ბელადები

რატომ აუკრძალა ბერიამ თავის ხელქვეითებს გუვერისთვის აგენტობის შეთავაზება

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.04, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია დღემდე, ძირითადად, მხოლოდ სისხლიანი ჯალათის რეპუტაციით სარგებლობს. თუმცა, რეპრესიული აპარატის მართვის გარდა, ამ ადამიანს განუზომელი დამსახურება აქვს საბჭოეთის წინაშე და უზარმაზარი წვლილი მიუძღვის საბჭოთა საგარეო დაზვერვის წარმატებულ საქმიანობაში.

სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი იხსენებდა: „სტალინის ბიოგრაფიულ წიგნზე მუშაობის პერიოდში ძალიან ნიშანდობლივ მოხსენებით ბარათს მივაკვლიე, რომელიც 1940 წლით იყო დათარიღებული და ის ბერიას ეკუთვნის. მისი შინაარსის მიხედვით ირკვევა, რომ საბჭოთა დაზვევამ მოიპოვა მნიშვნელოვანი კომპრომატი შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, გავლენიან წარმომადგენელზე და ის, არც მეტი, არც ნაკლები, „ეფბეერის“ (გამოძიების ფედერალური ბიურო) ლეგენდარული შეფი ედგარ გუვერია... ბერია სტალინს ნებართვას სთხოვს, რომ გუვერის დამუშავება დაიწყონ. და მან ასეთი ნებართვა მიიღო კიდეც სტალინისგან.“

ბერიას სტალინის ნებართვა იმისთვის სჭირდებოდა, რომ შეერთებული შტატებისა თუ სხვა ძლიერი სახელმწიფოს ასეთი მაღალი რანგის მოხელის გადაბირების ოპერაციას, გამჟღავნების შემთხვევაში, შესაძლოა, უდიდესი საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ამას კი სავარაუდოდ გაუთვალისწინებელი რამ მოჰყვებოდა და ბელადის „ვიზაც“ ამიტომ იყო საჭირო.

გენერალი პავლე ფიტინი (საბჭოთა საგარეო დაზვერვის უფროსი): „გუვერი ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო და მისი გადაბირება შეუძლებლად გვესახებოდა და არც კი გვიცდია. ბერიას მითითებით, მასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევაც კი წარმატებად ჩაითვლებოდა. ასეთი შეთანხმება მართლაც შედგა და შემდგომში „ეფბეერის“ შეფი პატარ-პატარა საქმეებში გვეხმარებოდა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე, სხვა ქვეყნებში, სადაც ამერიკას გავლენა ჰქონდა. ეს „პატარ-პატარა“ დახმარება ძირითადად გამოიხატებოდა ჩვენი ჩავარდნილი აგენტების უკან დაბრუნებაში, როგორც შტატებიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. „ეფბეერის“ შეფი ისეთ კონფიდენციალურ ინფორმაციებსაც გვაწვდიდა, რომლებიც მის ქვეყანას არ აზიანებდა. მაგალითად, ჩვენ გუვერმა მოგვაწოდა ინფორმაციები, ეგრეთ წოდებული, „ღერძის სახელმწიფოების“ (გერმანია, იტალია, იაპონია) საიდუმლო მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც „ეფბეერს“ ჰქონდა მოპოვებული და საბჭოეთის თემას შეეხებოდა. სხვათა შორის, ჩვენი მხრიდანაც იყო ეპიზოდები, როდესაც ანტიამერიკულ ინფორმაციებს პირადად გუვერს ვაწვდიდით. ის კი ამის რეალიზაციას ახორციელებდა და ავტორიტეტს იმაგრებდა. ეს, ერთი შეხედვით, ურთიერთთანამშრომლობას ჩამოჰგავდა და გუვერისთვის ასეთი სახით იყო მიწოდებული. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. გუვერი მუდმივი დაძაბულობის ქვეშ გვყავდა და ნებისმიერ შემთხვევაში შეგვეძლო მისი გაწირვა, თუმცა ეს ჩვენთვის არ იყო ხელსაყრელი...“

კომპრომატის მოპოვებას გუვერის წინააღმდეგ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და ბერიას გეგმას უკავშირდება. ეს გეგმა იყო ამერიკის იტალიურ მაფიაში „ენკავედეს“ აგენტების ჩანერგვა, რაც დიდი წარმატებით განახორციელდა. „კოზა ნოსტრაში“ რამდენიმე წარმატებული აგენტი მყარად იყო ჩანერგილი, ამასთან საკმაოდ მაღალი რანგით. ერთ-ერთმა მათგანმა კი, ვინმე „კურიერმა“ (აგენტის ფსევდონიმი), მაფიის შეფების სეიფსაც „მოარგო გასაღები“. იქ კი უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებთან ერთად, რომლებიც „ცენტრში“ (მოსკოვში, „ლუბიანკაზე“ გადაიგზავნა, აღმოჩნდა, აუდიოჩანაწერები და ფოტოები, სადაც მაფიის ბოსებთან გუვერის საიდუმლო შეხვედრები იყო დაფიქსირებული (კომპრომატი თავად მაფიოზებმა ჩაიწერეს და გადაიღეს), ასევე მაფიის „შავი ბუღალტერია“. იქ სკურპულოზური სიზუსტით იყო მითითებული, რამდენ თანხას უხდიდნენ ყოველთვიურად მაფიოზები გუვერს „მშრალი კანონის“ პერიოდში. ანუ, გუვერი „კრიშავდა“ ალკოჰოლის არალეგალურ შეტანას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ასევე, ხელს უშლიდა და აპატიმრებდა მათ კონკურენტებს და ამ საქმეში მას, საერთო ჯამში, 5 მილიონი დოლარი ჰქონდა გამომუშავებული, რაც იმ პერიოდში უზარმაზარი თანხა იყო. ბერიას უწყებას სხვა კომპრომატებიც ჰქონდა გუვერის წინააღმდეგ. საკმარისი იყო ბერიას უწყებაში არსებული კომპრომატებიდან ნებისმიერი საბუთის გამოქვეყნება, რომ ამით გუვერის კარიერა არა მარტო დასრულდებოდა, არამედ „ეფბეერის“ შეფს მუდმივ პატიმრობას მიუსჯიდნენ.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „როდესაც გუვერის წინააღმდეგ მოპოვებული კომპრომატების თაობაზე ბერიამ ვიწრო წრეში საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელზედაც მათ რეალიზაციაზე ვმსჯელობდით, სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. ზოგიერთი ჩვენი კოლეგა პირდაპირ აცხადებდა – გუვერი სრულად გადავიბიროთო, მაგრამ ბერიამ ამაზე უარი განაცხადა და მან ასე დაასაბუთა ეს უარი – გუვერი ჩენს აგენტობაზე არ წამოვა და სავარაუდოდ კი არა, დიდი ალბათობით, თავს მოიკლავს. ამიტომ, ჯობია, მას ეს ისე მივაწოდოთ, თითქოს ვთანამშრომლობთ და ღირსება არ შევულახოთო. ბერიას გეგმამ, ისევე, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც გაამართლა და „ეფბეერის“ შეფისგან საკმაოდ დიდი სარგებელი მივიღეთ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი