ბელადები

რატომ აირჩია ვატიკანი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ბერიამ

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 22.09

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია თავისი საქმის ასი იყო და უმაღლეს დონეზე ახორციელებდა თავის მოვალეობებს. მართალია, მან ყველა სფეროში, რასაც კი ხელი მოჰკიდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მთავარი მისი წარმატება მაინც სპეცსამსახურები იყო.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბერია სპეცსამსახურების გამოყენებით ნებისმიერ სფეროში აღწევდა წარმატებებს. ხოლო ასეთი მაღალი დონის სპეცსამსახური, რა თქმა უნდა, მისივე შექმნილი იყო. ბერია 1938 წლის მიწურულს დაინიშნა საკავშირო „ენკავედეს“ ხელმძღვანელად. მას ამ უწყების მოდერნიზების გეგმა ჰქონდა. ბერიამ „ენკაედე“ ძალიან მოკლე დროში, რომ იტყვიან, უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ბერიას კომპლექსურმა რეფორმებმა, რომლებიც მალევე ძალიან ეფექტურად განხორციელდა, საბჭოთა უშიშროება ქვეყნის პოლიტიკის გამტარად გადააქცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთაც. ბერია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა უნივერსალი აგენტების მომზადებისა და გადაბირების საქმეს. 1941 წლის დასაწყისისთვის, ანუ დიდი სამამულო ომის წინ, ბერიას წყალობით, საბჭოთა დაზვერვას ევროპაში ფართო აგენტურული ქსელი ჰქონდა, რომლებიც ცენტრში უძვირფასეს ინფორმაციებს აგზავნიდნენ.“

გენერალი პავლე ფიტინი: „ბერიას მიერ შექმნილი, ეგრეთ წოდებული, ევროპული ქსელი ძალიან ეფექტურად მუშაობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბერიას ბრძანებით, თვით ვატიკანშიც კი შევაღწიეთ და იქ ჩვენი, როგორც ჩანერგილი, ასევე გადაბირებული აგენტურა გვყავდა. რა თქმა უნდა, ევროპაში აგენტურულ ქსელებს ჩვენს ხელმძღვანელად ბერიას დანიშვნამდეც ვქმნიდით, მაგრამ ვატიკანი ჩვენი ინტერესების სფეროში არ შედიოდა. ბერიამ კი სწორედ ვატიკანზე გააკეთა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და არც შემცდარა. ბერია ძალიან შორსმჭვრეტელი, ანალიტიკური გონების ადამიანი იყო. ის ღრმად ჩასწვდა, თუ რა დიდი გავლენა ჰქონდა ვატიკანს ევროპულ და მსოფლიო პოლიტიკაზე და სწორედ ამიტომაც დაგვავალა იქ შეღწევა და ასპროცენტიანი შედეგიც მივიღეთ. ვატიკანიდან გამოგზავნილი ინფორმაციების ანალიზი დიდ სარგებელს იძლეოდა და ჩვენი მთავრობა ამას წარმატებით იყენებდა საერთაშორისო პოლიტიკაში. ბერიას წყალობით, ჩვენმა აგენტურამ ძალიან ღრმად შეაღწია როგორც ვატიკანის კარდინალთა საბჭოში, ასევე, ვატიკანის ბანკშიც. ამ აგენტების წყალობით კი შევიტყვეთ, რომ ვატიკანის ბანკი მილიარდობით უკანონო სავალუტო ოპერაციებს ახორციელებდა და კომუნიზმის, ანუ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად კოლოსალურ თანხებს ხარჯავდა. ერთი სიტყვით, ბერიას მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა ძალიან დიდი მტერი გაგვაშიფრინა. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ვატიკანი ადოლფ ჰიტლერის დიდი გულშემატკივარი და დამხმარე აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი უწყების ძალისხმევით, რაც ბერიასგან მომდინარეობდა, ამ პროცესის შემოტრიალება და კონტროლი დავიწყეთ.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერიას მიგნებამ, ვატიკანთან დაკავშირებით, მართლაც რომ, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენი უწყების წარმატებულ საქმიანობაში. გარდა იმისა, რომ ბერიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად ვატიკანის მიმართულება დაგვისახა, მან უშუალო სქემატური მითითებებიც მოგვცა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა ამ კუთხით. ერთ-ერთ თათბირზე ბერიამ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გვითხრა: აგენტურული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უნდა იყოს არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციაზე: ეს ხერხი, ძიითადად, აგენტურის გადაბირებისას უნდა გამოიყენოთო. პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ მიერ ვატიკანში ჩანერგილი აგენტების საკმაო ნაწილი ჰომოსექსული იყო და მათი მომზადება საგანგებო სკოლაში, სპეციალურ ჯგუფებში ხორციელდებოდა. ასეთივე კურსი იყო აღებული აგენტურის გადაბირებისას და ვატიკანის კარდინალთა საბჭოში შერჩეულ სამიზნეებს სწორედ ამ კუთხით ვუდგებოდით.

არატრადიციული ორიენტაცია იმ წლებში (დღევანდელთან განსხვავებით) უდიდეს დანაშაულად მიიჩნეოდა. მით უმეტეს, ვატიკანში და ასეთი ადამიანების აგენტებად გადაბირება ასიდან ას შემთხვევაში ხორციელდებოდა. ანუ ლავრენტი ბერიამ სწორად გაიაზრა და ამიტომ ეს საქმე დიდი წარმატებით მიიწევდა წინ. როგორც მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მსოფლიო პრესა წერდა: ვატიკანში მოღვაწეთა მეხუთედი საბჭოთა „კაგებეს“ აგენტიაო. თუმცა, სუდოპლატოვის მტკიცებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბერიას მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი აგენტურული ქსელი დღემდე ქმედითუნარიანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა