ბელადები

რა რეფორმები გაატარა ბერიამ „ენკავედეში“

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ბერია ის ადამიანი იყო, ვინც საბჭოთა უშიშროება მსოფლიოს ნომერ პირველ სპეცსამსახურად გადააქცია და მის მიერ გაბმული ჯაშუშური ქსელი დღემდე ფუნქციონირებს და რუსეთის ფედერაციას ემსახურება.

სპეცსამსახურების ექსპერტი, პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ჩეკისტურ სტრუქტურებში ბერია ძალიან ადრეულ ასაკში მოხვდა და მაშინვე მოწინავე პოზიციები დაიკავა. სულ რაღაც, 23 წლის იყო ბერია, როდესაც საქართველოს „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიულ განყოფილებას მეთაურობდა. 29 წლისა უკვე საქართველოს „ჩეკას“ უფროსის პოსტზე დაინიშნა. 39 წლის კი საბჭოთა კავშირის უშიშროების ხელმძღვანელობა ჩაიბარა. სწორედ მაშინ დაიწყო ბერიამ რეფორმები საბჭოთა უშიშროებაში და უმოკლეს დროში უდიდეს წარმატებასაც მიაღწია. ეჟოვის დროს ქვეყანაში სასტიკი რეპრესიები განხორციელდა, რაც სტალინს დაბრალდა და რაც ცრუ ბრალდება იყო. ეს რეპრესიები „ენკავედეს“ აპარატსაც შეეხო, განსაკუთრებით კი, საგარეო დაზვერვას, რაც დამღუპველი იყო ქვეყნისთვის. ეჟოვის ბრძანებით, საზღვარგარეთიდან რეზიდენტებს მოსკოვში იძახებდნენ და აპარტიმრებდნენ. შემდგომ კი ყოველგვარი კომპეტენტური კვლევა-ძიების გარეშე ასამართლებდნენ და ხვრეტდნენ. საუკეთესო შემთხვევებში კი, დიდი ხნით რჩებოდნენ გადასახლებაში ან ციხეებში და ამ ხალხის 96 პროცენტი პატიოსანი და უდანაშაულო იყო. დაინიშნა თუ არა შინაგან საქმეთა საკავშირო სახალხო კომისრად, ბერიამ, პირველ რიგში, ამ საშინელებას მოუღო ბოლო და ეს მოღალატეობრივი ქმედება შეწყვიტა. ვინც უდანაშაულოდ იყო დახვრეტილი, მათ ვერავინ გააცოცხლებდა და მათი რეაბილიტაცია განხორციელდა. ციხეში მყოფთა საქმეებს კი პირადად გადახედა და აბსოლუტური უმრავლესობა გაათავისუფლა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „სადისტი და არამზადა ეჟოვის დროს საპყრობილეში გამომაწყვდიეს და დახვრეტას მიპირებდნენ. თუმცა, ჩემი საქმე რატომღაც გაჭიანურდა. 1938 წლის დეკემბრის მიწურული, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, 30 დეკემბერი იყო. „აძინოჩკაში“ ვიჯექი, იქ, სადაც სიკვდილმისჯილებს ათავსებდნენ. თითქმის ორი კვირა არავინ მწვევია, „ბალანდიორის“ გარდა, რომელიც დღეში ორჯერ მოდიოდა სალაფავით. იმ დილას კი, უთენიას, ფეხის ხმა მომესმა. ეს არც „ბალანდიროისას“ ჰგავდა ან რა დროს საუზმმე იყო?! „აი, ახლა კი დადგა შენი აღსასრულის დღე, პაველ-მეთქი“, გავიფიქრე გულში და სტუმრების ღირსეულად დასახვედრად მოვემზადე. „უპაგონებო გიმნასტიორკაზე“ საყელო გავისწორე და მტვერი ჩამოვიბერტყე. საკნის კარი რომ გაიღო, ორ ბადრაგთან ერთად ციხის უფროსიც დავინახე. ერთ-ერთ ბადრაგს სამხედრო ფორმა ეკავა ხელში. ციხის უფროსი კი იღიმებოდა. ერთი სიტყვით, არადასახვრეტი სიტუაცია იყო. მე უხმოდ ვიდექი საკნის ცენტრში. ციხის უფროსმა კი მითხრა:

– პაველ ანატოლიევიჩ, ახალი ფორმა ჩაიცვით. დრო არ ითმენს, გელოდებიან.

ხუთ წუთში მზად ვიყავი. საკნიდან გამოვედით, კიბით ზევით ავედით და აშკარა იყო, რომ ციხის უფროსი არ ტყუოდა და ჩემს დახვრეტას არავინ აპირებდა. ნაცნობ გადასასვლელს მივადექი და მივხვდი, რომ ლუბიანკის ცენტრალურ აპარატში მივდიოდით. მესამე სართულზე რომ აღმოვჩნდით და წითელ ხალიჩას გავყევით, მივხვდი, რომ უფროსობასთან უნდა შევეყვანეთ, მაგრამ, რას ვიფიქრებდი, თუ ბერიას უნდა შევხვედროდი. მე არც კი ვიცოდი, ვინ იყო ბერია და საერთოდ რა ხდებოდა. კაბინეტში რომ შევედი, პენსნეიანი მამაკაცი სკამიდან წამოდგა და შემომეგება. დაბრძანდიო, სკამზე მიმითითა და მითხრა:

– აი, როგორი ყოფილხართ; პაველ ანატოლიევიჩ სუდოპლატოვ?!

– დიახ. ამხანაგო... – შევყოვნდი, რადგან ბერიას სახელი და მამის სახელი არ ვიცოდი. ბერიას კი გაეცინა და მითხრა:

– ლავრენტი პავლოვიჩ, ლავრენტი პავლოვიჩ ბერია.

– დიახ, ლავრენტი პავლოვიჩ. მე გახლავართ პავლე სუდოპლატოვი და გისმენთ.

– პაველ ანატოლიევიჩ, მე სულ რაღაც ორიოდე დღის დანიშნული ვარ აქ ამხანაგ სტალინის მიერ. თქვენი საქმე პირადად შევისწავლე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ტყუილუბრალოდ იყავით დაპატიმრებული.

– ბოდიშს გიხდით, ლავრენტი პავლოვიჩ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მარტო მე კი არა, კიდევ ბევრი ჩვენი კოლეგაა ასეთ დღეში.

– მე ჯერ მხოლოდ თქვენი საქმე მაქვს შესწავლილი და ორიოდე დღეში სხვებსაც შევისწავლი. თქვენ კი გთავაზობთ არა მარტო სამსახურში დაბრუნებას, არამედ დაწინაურებას – მეოთხე სამმართველოს უფროსი იქნებით. ხვალ დილით გელოდებით, სამსახურსაც ხვალვე შეუდგებით. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ და ახლობლები გაახაროთ.

რომ არა ბერია, ალბათ, ჩვენც დაგვხოცავდნენ. ხოლო საბჭოთა საგარეო დაზვერვა კი სრულად განადგურდებოდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი