ბელადები

რა ფასი დაუჯდა საბჭოთა კავშირს ბერიას მარცხი

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 24.03

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ბერიას ღირსებებიდან ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო ინოვაციური აზროვნება – სიახლეებისადმი სწრაფვა და მათი პრაქტიკაში დანერგვა ძალიან სწრაფად და ეფექტურად.

იაკობ კედმი: „ლავრენტი ბერიას თავისი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი სიახლე აქვს დანერგილი და ეს ინოვაციები ყოველთვის ეფექტური იყო. ამასთან, ბერია ყოველთვის წინ იყურებოდა, მომავალზე ფიქრობდა და კომპლექსურად მოქმედებდა. მან ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე წამოაყენა წინადადება – „ჩეკას“ მოქალაქეების ძირითადი მონაცემების ბაზა შეექმნა. ახალგაზრდა ბერიას აზრით, თუკი ხელთ ექნებოდათ მოქალაქეების ფოტოსურათები და თითების ანაბეჭდები, მაშინ დანაშაულთან ბრძოლა ბევრად უფრო იოლი და ეფექტური იქნებოდა. კანონით ასეთი რამ კომუნისტურ საბჭოთა კავშირშიც კი აკრძალული და დასჯადი ქმედება იყო. თუმცა, ბერიასთვის ეს წინაღობას არ წარმოადგენდა და მიიღო რა ხელმძღვანელობის სიტყვიერი დასტური, გულმოდგინედ და მეთოდურად შეუდგა თავისი უკანონო, მაგრამ ეფექტური ინოვაციის შესრულებას. თავდაპირველად „ჩეკას“ თანამშრომლები ამ საქმიანობას წარმოება-დაწესებულებებში ახორციელებდნენ. თითოეულ უწყებაში გახსნილი იყო „ჩეკას“ საიდუმლო განყოფილება და სწორედ ისინი ახორციელებდნენ ფარულ ფოტოგადაღებებსა და თითების ანაბეჭდების, ასევე, ფარულად მოპოვებას. შემდგომ, ამ საქმიანობამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო და ეს საქმე ქუჩაში მომუშავე საპატრულო ჯგუფებს დაევალათ. ისინი, მოქალაქეების საბუთების შემოწმებას სავსებით კანონიერი საქმიანობისას ახორციელებდნენ. 1928 წლისთვის ბერიას კარტოთეკაში უკვე 2 მილიონი ადამიანის თითების ანაბეჭდები, ფოტოები და მისამართები იყო და მათი მეშვეობით უამრავი წვრილი და მსხვილი დანაშაული გაიხსნა. სამართალდამცავი სისტემის თანამშრომლებს ორმაგად უადვილდებოდათ ხოლმე ამა თუ იმ კალიბრის ბოროტმოქმედის იდენტიფიკაცია და ბერიას ამ მორიგმა სიახლემ (მართალია უკანონომ) სრულიად გაამართლა. შემდგომ ეს მეთოდი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაინერგა და ძალიან დიდი ეფექტი მოიტანა დანაშაულთან ბრძოლაში...“

ბერია ნამდვილად არ ყოფილა წესიერების განსახიერება. მისთვის სიმკაცრე და სისასტიკეც არ იყო უცხო ხილი. თუმცა, თავის ქმედებებს საქმის საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებლობით ხსნიდა და უმეტეს შემთხვევაში, ასეთი რამ დიდი წარმატების საწინდარიც გამხდარა. თუმცა, ბერია ყველა საქმეში როდი იყენებდა მკაცრ და სასტიკ მეთოდებს. იყო სფეროები, სადაც ბერია აბსოლუტურ ლოიალობას იჩენდა ხელქვეითების მიმართ და ამას უფრო მეტი ეფექტი მოჰქონდა საქმისთვის, ვიდრე სიმკაცრესა და სისასტიკეს.

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „მამაჩემი საქმიანი ადამიანი იყო. ქვეყნისთვის აუცილებელ უზარმაზარ პროექტებს ახორციელებდა, ამიტომ არც საკუთარ თავს ზოგავდა საქმეში და არც სხვებს. თუმცა, ეს არდაზოგვა გამოწვეული იყო არა იმით, რომ თავისი ძალაუფლება ეჩვენებინა ხელქვეითებისთვის და ამით დაეთრგუნა ისინი (ამგვარად იქცეოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო გაქანების ფუნქციონერები), არამედ საქმე ეფექტურად და ხარისხიანად შესრულებულიყო. მამაჩემს შეეძლო სამი-ოთხი დღე-ღამე არ სძინებოდა, საქმე ეკეთებინა თავის ხელქვეითებთან ერთად და მათ გვერდით ფიზიკურადაც კი ეშრომა. ამის გამო მამას ძალიან აფასებდნენ მისდამი დაქვემდებარებული ადამიანები. მარტო კურჩატოვის, სხვა გამოჩენილი ფიზიკოსების, ასევე, კოროლიოვისა თუ სხვა ავიაკონსტრუქტორების სახელების ხსენებაც საკმარისია. მამა უკვე დიდი ხმის დაღუპული იყო და მის სახელს მკაცრი ტაბუ ედო, მაგრამ საიდუმლოდ არა ერთხელ მოსულან მისი ხელქვეითები ჩემთან და დედაჩემთან და მამაზე მხოლოდ კარგი უთქვამთ. განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებდნენ მამაჩემს მისი ყოფილი კოლეგები, გამოჩენილი საბჭოთა „ჩეკისტები“. ის ადამიანები, ვისაც შეთქმულთა ბანდამ მამაჩემის გამო ცხოვრება გაუმწარა, ციხეში გამოამწყვდია, თუმცა მათ ერთი აუგიც კი არ უთქვამთ მამაჩემზე. ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემს კანონი არ დაურღვევია, მკაცრი, ზოგჯერ სასტიკიც კი არ ყოფილა. მაგრამ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების 99 პროცენტი სიცრუეა და ალბათ, ის დროც დადგება, როდესაც მამაჩემის შესახებ სრული სიმართლე გაირკვევა და მისი სახელის სრული რეაბილიტაცია მოხდება.“

ბერია, რა თქმა უნდა, ძლიერ გავლენიანი, მრავლისშემძლე ფუნქციონერი იყო და თავისუფლად შეეძლო ძალიან მაღალი რანგის გავლენიანი პიროვნებაც კი გაემწარებინა, მაგრამ მას საკმაოდ მოქნილი გონება ჰქონდა და იმასაც კარგად უწყოდა, რომ პირადი სიმპათია-ანტიპათიის გამო ადამიანის გაფუჭების მცდელობა არც მისთვის დასრულდებოდა სასიკეთოდ და უმეტეს შემთხვევებში ობიექტურობისა და სწორ ხედვას არ კარგავდა. თუმცა, თუკი ამას საქმე მოითხოვდა, ასეთ გამწვავებებზეც მიდიოდა და თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა. ყოველ შემთხვევაში არასდროს მარცხდებოდა. ერთადერთი მარცხი, რომელიც ბერიამ პოლიტიკაში განიცადა, მისი განადგურებით დასრულდა. თუმცა, ბერიას მარცხი სახელმწიფოს ბევრად ძვირი დაუჯდა. სწორედ იქიდან დაიწყო ამ ქვეყნის რყევა, რაც შემდგომ სრული ფიასკოთი დასრულდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი