ბელადები

რატომ გარდაიცვალა ნესტორ ლაკობა მოულოდნელად ბერიასთან ვახშმის შემდეგ

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.09, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ ფრთიანი ანგელოზი არ ყოფილა, ყველასთვისაა ცნობილი. თუმცა, მას ყველა ის დანაშაული მიაკერეს, რასაც საბჭოთა მთავრობის მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ და ამ ადამიანის ისეთი პორტრეტი შექმნეს, რომ თითქოს ის კაციჭამია და კანიბალი იყო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ლავრენტი ბერია ძალიან დიდ გავლენასა და ძალაუფლებას ფლობდა. მას საბჭოთა მთავრობაში სტრატეგიული თანამდებობა ეკავა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ბერია, სტალინის შემდეგ ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო ქვეყანაში. თუმცა, მან ეს გავლენა, პირველ რიგში, თავისი პიროვნული თვისებებით მოიპოვა და არა თანამდებობით. ბერიაზე უფრო დიდ თანამდებობებს მთავრობის სხვა წევრები ფლობდნენ, მაგრამ ბერია მათ ათი თავით სჯობდა როგორც ინტელექტით, ასევე, ეშმაკობითა და თუ გნებავთ, ვერაგობით. აი, სწორედ, ამიტომ ეშინოდათ ბერიასი და ამ შიშმა მიიყვანა შეთქმულები იმ აზრამდე, რომ ბერია მოეშორებინათ, რაც განახორციელეს კიდეც. ნიშანდობლივია ის, რომ ბერია ვერაგი და დაუნდობელი იყო ვერაგთა და დაუნდობელთა წინააღმდეგ. ამიტომ, რადგან ინტელექტით სჯობნიდა, ანადგურებდა კიდეც მათ. და ბერიას ჰქონდა კიდეც საამისო მიზეზი. ავიღოთ, თუნდაც სომხეთის ცეკას პირველი მდივნის, აგასი ხანჯიანისა და აფხაზეთის ხელმძღვანელის, ნესტორ ლაკობას მკვლელობები. მართალია, ეს დანაშაული (განსაკუთრებით ლაკობას მკვლელობა) მას არ დაუმტკიცდა, ხოლო ხანჯიანი კი, საერთოდ, უკვალოდ გაქრა, მაგრამ დიდი ალბათობით, ორივე მათგანის მკვლელობა ბერიამ განახორციელა. მიზეზი კი თითქმის ერთი და იგივე იყო. ხანჯიანი ბერიას ქართული მიწების ნაწილს სთხოვდა. ლაკობა კი ხლაფორთობდა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესულიყო. ის (ლაკობა) სტალინთან მეგობრობის გამოყენებას აპირებდა და უნდოდა, კრემლში სტალინს პირადად შეხვედროდა და ბელადს ამ საკითხზე დალაპარაკებოდა. მეეჭვება, რომ სტალინს თანხმობა მიეცა ლაკობასთვის აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილებაზე. თუმცა, ბერიამ ამის მცდელობაც კი აღკვეთა.“

ცნობილი ისტორიული წყაროები (უცხოეთში გაქცეული აბდურაჰმან ავტორხანოვი) გვამცნობენ, რომ როდესაც ბერია ამიერკავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) გაერთიანებული რესპუბლიკის ცეკას პირველი მდივანი იყო, მასთან სომხეთის მეთაური აგასი ხანჯიანი მივიდა. ძვირად ღირებული სპარსული ხალიჩა მიუტანა ძღვნად და საქართველოს კუთვნილი, სომხეთთან მოსაზღვრე ტერიტორიები მოსთხოვა. ავტორხანოვის მტკიცებით, ხანჯიანმა ძალიან მოკრძალებულ ფორმაში აუწყა ეს ბერიას, თუმცა, ბერიამ თავისსავე კაბინეტში ტაბელური „ნაგანიდან“ ორი გასროლით ადგილზევე მოკლა ხანჯიანი, შემდგომ კი გოგლიძეს უბრძანა, რომ გვამი მისსავე მოტანილ ხალიჩაში გაეხვიათ და სანაგვეზე გადაეგდოთ. იმავე ავტორხანოვის მტკიცებით, სომხეთის ცეკას პირველი მდივანი სადღაც სოღანლუღში წაიღეს და დამარხეს. უფრო „სუფთად“ განხორციელდა ნესტორ ლაკობას ლიკვიდაცია. ავტორხანოვი ამტკიცებს, რომ თბილისში ჩამოსული აფხაზეთის მეთაური ბერიამ სავახშმოდ მიიწვია თავის სახლში. ვახშმის მერე ლაკობა სასტუმრო „ინტურისტში“ გაემგზავრა, სადაც ის ცხოვრობდა და სწორედ იქ გახდა შეუძლოდ. შემდგომ კი გარდაიცვალა. ავტორხანოვი ამტკიცებს – ნესტორ ლაკობა ლავრენტი ბერიამ დედამისის (ბერიას დედის) მიერ გამომცხვარი ხაჭაპურით მოწამლაო. მართალია, ექიმებმა მოწამვლის ფაქტი ვერ დაადასტურეს (თუმცა, შესაძლოა, აქაც ბერიას ხელი ერია), მაგრამ ბერიას მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

სერგო ბერია: „ლაკობა მართლაც სტუმრობდა იმ ავბედით დღეს ჩვენს სახლში და ივახშმა კიდეც, თუმცა, საერთო მაგიდიდან ჩვენი ოჯახის წევრებიც მივირთმევდით კერძებს და რაღა მხოლოდ ლაკობა მოიწამლა? ჩემი აზრით, ეს ტყუილია. თუმცა, სიმართლეა ის, რომ ლაკობა ტრაბახობდა სტალინთან მეგობრობით. ის და სტალინი ძველი იატაკქვეშელი ბოლშევიკი რევოლუციონერები იყვნენ. ლაკობას ქედმაღლურად ეჭირა თავი აბსოლუტურად ყველასთან. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნესტორ ლაკობა სერიოზულად აპირებდა სტალინისთვის მიემართა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობიდან რუსეთის შემადგენლობაში გადასულიყო. ეს მამამ ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როდესაც საქართველოს „ჩეკას“ ედგა სათავეში. იმასაც ვადასტურებ, რომ ასეთი პოზიციის გამო მამას ლაკობა არ მოსწონდა, თუმცა, მოწამვლის ბრალდება ტყუილია. თუკი მამაჩემი ამაზე წავიდოდა მაშინ ამას უფრო ადრე იზამდა, მაგრამ არ გაუკეთებია. ჩემი აზრით, ჩვენთან ვახშმის შემდეგ ლაკობას გარდაცვალება, უბრალოდ, ტრაგიკული დამთხვევა იყო და მეტი არაფერი. მით უმეტეს, რომ გაკვეთამ ინსულტი უჩვენა და არა მოწამვლა.“

ფაქტია, რომ იურიდიულად ბერიას ვერავინ დაუმტკიცა ლაკობას ლიკვიდაცია, თუმცა, ამის დიდი ალბათობა მართლაც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ბერიას მოტივი ნამდვილად ჰქონდა. ხოლო, რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, შესაძლოა, ბერია მართლა ჩაერია ამაში და ექიმებს ტყუილი დააწერინა ან ლაკობა ისეთი საწამლავით მოკლა, რომ გაკვეთამ ინსულტი აჩვენა. მით უმეტეს, რომ სწორედ ბერიას ძალისხმევით შექმნა დოქტორმა მეირანოვსკიმ „ენკავედეში“ შხამების განყოფილება, სადაც ისეთი ნივთიერებები იქმნებოდა, რომლებიც პათანატომებს სხვადასხვა დიაგნოზს უჩვენებდა და შხამის კვალი არ ჩანდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული