ბელადები

რატომ გაიხსნა მოსკოვში ორი კაზინო, ბერიას მითითებით

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.02

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას საბჭოთა სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა და საბჭოთა ბელადთან განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა. საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, ბერიას სტალინი ისეთი საქმეების გაკეთების ნებას რთავდა, რაც ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა ცხოვრების წესთან.

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი): „საბჭოთა სპეცსამსახურების უფროსად ბერიას დანიშვნამ რადიკალური ძვრები გამოიწვია ჩვენს უწყებაში და ჩვენი სტრუქტურების საქმიანობის ეფექტურობა გასამმაგდა. დიდი ომის სუნი ჰაერში ტრიალებდა. ევროპაში ფაშიზმი მძვინვარებდა და სპეცსამსახურები უკიდურესად გააქტიურდნენ. ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სწორი და მრავალმხრივი, ხარისხიანი ინფორმაციების მოპოვება. ამ საქმეს კი, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, საიმედო წყაროები სჭირდებოდა. მოსკოვი სავსე იყო მსგავსი წყაროებით როგორც დიპლომატიურ, ასევე სამხედრო მისიებში. მაგრამ მათგან ინფორმაციების მოპოვება არც თუ ისე იოლი იყო. ოფიციალურ შეხვედრებსა თუ ღონისძიებებზე ზედმეტ სიტყვას არავინ გეტყოდა. რა თქმა უნდა, არსებობდა ტექნიკური საშუალებებიც და ფარული მიყურადღებაც ეფექტურად ხორციელდებოდა, თუმცა, უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იყო საჭირო. ეს კი უშუალოდ, ეგრეთ წოდებული, წყაროებისგან იყო შესაძლებელი. როგორც ყოველთვის, აქაც ლავრენტი ბერიას გამჭრიახმა გონებამ და ავტორიტეტმა ითამაშა გადამწყვეტი როლი და წყაროების ალაპარაკებისა და ინფორმაციების მოპოვების მიზნით, 1939 წლის მაისში, მოსკოვში, სასტუმრო „ინტურისტსა“ და „ნაციონალში“ კაზინოები გაიხსნა. ცნობილი იყო უცხოელების, განსაკუთრებით კი უცხოელი ოფიცრების მიდრეკილება თამაშებისა და გართობისადმი და ეს ორი ადგილი, ძირითადად, უცხოური სამხედრო მისიების წარმომადგენელთა თავშეყრის საყვარელი ადგილი გახდა. იქ 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი იყო. კაზინოები მონტე-კარლოსა და ლას-ვეგასის ანალოგიურად იყო მოწყობილი. საბჭოთა სპეციალისტებმა ისეთი ფსიქოლოგიური გარემო შექმნეს, რომ კაზინოებში შესულებს საკუთარ სამშობლოში ეგრძნოთ თავი. სასმელი და თამბაქო ძალიან იაფი იყო და იმავდროულად – უმაღლესი ხარისხის, ისეთივე, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამორინეებში. მთელი მოსამსახურე პერსონალი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლებისგან იყო დაკომპლექტებული და თითოეულმა მათგანმა სპეციალური მომზადება გაიარა. მნიშვნელოვანი დეტალი ისიც იყო, რომ ამ დაწესებულებებში ლაქიებად შავკანიანი ადამიანები მუშაობდნენ, რაც ძირითადად, ამერიკელებზე იყო გათვლილი. შავკანიანებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ. ამგვარმა სქემამ, რომ იტყვიან, „უხვი მოსავალი“ მოგვიტანა და გარემოთი და სასმლით გაბრუებულმა წყაროებმა მძლავრი და მნიშვნელოვანი ინფორმაციების ნაკადი გამოუშვეს. და ეს ყველაფერი ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო.“

გენერალი ფიტინი არაფერს ამბობს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალზე ამ სქემაში, ანუ იმას, რომ კაზინოებთან არსებობდა ელიტური ბორდელი, მათი თანამშრომლები – ნარჩევ-ნარჩევი გოგონები, სპეცსამსახურის აგენტები იყვნენ და მნიშვნელოვანი ინფორმაციების ნაკადის 60 პროცენტი სწორედ მათგან შედიოდა ანალიტიკურ ცენტრში.

იაკობ კედმი: „ლავრენტი ბერიას ამერიკელებმა ტყუილად როდი უწოდეს „დაზვერვის გენია“. ამ ადამიანის საქმისადმი ინოვაციურმა მიდგომამ და ფანტასტიკურმა ორგანიზებულობამ, საბჭოთა უშიშროება მსოფლიოს ნომერ პირველ სპეცსამსახურად გადააქცია. შემდგომში უკვე მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნების სპეცსამსახურებმა სქემატურად გადაიღეს ბერიას მიერ შემუშავებული ინოვაციები. ებრაული „მოსადიც“ კი ჩემმა თანამემამულეებმა ბერიას მიერ შემუშავებული სტრუქტურებით მოაწყვეს. რა თქმა უნდა, ბერია ფრთიანი ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ მისმა „გამშავებელმა“ დასავლეთმა მისივე გამოცდილება დანერგა თავისი სპეცსამსახურების საქმიანობაში. დღეს არავის უკვირს, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა სფეროში სპეცსამსახურების ტოტალური ჩარევა. ბერიამ კი ეს სქემა ლამის 100 წლის წინ დანერგა და ძალიან ეფექტურადაც.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „კაზინოების ეფექტმა ომის წინ ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია. სწორედ კაზინო „ნაციონალში“ მოხერხდა მაიორ ვალტერ შტაინერის გადაბირება. ის შემდგომში პოლკოვნიკი გახდა და მთელი ომის განმავლობაში უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს გვაწვდიდა. შტაინერი მოთამაშე იყო, ალკოჰოლი და ქალები უყვარდა და კაზინოში 25 ათასი გერმანული მარკა წააგო... ნისიად. ხოლო როდესაც გადახდა ვერ მოახერხა, ხელწერილი დაგვიწერა თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა მის დაქვემდებარებულ საჯაშუშო ქსელზე, რომელიც მოსკოვში მოქმედებდა. შვიდკაციან ჯაშუშთა ჯგუფი მხოლოდ კონტროლზე ავიყვანეთ, მაგრამ მათთვის ხელი არ გვიხლია. თუმცა, პერმანენტული დაკვირვების ქვეშ გვყავდა და როდესაც ფაშისტები თავს დაგვესხნენ და ეს ჯგუფი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, სწორედ მათგან ვიგებდით, რა დივერსიებს გეგმავდნენ ფაშისტები მოსკოვში. სწორედ ამ ჯგუფის მეშვეობით შევიტყვეთ 1942 წლის დასაწყისში იმ დივერსიული ჯგუფების შესახებ, რომლებიც სტალინის სალიკვიდაციოდ მოსკოვში გადმოისროლეს. და ამ ყველაფერს ლავრენტი ბერიამ დაუდო სათავე. გროსმაისტერული ხელოვნებით წინასწარ გათვალა ჩვენი უწყების საქმიანობის მიმართულებები და ეს ყველაფერი იმაზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული