი. მასში ეწერა, რომ ვალტერ შერმანი (ოტოს ტყუპისცალი), რომელიც მეთაურობდა ერთ-ერთ „ზონდერჯგუფს“ და შვეიცარიის ალპებში ნაძარცვი ოქროს ზოდები გადამალა, ყოველი შემთხვევისთვის ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო თავის 16 მებრძოლთან ერთად. ოტოსთვის ეს შოკი იყო და თანამშრომლობაზეც ამიტომ დათანხმდა. შემდგომი მოვლენები კი ამგვარად განვითარდა – იატაკქვეშელები ბანაკიდან გაიქცნენ (რა თქმა უნდა, გააქციეს). შერმანის 21-კაციანი ჯგუფი ბელორუსიის ტყეებში ორი წელიწადი, 1947 წლის ბოლომდე „ბოგინობდა“, სინამდვილეში კი უმნიშვნელო ობიექტებსა და კომუნიკაციებს აზიანებდა. სამაგიეროდ, „ენკავედე“ აბუქებდა ყველაფერს და მას რეკლამას უკეთებდა. 1948 წლის ზაფხულისთვის „სახელგანთქმული“ შერმანი სხვადასხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციას დაუკავშირდა. მათი ნდობა მოიპოვა და საკოორდინაციო საბჭოში შეიყვანეს, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა და დივერსიულ გეგმებს ადგენდა. ამ სხდომებს ყველა ორგანიზაციის ლიდერი და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. 1948 წლის მიწურულს, შერმანის ძალისხმევით, მორიგი შეკრება შედგა ლვოვის მახლობლად, ერთ-ერთ ტყის მასივში განლაგებულ ბანაკში და სწორედ მაშინ დადგა მათი დასასრული. „ენკავედეს“ სპეცრაზმებმა ისინი ალყაში მოაქციეს. ვინც დანებდა, გაასამართლეს და უმეტესი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. ვინც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, იქვე გაანადგურეს. შერმანი 1968 წელს გარდაიცვალა მოსკოვში.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან