ბელადები

რატომ ჩაშალა ბერიამ ანტიჰიტლერული შეთქმულება 1944 წელს

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.06

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ პოსტსტალინისტური პროპაგანდა ლავრენტი ბერიას კაციჭამია მონსტრად ხატავდა და მისი პიროვნება თაობებს შეაძულა, საბჭოთა უშიშროების მარშალი უცილობლად იყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უმთავრესი ბურჯი და დიდების კვარცხლბეკზე ის სრულიად დამსახურებულად იყოფს პირველ ადგილს იოსებ სტალინთან.

ცნობილი საბჭოთა მწერალი და სცენარისტი იულიან სემიონოვი (ნამდვილი გვარია – ლიანდერსი) გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1992 წელს, მისსავე დაარსებულ გაზეთში („სოვერშენნო სეკრეტნო“ – სრულიად საიდუმლოდ) წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას სახელი ხრუშჩოვმა ტალახში ამოსვარა და ეს ტენდენცია დღემდე (1992 წელი) გრძელდება, თავს უფლებას ვაძლევ განვაცხადო, რომ ეს ყოველივე მტკნარი სიცრუეა. ამის თქმის უფლებას კი იმ საიდუმლო საბუთების გაცნობა მაძლევს, რომლებსაც ჩემს ნაწარმოებებზე მუშაობისას წავიკითხე, განსაკუთრებით კი, „გაზაფხულის 17 გაელვების“ სცენარზე მუშაობისას. იქ, საბჭოთა „კაგებეს“ არქივების გაცნობისას, ყოველ ნაბიჯზე ლავრენტი ბერიას სახელი მხვდებოდა და შინაარსის გაცნობის შემდეგ, მისი გაანალიზებისას ვხვდებოდი, რომ ბერიაზე ნათქვამი სიტყვების 99,99 პროცენტი სიცრუე და აბსოლუტური ცილისწამებაა. ბერია იყო მკაცრი, ზოგჯერ სისასტიკესაც კი იჩენდა, მაგრამ ის თავისი საქმის პროფესიონალი იყო და სწორედ ამ პროფესიონალიზმმა მოაგებინა საბჭოეთს ომი ჰიტლერულ გერმანიასთან.“

სხვათა შორის, იულიან სემიონოვს საიდუმლო საბუთების გაცნობის შემდეგ დაებადა იდეა, რომ დაეწერა მხატვრულ-დოკუმენტური პიესა ბერიას შესახებ, საბჭოთა დაზვერვის მუშაობაზე მეორე მსოფლიო ომში. პიესის ცენტრალური იდეა იქნებოდა ის, რომ 1943 წლის მერე საბჭოეთს ხელს აძლევდა ჰიტლერთან ომი, ჰიტლერის ძალაუფლებაში ყოფნა, რათა უკვე ნათელი იყო, რომ გერმანია დამარცხდებოდა და საბჭოთა კავშირი თავის საზღვრებს გააფართოებდა. სემიონოვმა დაიწყო კიდეც თავისი იდეის განხორციელება. მაგრამ 1973 წელს „კაგებეში“ შეიტყვეს ამის შესახებ და მას (სემიონოვს) ხელნაწერები ჩამოართვეს. თან, მკაცრად გააფრთხილეს, რომ მსგავსი იდეა თავიდან ამოეგდო. სხვათა შორის, იულიან სემიონოვს 1993 წელსაც არ მისცეს ამ იდეის განხორციელების უფლება. თუმცა, იმ დროს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა. მაგრამ ახლა უკვე რუსეთს აღარ უნდოდა ბერიაზე სიმართლის გამოქვეყნება და მისი რეაბილიტაცია. მიუხედავად ამისა, ცნობილმა მწერალმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მაინც გამოაქვეყნა ამ ჩანაწერების ნაწილი თავის გაზეთში. თუმცა, იმჟამინდელმა რუსეთის მმართველობამ გაზეთის დარჩენილი ტირაჟი გაყიდვიდან ამოიღო. ხოლო რამდენიმე თვეში იულიან სემიონოვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

იულიან სემიონოვი: „1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერზე მოწყობილი ტერორისტული აქტი, რომელიც არ განხორციელდა, ანუ მიზანს ვერ მიაღწია და ფიურერი ცოცხალი გადარჩა, ბრიტანეთის დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. შემსრულებელი შტაუფენბერგი კი ბრიტანეთის დაზვერვის, „მი 6-ის“, მიერ იყო შერჩეული და წარუმატებლობის შემთხვევაში ჯაჭვი მასზე უნდა გაწყვეტილიყო, რათა შეთქმულების ბირთვი არ გამჟღავნებულიყო. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ არსებობდა სათადარიგო გეგმა და სწორედ ეს გეგმა უნდა ამოქმედებულიყო. ამ სათადარიგო გეგმის მიზანი კი, რა თქმა უნდა, ჰიტლერის განადგურება იყო. ანუ თუკი ჰიტლერს ბუნკერში ვერ მოკლავდნენ, მაშინ რჩეული სარეზერვო ძალები უნდა ჩართულიყვნენ, იერიში მიეტანათ ბერლინზე და ჰიტლერი და მისი მომხრეები დაეპატიმრებინათ. ეს იდეალური გეგმა იყო და მას ჰქონდა ერთი მინუსი – ამის შესახებ იცოდა კიმ ფილჩიმ (საბჭოთა ჯაშუში „კემბრიჯის ხუთეულიდან“) და მან, მართალია, გვიან, მაგრამ მოსკოვს ამის შესახებ შეატყობინა. ბერიამ კი ელვისებური რეაგირება მოახდინა. ინფორმაცია „გესტაპოში“ გადაგზავნა და სათადარიგო გეგმა ჩაიშალა. ჰიტლერის ერთგულმა უშიშროებამ მყისიერად შეიპყრო შეთქმულთა ბირთვი. მათ შორის გერმანიის სამხედრო დაზვერვის შეფი, ადმირალი ვილჰელმ კანარისი. შეთქმულება ჩაიშალა. ჰიტლერმა ძალაუფლება შეინარჩუნა და საბჭოთა კავშირს საშუალება მიეცა, თავისი შორსმიმავალი გეოპოლიტიკური მიზნები განეხორციელებინა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „იმ ამბებიდან 50 წელი გავიდა და ამის შესახებ უკვე შეიძლება ლაპარაკი. ბერიამ, რა თქმა უნდა, სტალინთან შეთანხმებით განახორციელა ეს ოპერაცია და ანტიჰიტლერული შეთქმულება ჩაშალა. რომ არა ეს, მაშინ ჰიტლერს სხვები შეცვლიდნენ. ისინი კი დასავლეთის მიმართ იქნებოდნენ ლოიალურები და მათთან ერთად ჩვენ შემოგვიბრუნდებოდნენ და თუ ვერ დაგვამარცხებდნენ, ევროპაში უკვე აღარ შეგვიშვებდნენ. ბერიამ კი მათ ამისი გაკეთების საშუალება არ მისცა.“

ბერიამ ბევრი რამის გაკეთების საშუალება მოუსპო დასავლეთს, თუმცა რუსეთმა არც მაშინ და არც შემდგომ დაუფასა მას ეს ამაგი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №33

15-21 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მამუკა ონაშვილი

როგორ აიტანა საშინელი ტკივილი მამუკა ონაშვილმა მეგ...