რატომ ეშინოდა დასავლეთს სტალინის
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ბადალი არ ჰყოლია კაცობრიობის ისტორიაში. ის ახალი წესრიგის დამყარების მთავარი შემოქმედი იყო და მეოცე საუკუნეში გარდამტეხი როლი შეასრულა პლანეტაზე.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „მეოცე საუკუნეში, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოში გამეფებული „ცივი ომის“ ეპოქაში, პოლიტიკური ლიდერები უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნას ცდილობენ და გამწვავებული ახალი ტერიტორიული გადანაწილების საფრთხეების გამო იდეოლოგიური წინააღმდეგობებიც კი მეორე პლანზე გადასწიეს. არადა პირველად ეს საკითხი ასეთი კუთხით სტალინმა დააყენა მსოფლიოს წინაშე და თქვა, რომ იდეოლოგიური წინააღმდეგობების მიუხედავად, საჭირო იყო ერთიანი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება. საბჭოთა ბელადმა ამის შესახებ წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს. თავდაპირველად ტრუმენი დაეთანხმა სტალინს, მაგრამ მალევე უარყო ეს იდეა იმ მიზეზით, რომ რუსები (საბჭოთა კავშირი) დომინანტი გახდება ამ სტრუქტურებში, ჩვენს სრულ შთანთქმას მოინდომებს და მსოფლიოში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდებაო. სტალინი, ასევე, პირველი ინიციატორი იყო იმისა, რომ აეკრძალათ ატომური იარაღის წარმოება ახალ ქვეყნებს. ხოლო, ვისაც უკვე ჰქონდა თერმობირთვული იარაღი, შემდგომში ეს მარაგი არ გაეზარდათ. დასავლეთში არც ამ იდეამ მოიპოვა მხარდაჭერა და ისევ და ისევ რუსების (საბჭოთა კავშირის) შიშის გამო.
თავის მემუარებში ალენ დალესი წერდა: „საბჭოთა მმართველის (სტალინის) იდეები ძალიან კარგი და კაცობრიობისთვის სასარგებლო იყო. ტრუმენმა მოიწონა კიდეც ეს და მზად იყო, სტალინს შეხვედროდა მოსალაპარაკებლად. მაგრამ, ოვალურ კაბინეტში საიდუმლო მსჯელობისას მე მას ვუთხარი, რომ საქმე გვქონდა რუსებთან, კერძოდ სტალინთან და რომ ჩვენი უსაფრთხოებით ჟონგლიორობა შესაძლოა, ძვირად დაგვჯდომოდა. ტრუმენი დაფიქრდა და დამეთანხმა.“
სტალინი პოლიტიკურ ბრძოლებში უაღრესად გამობრძმედილი ადამიანი იყო. დაუფიქრებლად, გაუზომ-აუწონავად არაფერს ამბობდა, მით უმეტეს აკეთებდა. და როდესაც თავისი იდეების მხარდაჭერა ვერ მიიღო, ასეთი ისტორიული ფრაზა თქვა: დავრწმუნდი, რომ ანგლო-საქსებთან მეგობრობას, მათთან ომი ჯობიაო. ფაქტია ისიც, რომ დასავლეთს, ანგლო-საქსებს, სტალინის მიმართ თითქმის პანიკური შიში ჰქონდათ. ეს არც იყო გასაკვირი. საბჭოთა ბელადმა ხომ შეუძლებელი შეძლო და მის მიერ მართულმა ქვეყანამ ჰიტლერი დაამარცხა, რომელსაც თავიდან მთელი დასავლეთი უჭერდა მხარს, როგორც მორალურ-პოლიტიკურად, ასევე სამხედრო-ეკონომიკურად და ფინანსურად...
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ომის შემდგომ ვაშინგტონში ვიმყოფებოდი. თეთრ სახლში ბანკეტზე მიმიწვიეს. იქ, საბჭოთა კავშირში, ამერიკის ყოფილი ელჩი ჰარიმანი შემხვდა. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ და საუბარში მან მითხრა:
– იცით, რომ დასავლეთის ლიდერებს სტალინის პანიკური შიში აქვთ?
– რატომ, რამ შეაშინათ?
– თქვენი ლიდერის შეუვალობამ, სიმტკიცემ. ამას წინათ ლონდონში ვიმყოფებოდი. ჩერჩილს შევხვდი. ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლოს სტალინზე ჩამოვარდა საუბარი და გამომიტყდა, რომ არა სტალინი, ჰიტლერი ჩვენ, ბრიტანელებს ხომ გაგვანადგურებდა, მაგრამ არც თქვენ, ამერიკელებს, დაგადგებოდათ კარგი დღეო. საშიში კაცია. ძალიან საშიში. და ეს მე მთელი ჩვენი ურთიერთობის დროს კარგად ვიცოდი.
ჰარიმანის სიტყვები სტალინს მოვუყევი. მას გაეცინა, შემდგომ ჩაფიქრდა. ბოლოს კი მითხრა:
– შიშს ბევრი რამ შეუძლია. რუსთაველის აფორიზმია – შიში შეიქმს სიყვარულსაო და იქნება შევუყვარდეთ კიდეც ანგლო-საქსებს და მეგობრობის ხელი გამოგვიწოდონ? მეტი მაგათ რა ვუთხარი!
სტალინი, რა თქმა უნდა, ხუმრობდა. რამეთუ შესანიშნავად უწყოდა, რომ დასავლეთთან მხოლოდ მტკიცე პოლიტიკა ჭრიდა და ამიტომაც არ უხვევდა ამ კურსიდან. მით უმეტეს, მას მერე, რაც მისი ინიციატივები ანგლო-საქსებმა არ მიიღეს.“
საბჭოთა ბელადი, რა თქმა უნდა, მეოცე საუკუნის მთავარი მოვლენების ეპიცენტრში იდგა და გლობალურ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. დასავლეთმა მართალია, სტალინის იდეები უარყო, მაგრამ მთავარს მიაღწია. სტალინის ძალისხმევით, თერმობირთვულ ეპოქაში შესულ მსოფლიოს მესამე და დამღუპველი ომი ასცდა და კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. საგულისხმოა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში განხორციელებული სასიკეთო ძვრები და გადაწყვტილებები, სტალინის მიერ იყო ინიცირებული, მის სიცოცხლეში არმიღებული, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ გაზიარებული და სიკეთის მომტანი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი საბჭოთა ბელადი მოვლენებს ათწლეულებით წინ ჭვრეტდა და საბოლოო ჯამში, მისი იდეები მაინც განხორციელდა, კაცობრიობას წაადგა და მართალია, სხვებმა მიიწერეს, მაგრამ ავტორი სტალინი იყო.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



