ბელადები

რა რეაქცია ჰქონდა სტალინს ებრაელების მიერ არჩეულ კურსზე

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 12.05

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი იშვიათად ტყუვდებოდა და თუკი ვინმე ამას შეძლებდა, არც საბჭოთა ბელადი რჩებოდა ხოლმე ვალში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, პალესტინაში მოსახლე არაბებსა და ებრაელებს ტერიტორიის გამო ერთმანეთში მწვავე დაპირისპირება ჰქონდათ. ამის გამო დიდ ბრიტანეთს ზედამხედველობის მანდატი ჰქონდა, რათა ეს კონფლიქტი დაერეგულირებინა. თუმცა 1947 წელს ებრაელებსა და სამანდატო ხელისუფლებას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა მანდატზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ვერ პოულობს ამ საკითხის ისეთ გადაწყვეტას, რომელიც არაბებისთვისაც და ებრაელებისთვისაც მისაღები იქნებოდა. 1947 წლის 29 ნოემბერს კი „გაერომ“ პალესტინის გაყოფის გეგმა მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ ტერიტორიაზე შეიქმნებოდა ორი სახელმწიფო – ებრაელებისა და არაბების. ამან არაბების მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა 1948 წლის 14 მაისს დავიდ ბენ-ჰურიონმა დამოუკიდებელი ებრაული სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა... ასეთი შესავალი კი იმიტომ გავაკეთე, რომ მთელ ამ ამბებში (ისრაელის შექმნაში) უმთავრესი როლი სტალინს მიუძღვის. საქმე კი ის იყო, რომ საბჭოთა ბელადს ახლო აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირე სჭირდებოდა, პირველ რიგში, ბრიტანული გავლენის გასანეიტრალებლად. თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ამას სტალინი გეგმავდა. ასეთი რამ კი უიშვიათესად ხდებოდა...“

სტალინს, მართლაც რომ, უდიდესი დამსახურება აქვს ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში. საბჭოთა ბელადი ყოველმხრივ ეხმარებოდა ებრაელებს ამ საქმეში – ფულით, იარაღით, სამხედრო სპეციალისტებითა და რაც მთავარია, პოლიტიკურად. საკმარისი იყო „გაეროში“ საბჭოეთს დაებლოკა ისრაელის სასარგებლო რეზოლუცია, რომ ამ სახელმწიფოს შექმნა დიდი ხნით გადაიდებოდა. თუმცა, სტალინი დარწმუნებული იყო, რომ ახლად შექმნილი ისრაელი პროსაბჭოურ გზას აირჩევდა და ასე თამამად და უხვად სწორედ ამიტომ ედგა გვერდში ებრაელებს.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს ებრაული სახელმწიფოს მამებთან და კერძოდ, ბენ-ჰურიონთან ოფიციალური შეთანხმება ჰქონდა ახლად შექმნილი ებრაული სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის შესახებ და ეს უნდა ყოფილიყო პროსაბჭოთა მიმართულება. თუმცა, იმავე ბენ-ჰურიონის ნებითა და მისი კოლეგების თანხმობით, ისრაელმა უფრო პროამერიკული კურსი აირჩია. მაგრამ მოხდა იმისი დეკლარირებაც, რომ „დიდ საბჭოთა კავშირთან“ კეთილმეგობრული ურთიერთობები იქნებოდა. საქმის ასეთმა შემობრუნებამ, რბილად რომ ვთქვათ, სტალინი ძალიან გააბრაზა და ეს ყოველივე საკმაოდ მძიმედ აისახა როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ებრაელებზე, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში.“

გენერალი ვოლკოგონოვი, სავარაუდოდ, შეგნებულად არ ახდენს ამ ფაქტების კონკრეტიზაციას. დეტალურად კი სტალინმა ისრაელის მთავრობასა და პირადად ბენ-ჰურიონს შეუთვალა, რომ კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრებულიყვნენ, სანამ პროამერიკულ კურსს აირჩევდნენ. პასუხი კი ცალსახა იყო: ჩვენ ავირჩიეთ პროებრაული კურსი, რაც ჩვენს განვითარებასა და ყველა ერსა და სახელმწიფოსთან კარგ ურთიერთობებს ნიშნავსო. ასეთმა პასუხმა საბჭოთა ბელადი უკიდურესად გააღიზიანა და თავის სპეცსამსახურებს დაავალა, რომ ახლო აღმოსავლეთში ანტიისრაელური გეგმები შეემუშავებინათ. იმავდროულად, ისიც ბრძანა, რომ საბჭოთა კავშირში ფესვიანად ამოეძირკვათ სიონიზმის მცირედი გამოვლინებაც კი. ამან კი სულ მალე ანტისემიტური ხასიათი მიიღო და ათასობით ებრაელი რეპრესიებში მოყვა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს ებრაელების მიერ მასთან არაოფიციალური შეთანხმების დარღვევა ღალატად მიაჩნდა და ამიტომ გაააქტიურა ახლო აღმოსავლეთში, ეგრეთ წოდებული, არაბული ფრთა. ამ ყოველივეს კი იმაზე მეტი სისხლის ღვრა მოჰყვა, ვიდრე ეს ისრაელის შექმნამდე ხდებოდა. სტალინი, როგორც პროსაბჭოური ისტორიკოსები მიიჩნევდნენ, ებრაელებმა მოატყუეს. თუმცა, დასავლელი ისტორიკოსების აზრით, ასე სულაც არ ყოფილა, რადგან არანაირი ოფიციალური ხელშეკრულება არ დადებულა და არაოფიციალური თანხმობაც რომ ყოფილიყო, მას არანაირი ძალა არ ექნებოდა და ებრაელებმა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედესო.“

მოატყუეს თუ არა ებრაელებმა სტალინი, ეს რიტორიკული შეკითხვაა, რაზედაც ყველა მხარეს თავისი პასუხი აქვს. თუმცა, აშკარაა, რომ ისრაელი უკვე 80 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია...

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი