რატომ გაგზავნა სტალინმა კიროვი ბაქოში ბერიას დასაცავად
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 16.02

ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ თავისი მოღვაწეობა სპეცსამსახურების მიმართულებით დაიწყო და სანიმუშო ჩეკისტად ჩამოყალიბდა. თუმცა, ის ნიჭიერი პოლიტიკოსიც იყო და ამ სფეროშიც განსაკუთრებულ უნარებს ამჟღავნებდა.
იაკობ კედმი: „ბერია არაორდინარული პიროვნება იყო. თავისი იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობა 15 წლის ასაკში ბაქოს იატაკქვეშა, არალეგალურ, ბოლშევიკურ ორგანიზაციაში დაიწყო და თავის კოლეგებს შორის ყველაზე პატარა არასრულწლოვანი წევრი იყო. მას კურატორობას სერგო მირონის ძე კიროვი უწევდა და ბერია მის უშუალო დავალებებს ასრულებდა. დავალებებსა და მითითებებს კი სტალინი იძლეოდა და მომავალი საბჭოთა ბელადი ბერიას საქმიანობას ჯერ კიდევ ბერიას პირადად გაცნობამდე დიდი ხნით ადრე ეცნობოდა. როგორც მოგვიანებით თავად სტალინმა აღნიშნა, ის ბერიას საგულდაგულოდ აკვირდებოდა, სწავლობდა მას და თავად სტალინის ინიციატივა იყო ბერიას გაცნობა, მასთან დაახლოება და მისი დაწინაურება. როდესაც ბერიას ორმაგ თამაშსა და ბრიტანეთისა და მუსავატური მთავრობის აგენტობაში დასდეს ბრალი, სასამართლო მოუწყვეს და იმის დამადასტურებელი საბუთები წარმოადგინეს, რომ ბერია მუსავატებთან მუშაობდა, სტალინს სასაცილოდაც არ ეყო, რადგან მან თავად გაგზავნა ბაქოში სერგეი კიროვი, რომელმაც სასამართლოზე დაადასტურა, რომ ბერია სტალინის მითითებით თანამშრომლობდა მუსავატებთან, მათგან საჭირო საიდუმლო ინფორმაციები გამოჰქონდა და ამ ინფორმაციებს ოსტატურად იყენებდნენ ბოლშევიები. მეტიც ბაქოს აჯანყების წარმატებაში ლომის წილი სწორედ ბერიას მიუძღვოდა. ამის შემდეგ ბერია ბაქოს „ჩეკას“ საგანგებო განყოფილების უფროსად დაინიშნა. სულ რაღაც 6 თვეში კი ის თბილისში გადაიყვანეს, დააწინაურეს და 1922 წელს 23 წლის ბერია საგანგებო-ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო. ბერია დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა, არ ზოგავდა ენერგიას და ყველაფერში მაღალ პროფესიონალიზმს იჩენდა. მას დიდი წარმატებები ჰქონდა და საერთაშორისო ჩეკისტურ ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს ბერია და მისი ჯგუფი გერმანიაში იყო მივლინებული. ქართველ ჩეკისტებს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი უნდა ჩამოეყვანათ საქართველოში. თან წამოეღოთ საიდუმლო არქივი, რომელიც ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლებზე ინფორმაციებს შეიცავდა. ეს დავალება ბერიამ ბრწყინვალედ შეასრულა და არქივიც ჩამოიტანა და მისი მფლობელიც ჩამოიყვანა. იმავდროულად კი, ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი ნაცისტური მოძრაობის რიგითი წევრი გაიცნო და მისი გადაბირებაც მოახერხა. ამ ადამიანს მარტინ ბორმანი ერქვა... მოგვიანებით ბორმანი ჰიტლერის უახლოესი გარემოცვის წევრი გახდა. მის წინსვლაში დიდი წვლილი „ჩეკამაც“ შეიტანა და მოგვიანებით ბერია პირადად მისგან იღებდა ძვირფას ინფორმაციებს. უკვე საკავშირო „ენკავედეს“ უფროსი ლავრენტი ბერია სწორედ ბორმანისგან მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით გეგმავდა და ახორციელებდა ანტიფაშისტურ ოპერაციებს. ხშირ შემთხვევებში კი ბორმანს თავად აწვდიდნენ კონკრეტულ ინსტრუქციებს და ის აქტიურად მონაწილეობდა მის შესრულებაში. ერთ-ერთი ასეთი ძვირფასი ინფორმაცია იყო რუდოლფ ჰესის საიდუმლო გაფრენა დიდ ბრიტანეთში. როგორც კი ეს ფრენა განხორციელდა, სტალინი და ბერია დიდი ინტერესით ელოდნენ მოვლენების განვითარებას. ჰესი ჰიტლერთან წინასწარი შეთანხმებით გაფრინდა დიდ ბრიტანეთში. ამ ვოიაჟის მიზანი იყო, დაერწმუნებინა პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, რომ დიდ ბრიტანეთს საომარ მდგომარეობაში მყოფ გერმანიასთან სეპარატული, საიდუმლო ზავი დაედო. შემდგომ კი მათ ერთიანი ფრონტით შეეტიათ საბჭოთა კავშირისთვის. საამისოდ სპეციალური გეგმაც შესთავაზა დიდ ბრიტანეთს, სახელწოდებით – „სამხედრო ალიანსი“. ამ გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ფლოტისა და საჰაერო და სახმელეთო ძალების 70 პროცენტი ვერმახტთან უნისონში ყოველი მხრიდან ელვისებურად უნდა შეჭრილიყო საბჭოთა კავშირში. ეს იქნებოდა ისეთი მძლავრი დარტყმა, რასაც საბჭოთა კავშირი ვერ გაუძლებდა. ამ გეგმის იდეა ჰიტლერს ბორმანმა შესთავაზა და მისი მრავალსაათიანი განხილვა ჰიტლერის კაბინეტში მიმდინარეობდა. ყველაფერს ბორმანი აუდიოფირზე იწერდა. განხილვის დროს ბორმანმა თქვა ასეთი ფრაზა: ეს შეტევა რომ წარმატებით დაგვირგვინდება, უკვე ბრიტანელებსაც მჭიდრო ალყაში მოვაქცევთ, გავანადგურებთ მათ. ორ კურდღელს ერთად დავიჭერთ და ბრიტანეთის კუნძულებსაც დავიპყრობთო. როდესაც ჰესი ადგილზე ჩაფრინდა და ჩერჩილთან შეხვედრა მოითხოვა, ბრიტანელ პრემიერს უკვე მოსმენილი ჰქონდა ენკავედეს მიერ მიწოდებული ეს ჩანაწერი. ამიტომ, ჰესთან შეხვედრის მაგივრად ჩერჩილმა ჰესის დაპატიმრება და ციხეში გამომწყვდევა ბრძანა. ამ სამხედრო-პოლიტიკური კომბინაციით ბერიამ, ერთი მხრივ, საბოლოოდ ჩაშალა სავარაუდო გერმანულ-ბრიტიანული სამხედრო ალიანსი. მეორე მხრივ კი, ჰესის სახით, ჰიტლერს ძალიან საიმედო ადამიანი ჩამოაშორა. მესამე დადებითი ის იყო, რომ ბორმანს კიდევ უფრო ფართო ასპარეზი მიეცა კარიერული წინსვლისთვის და ის ჰიტლერთან ძალიან დაახლოებული ადამიანი გახდა. ბერიას გეგმით, „ენკავედეს“ კიდევ ერთი კომბინაცია ჰქონდა შემუშავებული, რომელიც გამოუვალ, უაღრესად კრიტიკულ მომენტში უნდა განხორციელებულიყო. საუბარია ბორმანის გამოყენებაზე ცოცხალ ნაღმად ფაშისტური ხელმძღვანელობისა და ჰიტლერის გასანადგურებლად. ამ გეგმის მიხედვით, ბორმანისთვის უნდა გადაეცათ „ენკავედეში“ შეკერილი სპეციალური მუნდირი. ამ მუნდირში ჩამონტაჟებული იყო მიკროსასმენი აპარატურა და ბორმანს ეტყოდნენ, რომ ის მხოლოდ ამ დანიშნულებისთვის იყო განკუთვნილი. სინამდვილეში კი მუნდირი სპეციალური ასაფეთქებელი ხსნარით იქნებოდა გაჟღენთილი და ის დისტანციური რადიოტალღით ამოქმედდებოდა. მართალია, ეს სიგნალი მხოლოდ 50 მეტრის მანძილზე მოქმედებდა, მაგრამ მაინც ძალიან ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, მოგვიანებით სტალინმა უარი განაცხადა ამ მეთოდის გამოყენებაზე, რადგან ომის შეწყვეტის გამო ტერიტორიების გაფართოებას ვეღარ შეძლებდა და ანგლო-ამერიკელები დიდ უპირატესობას მიაღწევდნენ. ამ მეთოდის გაუქმების რჩევა სტალინს ბერიამ მისცა და ბელადმაც დაუჯერა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან