ბელადები

რატომ ჩააბარა სტალინმა ბერიას „ენკავედე“

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.03, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა უშიშროების მოდერნიზაციაში. უშიშროებას კი ანალოგიური დამსახურება აქვს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში და აქედან გამომდინარე, სწორედ ბერია იყო საბჭოეთის სიძლიერის ერთ-ერთი ურყევი ბურჯი.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „სტალინმა ბერია ტყუილად როდი გადაიყვანა მოსკოვში სამუშაოდ და ერთ-ერთი სტრატეგიული სფერო ჩააბარა. 30-იანი წლების მიწურულს ფაშიზმმა თითქმის მთელი მსოფლიო დააყენა ფეხზე და აშკარა იყო, რომ საბჭოეთ-გერმანიის გრანდიოზული შეტაკება ძალიან მალე დაიწყებოდა. აქედან გამომდინარე, ბელადმა ბერიას მიზანი ცალსახად დაუსახა – ისეთი სპეცსამსახური ჩამოეყალიბებინა, რომელიც შეძლებდა, გადაუჭრელი ამოცანები შეესრულებინა და ბერიამ ამ საქმეს წარმატებით გაართვა თავი“.

არსებობს დაუდასტურებელი ვერსია, რომ თითქოს, ბერიას ჯერ კიდევ საქართველოში მოღვაწეობის დროს ჰქონდა შედგენილი „ენკავედეს“ მოდერნიზაციის გეგმა და ეს გეგმა მან სტალინს გააცნო. საბჭოთა ბელადმა სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანა ის მოსკოვში. ფაქტია, რომ ბერიამ უმოკლეს დროში მოახერხა უძლიერესი დაზვერვის ჩამოყალიბება და ისეთი სიახლეები შეიტანა ამ საქმეში, რომ მსოფლიოს ყველა მოწინავე დაზვერვა ჩამოიტოვა.

გენერალი პავლე ფიტინი (იმ პერიოდში საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსი): „ვფიქრობ, რომ ბერიას წინასწარ ჰქონდა შედგენილი „ენკავედეს“ მოდერნიზაციის უზუსტესი გეგმა. მან ისეთი მასშტაბური სამუშაო განახორციელა უმოკლეს დროში, რომ წინასწარ გააზრების გარეშე ეს შეუძლებელი იყო. მაგალითად, ერთ-ერთ სტრატეგიულ უბანს „უკრაინა“ ერქვა . საქმე ის იყო, რომ უკრაინაში ძალიან მძლავრობდა ანტისაბჭოთა განწყობა და ამ უზარმაზარ რესპუბლიკას ძალიან დიდი რესურსები ჰქონდა საბჭოთა წესწყობილებასთან საბრძოლველად. ამიტომ, ბერიას მითითებით, უმოკლეს დროში მომზადნენ მაღალი კლასის კვალიფიციური აგენტი-ლიდერები და თითოეულმა მათგანმა უკრაინაში ჩამოაყალიბა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იატაკქვეშა ნაციონალური ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებში საკმაოდ ბევრი ადამიანი გაწევრიანდა. მათ კავშირები დაამყარეს, როგორც ჰიტლერულ დაზვერვასთან, ასევე მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნების სპეცსამსახურებთან, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებდნენ, აიარაღებდნენ და დაგეგმეს კიდეც, რომ ეგრეთ წოდებულ, „იქს“ დღეს უნდა გამოსულივნენ საბრძოლველად. თუმცა, მათმა სპონსორებმა არ იცოდნენ, რომ ეს ქსელები საბჭოთა კონტრდაზვერვის მიერ კონტროლირდებოდა და შესაბამისი ღონისძიებებიც იყო მიღებული „იქს“ დღეს მათ გასანეიტრალებლად, რაც შემდგომში დიდი წარმატებით განხორციელდა“.

არსებობს სტატისტიკა, რომ „ენკავედეს“ მიერ კონტროლირებად, არალეგალურ უკრაინულ ორგანიზაციებში მილიონამდე ადამიანი იყო გაწევრიანებული და როდესაც ჰიტლერი საბჭოეთში შემოიჭრა და ფაშისტებს მათი იმედი ჰქონდათ, ამ არმიის უდიდესი ნაწილის ბლოკირება წარმატებით განხორციელდა. თანაც ისე, რომ მათი მაკონტროლებლები არ გაშიფრულან.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „უკრაინაულ ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება დავაგროვე და ბერიამ ეს სფერო სწორედ მე ჩამაბარა. რომ იტყვიან, თითოეული მათგანი ხელის გულზე გვყავდა დასმული და სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა ამ უზარმაზარმა არმიამ ჩვენთვის ისეთი ზიანის მიყენება, რისი იმედიც ჰქონდა ფაშისტურ დაზვერვას. მართალია, ომის პირველ თვეებში გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით გავართვით თავი ამ ამოცანას და მათი ბლოკირება მოვახერხეთ. ის აურაცხელი იარაღი და სხვა დივერსიული აღჭურვილობები, რაც მათ ჰქონდათ, ჩენს ხელში აღმოჩნდა და შემდგომ ეს ყველაფერი პარტიზანებმა გამოიყენეს. ასევე, მოვახერხეთ მათი საკმაოდ დიდი მასის გადმობირებაც.“

სუდოპლატოვი სიმართლეს ლაპარაკობს, თუმცა, იმას არ ამბობს, რომ გადაბირებულ ნაციონალისტებს ბოლომდე არ აპატიეს დანაშაული და ვინც ფაშისტებთან ომში გადარჩა, ყველა მათგანი გააციმბირეს.

ბორის სოკოლოვი: „სხვათა შორის, როცა ომი დასრულდა გავიმარჯვეთ და ცოცხლად გადარჩენილი მონანიებული ნაციონალისტების გაციმბირების პროცესი დაიწყო, ბერიას სტალინისთვის უთქვამს, რომ ეს პროცესი შეეფერხებინა, თუმცა მისგან სასტიკი უარი მიიღო“. ბერიასგან განსხვავებით, სტალინს მტკიცედ მიაჩნდა, რომ ერთხელ ღალატის გზაზე დამდგარი ადამიანი შესაძლოა, კვლავ მოღალატე გამხდარიყო და სწორედ ამიტომ არ ენდო მათ და გააციმბირა.

სერგო ბერია: „ეგრეთ წოდებული „მონანიებულ“ ნაციონალისტთა პრობლემა მამას ძალიან აღელვებდა. თუმცა სტალინის ნებას ვერ შეეწინააღმდეგა და როგორც უკრაინელები, ასევე, სხვა რესპუბლიკების ყოფილი მოღალატეებიც ციმბირში გაუშვა. მამამ მხოლოდ ერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი და მოკლედ თქვა: ჩემი აზრით, ამ საკითხში სტალინი შეცდა და ეს ბუმერანგივით მოგვიბრუნდებაო.

ბერიაზე ვერ ვიტყვით, რომ ის ფრთიანი ანგელოზი იყო, მაგრამ თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით უფრო ჰუმანური ჩანდა, ვიდრე სხვა საბჭოთა მეთაურები, მათ შორის, თავად ბელადიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი