ბელადები

რაში დასჭირდა დასავლეთს სტალინის სალიკვიდაციო სპეცოპერაცია

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.01

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინზე უამრავი წიგნი თუ სხვა სახის პუბლიკაცია და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმია შექმნილი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მასზე ყველაფერია ცნობილი. თუმცა ეს მცდარი ვარაუდია და სტალინი, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებად რჩება...

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსოვი, მწერალი, სპეცსამსახურების ექსპერტი: „სტალინი, რა თქმა უნდა, იდუმალი პიროვნებაა. ერთი შეხედვით მასზე ყველაფერია ცნობილი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, მისი ბიოგრაფია იდუმალებითაა მოცული, განსაკუთრებით ეს ეხება „კობას“ იატაკქვეშა მოღვაწეობის ადრეულ პერიოდსა და სტალინის სიცოცხლის ბოლო კვირებს. იდუმალების ბურუსშია გახვეული სტალინის გარდაცვალება და არსებობს ძალიან დამაჯერებელი ვერსია იმის შესახებ, რომ საბჭოთა ბელადი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ის ძალადობრივი მეთოდებით გამოესალმა სიცოცხლეს და საამისოდ საწამლავი გამოიყენეს...“

რუსეთში შეიქმნა სტალინის სიკვდილის შემსწავლელი კომისია, რომელსაც მიხეილ პოლტორანინი ხელმძღვანელობდა და მან პირდაპირ განაცხადა, რომ იოსებ სტალინი მოწამლეს.

მიხეილ პოლტორანინი: „სტალინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საარქივო დოკუმენტი გულდასმით შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ ჯერ ერთი, აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელიც ნათელს მოჰფენდა ამ ამბავს, მაგრამ მათ გარეშეც ნათელია, რომ სტალინი მოკლეს. აგრეთვე, შეცვლილია რამდენიმე სამედიცინო დასკვნა (მათ შორის, მთავარი დასკვნაც) და უამრავი შეუსაბამობაა. გარდა ამისა, მოულოდნელად გარდაიცვალა რამდენიმე ისეთი ადამიანი (იმ დღეებში, ზოგიერთი მათგანი, ჯერ კიდევ სტალინის დაკრძალვამდე), ვისაც ნათელის მოფენა შეეძლო ამ საქმეზე და ისინი შეთქმულებმა მოიშორეს. შეცვლილია ასევე სტალინის გაკვეთის ცნობა. ოფიციალურ დასკვნაში წერია, რომ სტალინის ორგანიზმში არანაირი ტოქსიკური ნივთიერება არაა აღმოჩენილი. თუმცა, ჩვენმა კომისიამ მიაგნო ექიმის ჩანაწერებს და იქ პირდაპირ წერია, რომ ორგანიზმში საწამლავის დიდი დოზის კვალი იყოო. ის ექიმი გაკვეთას ესწრებოდა, ოფიციალურ დასკვნას ხელი არ მოაწერა. მეტიც, ცენტრალურ კომიტეტში წერილი გაგზავნა, სადაც სტალინის მოწამვლაზე წერდა და ეს კაცი რამდენიმე დღეში გულგახეთქილი იპოვეს... ჩვენი კომისიის ერთსულოვანი მოსაზრებაა, რომ სტალინს შეთქმულება შინაურებმა, მისი მეტ-ნაკლები ნდობით აღჭურვილმა პირებმა მოუწყვეს. ხოლო ამ ბოროტმოქმედების შემკვეთი კი დასავლეთი იყო. ყოველ შემთხვევაში, მათ (დასავლეთმა) დიდად შეუწყვეს ხელი სტალინის მკვლელობას. ამის მიზეზი კი ეგრეთ წოდებულ „კოლექტიურ დასავლეთს“ უხვად ჰქონდა...“

ისტორიის სერიოზული მკვლევრები, მათ შორის დასავლეთშიაც, საკმაოდ თამამად აცხადებენ, რომ სტალინის გარდაცვალება იყო სპეცოპერაცია. ეს სპეცოპერაცია, დასავლეთის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს და მის განხორციელებას 2 წელიწადი მოანდომეს.

იაკობ კედმი: „ის, რომ სტალინი ძალადობრივად მოკლეს და მოწამლეს, ფაქტობრივად, დადასტურებულია. ეჭვს არ იწვევს არც ამ ბოროტმოქმედების შემკვეთ-დამხმარეს ვინაობა და ესაა დასავლეთი. მიზეზი კი ის იყო, რომ სტალინს დასავლეთზე შეტევის მრავალეტაპიანი გეგმა ჰქონდა შემუშავებული. ეს მოიცავდა ეკონომიკურ, იდეოლოგიურ და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ასპექტებსაც. გადავხედოთ ისტორიას — 1951 წლის დასაწყისში სტალინმა მოსკოვში შეკრიბა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხელმძღვანელი (იუგოსლაველი ტიტოს გარდა). შეხვედრა დახურული იყო, საიდუმლო ხასიათს ატარებდა და მოწვეულთა გარდა, მხოლოდ პოლიტბიუროს წევრები ესწრებოდნენ. სამი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ, ბოლოს კი მიიღეს საიდუმლო დოკუმენტი. რის მიხედვითაც, სოციალისტური სახელმწიფოების საერთო არმია 8 მილიონამდე უნდა გაზრდილიყო. სოციალისტური ქვეყნების რესურსები უნდა გაერთიანებულიყო და საერთო ეკონომიკური პოტენციალი გაეზარდათ, აგრეთვე, გაძლიერებულიყო სოციალისტური აგიტაცია-პროპაგანდა, მათ შორის კაპიტალისტურ ქვეყნებში და არალეგალურად. მეტი სიგნალი დასავლეთს რაღად უნდოდა? მათ, თავიანთი აგენტების მეშვეობით პოლიტბიუროს წევრებს ანტისტალინური შეთქმულება მოაწყობინეს და მთავარი ფიგურა მოიშორეს, ხოლო თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ეს აგენტები, ჭკვიანი ადამიანისთვის ძნელი მისახვედრი არაა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი