რატომ ააშენა ბერიამ საქართველოში ძვირფასეულობის ორი საცავი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
ლავრენტი ბერია უნიჭიერესი ადამიანი იყო და ყველაფერს ერთი ხელის მოსმით უმოკლეს დროში ითვისებდა. განსაცვიფრებელია ბერიას თავბრუდამხვევი კარიერა, რომლის დროსაც ბერია რიგითი რევოლუციონერ-არალეგალიდან და „ჩეკისტიდან“ მნიშვნელოვან და გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწედ გადაიქცა.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერია თავისი ნიჭითა და გავლენით, სტალინის შემდეგ, პირველი კაცი იყო ამ უზარმაზარ სახელმწიფოში და მას ამაში ვერავინ შეედრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტბიუროში მასზე ძველი თაობის ბოლშევიკები იყვნენ, ვინც ჯერ კიდევ ლენინთან ერთად აფუძნებდნენ საბჭოთა კავშირს, ბერიას დიაპაზონის პიროვნება იქ არ მოღვაწეობდა. სტალინმა ბერია ჯერ კიდევ 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნო ახლოს. მანამდე კი ინფორმაცია ჰქონდა სერგეი კიროვისგან, რომ ბაქოს იატაკქვეშეთში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა რევოლუციონერი მოღვაწეობდა, რომელსაც დიდი სარგებელი მოჰქონდა ბოლშევიკებისთვის. ბერიამ ეს სასარგებლო ბოლშევიკური მოღვაწეობა უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს გააფართოვა და მნიშვნელოვანი „ჩეკისტისგან“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე დადგა. ლავრენტი ბერია ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ უფროსი იყო, როდესაც სტალინს უამრავი ინოვაციური წინადადებით მიმართავდა და საბჭოთა ბელადი მას მოქმედების საშუალებას აძლევდა. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, მაგრამ ბერიამ სტალინს წარუდგინა პროექტი, რომელიც სტალინმა ჯერ კიდევ 1940 წლის მიწურულს დაამტკიცა, თუმცა მისი განხორციელება ომის გამო არ მოხერხდა. ამ პროექტის მიხედვით, საქართველოს შავიზღვისპირეთი და სოჭი-ტუაფსეს მონაკვეთი თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა გამხდარიყო, სადაც ჩაიდებოდა უზარმაზარი უცხოური ინვესტიციები და პირველი ხუთი წლის განმავლობაში ინვესტორი გათავისუფლებული იქნებოდა გადასახადებისგან. შემდგომ კი გადაიხდიდა. ამ პროექტში ერთი ფანდი იყო ჩადებული, რომელიც სავარაუდოდ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ შეისხამდა ხორცს. როდესაც ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა სრული დატვირთვით ამუშავდებოდა, გამოვიდოდა მთავრობის დადგენილება იმის თაობაზე, რომ სოჭი-ტუაფსეს მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიული ერთეული გამხდარიყო. ეს კი ეკონომიკური მიზანშეწონილობით აიხსნებოდა. ამგვარად, ბერია დაუბრუნებდა საქართველოს თავის ძირძველ მიწებს და ორმაგი სარგებელი იქნებოდა როგორც საქართველოსთვის, ასევე, საბჭოთა კავშირისთვის. თუმცა, ეს პროექტი ჯერ 1940 წელს შეჩერდა, შემდგომ 1953 წელს განახლდა, მაგრამ ბერიას ვერაგულმა მკვლელობამ ბოლო მოუღო ამ პროექტს, რომელსაც ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ზოგადად, ბერია ყოველთვის ახერხებდა, რომ სამშობლოსა და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დამთხვეოდა. ამას კი ლავრენტი პავლეს ძე დიდი ოსტატობით ახორციელებდა ყოველთვის. მაგალითად, ბერიას უშუალო, საიდუმლო მითითებით, რომელსაც სტალინის პირადი რეზოლუცია ედო, 1948-1950 წლებში თბილისში აშენდა ოქროსა და ძვირფასი ქვების საცავი. ასეთივე საცავი აშენდა რაჭის მიუვალ მთებში და ამ საცავებში აურაცხელი სიმდიდრე იყო დაგროვილი. ზოგიერთი მონაცემით, საქართველოში ინახებოდა საბჭოთა კავშირის ოქროს მარაგის მეხუთედი და ამდენივე პროცენტული რაოდენობა ძვირფასი ქვებისა. ბერიას ძალისხმევით, ურალისა და ციმბირის ოქროსა და ძვირფასი ქვების 196 საბადოდან 145 საბადოს უფროსი ან ქართველი იყო, ან საქართველოში დაბადებული და გაზრდილი პიროვნება. ამ საბადოებში მოპოვებული განძის დიდი ნაწილი შესანახად საქართველოში, ამ საცავებში იგზავნებოდა. 1953 წლის სექტემბერში საქართველოში სამხედროების სპეციალური ჯგუფები ჩამოვიდნენ და მათ ეს ძვირფასეულობა სპეციალურ ყუთებში ჩატვირთეს და რუსეთში გაიტანეს. თბილისის საცავი მტკვრის წყლით დატბორეს. რაჭის საცავი კი ააფეთქეს და შესასვლელი ჩახერგეს. მოგვიანებით, მთელი ეს გატანილი სიმდიდრე, ხრუშჩოვის უნიათო პოლიტიკის წყალობით, განიავდა და სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ მარცვლეულს აწარმოებდა, იძულებული გახდა, ეს კულტურა ვალუტაზე, საზღვარგარეთ შეეძინა და მთელი ამ ნაგროვები სიმდიდრით პური შეესყიდა. ლავრენტი ბერია დიდ სამხედრო და პოლიტიკურ პროექტებთან ერთად სამრეწველო და აგრალურ პროექტებსაც ედგა სათავეში და მიაჩნდა, რომ ამას ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ ერთი, რომ ბერიას სიცოცხლის შემთხვევაში ხრუშჩოვი ასეთ რამეს ვერ გაბედავდა. ხოლო, რომც დაეპირებინა, სიკვდილით დასჯას თუ არა, ციხეს მაინც ვერ ასცდებოდა.
საოცარი, თითქმის აუხსნელი ფაქტია ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების წარმატებული განხორციელება. ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტს ბერიას მხრიდან ყურადღების მოდუნებით ხსნის. მაგრამ, მიზეზები კიდევ უფრო ღრმად უნდა იყოს. დიდი ალბათობით ამ დასკვნამდე გამოჩენილი დასავლელი მკვლევარ-ექსპერტებიც მივიდნენ, ბერიას წინააღმდეგ შეთქმულებას სათავეში ედგნენ დასავლეთის სპეცსამსახურები. ხოლო ხრუშჩოვი და ბანდა კი შემსრულებლები იყვნენ. ანუ ხრუშჩოვს მიმართულებას უცხოელი ემისრები აძლევდნენ და მათვე გადასცეს ხრუშჩოვს კარგად გამზადებული, დამუშავებული გეგმა. ასე იყო თუ ისე, ბერიას მოშორებით საბჭოეთის რღვევა დაიწყო“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



