ბელადები

რა სპეცოპერაცია ჩაატარა „ენკავედემ“ თურქეთში, ბერიას დავალებით

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.05, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიამ რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერში წარმატებას მიაღწია, ამასთან, ყველა დარგში, თუმცა, დღემდე ის ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელი. ბერია ამ როლს მართლაც დიდი წარმატებით ასრულებდა. სტალინი კი ამ უწყებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა.

ბორის სოკოლოვი: „პარალელურად იმისა, რომ ბერია საბჭოთა უშიშროებას მეთაურობდა, ეს ადამიანი საკმაოდ მსხვილი კალიბრის პოლიტიკოსიც იყო. ის ერთნაირი წარმატებით ერკვეოდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაშიც, რასაც თავის უწყებას უდიდესი წარმატებით იყენებდა. რა დასამალია და საბჭოთა პოლიტიკის გასატარებლად ბერია ყველა ზომას მიმართავდა, მათ შორის, ყველაზე უკიდურესსაც. ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ფრანც ფონ პაპენზე თავდასხმა...“

1939-1944 წლებში ფრანც ფონ პაპენი გერმანიის ელჩი იყო თურქეთში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჰიტლერის შემოჭრამდე ბერიას უტყუარი ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ ფაშისტური გერმანიის მმართველთა ერთი ჯგუფი ჰიტლერის დამხობას, მის ადგილზე ფონ პაპენის დანიშვნასა და ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას გეგმავდა. ბერიამ რომ სტალინს ეს ინფორმაცია მიაწოდა, ბელადმა ამ ვითარების განეიტრალება მას დაავალა და ბერიაც ამოქმედდა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „გავრცელებული ვერსიით, 1941 წლის 18 ივნისს, ანუ იმ დღეს, როცა ბერიამ სტალინს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა, სტალინმა პაპენის ლიკვიდაცია თავად ბერიას დაავალა. იმ პერიოდში გერმანია ბრიტანეთს უტევდა და მათი მშვიდობიანი შეთანხმება ჩვენს (საბჭოთა კავშირის) წისქვილზე წყალს არ ასხამდა. თუმცა, ეს ვერსია არაა სწორი. ბერიას სტალინმა სიტუაციის განეიტრალება დაავალა. ოთხი დღის მერე კი ჰიტლერი უკვე თავს დაგვესხა და ფიურერის გადაყენების საკითხი არარეალური იყო. ჩვენ, ასევე, გვქონდა ინფორმაცია, რომ ჰიტლერი ფონ პაპენს ავალებდა, დაეყოლიებინა თურქეთი, რათა ის ჩვენ წინააღმდეგ ომში ჩართულიყო. ასე რომ, ნეიტრალიზაციის ოპერაცია კვლავ ძალაში რჩებოდა და საჭირო იყო უკვე თურქეთის განეიტრალება. მაგრამ ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ არ შექმნილიყო დაძაბულობა. ბერიამ, საკმაოდ მახვილგონივრული გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც ნაუმ ეიტინგონს დაევალა.“

ნაუმ ეიტინგონი ის ადამიანი იყო, ვინც ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაცია განახორციელა. ნაუმოვის გვარით, ეიტინგონი ანკარაში 1942 წლის თებერვალში ჩავიდა და ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა. 24 თებერვალს, თურქული წარმოშობის ბულგარელს, ომერ ტოკატს ხელში აუფეთქდა „ტელეფუნკენის“ რადიომიმღები, რომელშიც ნაღმი იყო ჩამონტაჟებული და ის ადგილზევე დაიღუპა. ტოკატი „ენკავედეზე“ მუშაობდა. დაქირავებული ტერორისტი იყო და ფულს უხდიდნენ აფეთქების დროს ელჩი ფონ პაპენი და მისი მეუღლე სახლში მიდიოდნენ და აფეთქებიდან 70 მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ. ისინი აფეთქების ტალღამ წააქცია. თუმცა უვნებელნი გადარჩნენ. (მართალია, ამის გამო ორი საბჭოთა მზვერავი დააპატიმრეს და 20-20 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ორივე გაათავისუფლეს). იმავე საღამოს თურქი პრემიერის ავტომობილში ნაღმი აღმოაჩინეს. შუაღამეს კი თურქეთის უშიშროებას დანაღმულ ადგილთა სქემა მიუვიდა, თურქეთის რამდენიმე ქალაქის აღნიშვნით. იქვე მიწერილი იყო, რომ ნაღმები ორჯერ მეტ ადგილზე იყო ჩადებული, რომლებიც სქემაში არ იყო აღნიშნული. თურქეთის უშიშროებამ ყველა ნაღმი გააუვნებელყო. ამ ქმედებების მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ თურქეთის მთავრობა სწორად მიხვდა ყველაფერს და საბჭოეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ფონ პაპენმა კი აქტიურობას მოუკლო. ამ ბერიასეულ გეგმას მხოლოდ დაქირავებული ტერორისტი შეეწირა, რომელიც „ენკავედეს“ აგენტებმა დისტანციურად ააფეთქეს.

ბორის სოკოლოვი: „სტალინის დავალება, რა თქმა უნდა, ბერიამ წარმატებით შეასრულა და „თურქული ფლანგი“ დასტაბილურდა. თუმცა, დაქირავებული ტერორისტის მიმართ ვერაგობა გამოიჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია სპეცსამსახურების მოქმედება მსოფლიოს თითქმის ყველა ანალოგიურ უწყებაში და ზოგჯერ არა თუ დაქირავებულს, სასურველი მიზნების მისაღწევად თავისიანსაც კი სწირავენ.“

ბერიას გეგმა, რა თქმა უნდა, ვერაგობის არც თუ ისე მცირე დოზას შეიცავდა, მაგრამ თავად ბერია და სხვა მისი კოლეგები ამ ქმედებას იმით ამართლებდნენ, რომ ერთი მხრივ, ამით დიდი საქმე გაკეთდა, მეორე მხრივ კი, ამ საქმეში ის დაქირავებული ტერორისტი გამოიყენეს, რომელსაც არა ერთი ადამიანი ჰყავდა საიქიოში გასტუმრებული. ზოგი მიიღებს ამ ახსნას, ზოგიც არა, მაგრამ ნათელია ის, რომ დიდი პოლიტიკა მსხვერპლისა და ვერაგობის გარეშე არ კეთდება.

ნიკა ლაშაური

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი