ბელადები

რა რეპეტიცია ჩაატარა ბერიამ მოსკოვში 1953 წლის 13 მარტს

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 06.04

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინის შემდეგ, ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო ქვეყანაში და დიდი ლიდერის ყველა თვისება ჰქონდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ სწორედ ბერია გახდა მთავარი ლიდერი და ქვეყნის მმართველი. თუმცა მისმა მმართველობამ მხოლოდ სამი თვე გასტანა და ტრაგიკულად დასრულდა.

ისტორიკოს-მკვლევარი, პროფესორი მიხეილ მაზნიცინი: „ლავრენტი ბერია არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო ყველაზე გავლენიანი ადამიანი, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს თავად ბერიამ დაიმსახურა. გარდა იმისა, რომ ბერია გონიერი, განათლებული და დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანი იყო და ამ თვისებებით მნიშვნელოვნად ჯობნიდა თავის კოლეგებს ქვეყნის შიგნით, მას ამ კუთხით არც ქვეყნის გარეთ ჰყავდა ბადალი. გარდა ამისა, ბერიას ხელში იყო ძლიერი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი: მას ემორჩილებოდა ყველა ძალოვანი სტრუქტურა და რაც მთავარია, მხოლოდ და მხოლოდ მის განმგებლობაში იყო საბჭოთა ბირთვულ-სარაკეტო სისტემები. მავანი შეიძლება, შემედავოს კიდეც და თქვას – დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ ჰო, მაგრამ არმიაო? ფორმალურად, „წითელი არმიის“ მმართველი თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბი იყო, თუმცა, სწორედ ამ სტრუქტურებში ისევე ჰყავდა ბერიას თავისი ერთგული ხალხი განთავსებული და რომ სწორედ მათი მეშვეობით ახორციელებდა ის ჯარის კონტროლს. მართალია, ბერია ბოლოს მაინც სასტიკად დამარცხდა და ეს ადამიანი ვერაგულად მოკლეს, მაგრამ მის მიერ შექმნილი მმართველობისა და კონტროლის სისტემა იდეალურთან მიახლოებული იყო. ყველაფერთან ერთად, ლავრენტი პავლეს ძემ ორი უმძლავრესი სტრუქტურა დაიქვემდებარა და ძალიან გაზარდა მათი სიძლიერე. ესენი იყვნენ კანტემიროვისა და ტამანის დივიზიები, თანამედროვე გაგებით, ორი უმძლავრესი „სპეცნაზი“, რომლებიც ბერიას უერთგულესი ხალხით იყო დაკომპლექტებული, ისინი, რომ იტყვიან, ბერიას მზეს ფიცულობდნენ და მზად იყვნენ, მისთვის უყოყმანოდ გაეწირათ სიცოცხლე. „სპეცნაზი“ იმ დროისთვის სანიმუშოდ, კარგად მომზადებული მებრძოლები იყვნენ, რომლებსაც მსუბუქი შეიარაღება ჰქონდათ და თითო-ოროლა ჯავშანმანქანა ჰყავდათ. ბერიას „სპეცნაზს“ კი, გარდა იმისა, რომ უმაღლეს დონეზე იყვნენ მომზადებული, იმ პერიოდში მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება ჰქონდათ – დაწყებული მსუბუქი იარაღებიდან, მძიმე ტანკებითა და ყველა სახის საბრძოლო თვითმფრინავებით დამთავრებული... ბერიას საბრალდებო დასკვნა, ისევე, როგორც მისი სასამართლო პროცესი (საბრალდებო სკამზე ბერიას ორეული იჯდა და ბერია უკვე მოკლული იყო), თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული იყო. თუმცა, საბრალდებო დასკვნაში ერთი ნახევრად სიმართლე მაინც იყო. ლაპარაკია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რომელიც თითქოსდა ბერიას მიერ იყო დაგეგმილი და ბერიამ ეს ვერ განახორციელა. კონკრეტულად კი ერთ ეპიზოდზე. სტალინი 9 მარტს დაკრძალეს, უფრო სწორად კი, მავზოლეუმში დაასვენეს, ლენინის გვერდით. 13 მარტს კი მოსკოვში კანტემიროვისა და ტამანის დივიზიის შემადგენლობები შევიდნენ. 20 ათასმა ჯარისკაცმა საბჭოთა კავშირის დედაქალაქის ყველა სტრატეგიული წერტილი დაიკავა. ჩაიკეტა კრემლი და ყველა მაღალჩინოსნის კაბინეტთან, როგორც კრემლში, ასევე სხვა უწყებებში, კბილებამდე შეიარაღებული „სპეცნაზელი“ იდგა. ეს ყოველივე 24 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამ დროის გასვლის მერე კი ორივე დივიზია თავიანთი სრული შემადგენლობებით დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ. მოსკოვში სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა. იური ლევიტანმა კი საკავშირო რადიოთი გამოაცხადა, რომ მოსკოვში საგანგებო შემოწმება ჩატარდა საარმიო ძალებისა და ამ სასწავლო ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო „კლიტე“ („საკეტი“). იქვე განმარტებული იყო ამ ოპერაციის დანიშნულება: მტრის მოულოდნელი შემოჭრის შემთხვევაში კრემლისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვა. საბრალდებო დასკვნაში კი თეთრზე შავად ეწერა: მოქალაქე ლავრენტი ბერიამ 13 მარტს სახელმწიფო გადატრიალების რეპეტიცია მოაწყო, 26 ივნისს კი განხორციელებას აპირებდა და დროზე მოვახდინეთ ლიკვიდრებაო.

ბერიას რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სდომოდა, სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს ან სულაც 9 მარტს განახორციელებდა. ეს ძალიან მარტივად განსახორციელებელი იყო. ბერია გასცემდა ბრძანებას და ყველა მთავარ მაღალჩინოსანს დააპატიმრებდა. შემდეგ მათ სტალინის მკვლელ შეთქმულებად (როგორც შემდგომ ბერიას გაუკეთეს) გამოაცხადებდა. შემდეგ მათ ვითომ გაასამართლებდნენ (როგორც ეს ბერიას გაუკეთეს) და ბოლოს დახვრეტდნენ. ბერიას მთავარი შეცდომა, ჩემი სასტიკი აზრით, ის იყო, რომ ბერიამ მართლა არ მოიშორა ეს ხორცმეტები და თავისი გენიალური ტვინით არ მართა ქვეყანა, რომელიც მართლა ზესახელმწიფო, მსოფლიოში ყველაზე უძლიერესი და წარმატებული გახდებოდა.

ლავრიენტი პავლეს ძე ბერიას ვერაგული მკვლელობა საბჭოთა სახელმწიფოსთვის უდიდესი მინუსი იყო. სწორედ ამ ვერაგობიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლა და ბერიას მკვლელობიდან ნახევარი საუკუნეც არ გასულა, რომ ეს დიადი ქვეყანა დაიშალა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა