რა ოპერაცია ჩატარდა ვატიკანში, ბერიას ბრძანებით
ავტორი: ნიკა ლაშაური 19 წუთის წინ
ლავრენტი ბერია თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ბერია უამრავ სხვადასხვა საქმეს აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ის უნივერსალური ადამიანი იყო და ძალიან დიდი დიაპაზონი ჰქონდა.
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ივანე სლივკინი: „მართლაც რომ, ძალიან საკვირველია ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის არეალი. ეს ადამიანი წყვეტდა, თუ რა კალიბრის ტყვიებზე უნდა შექმნილიყო ახალი ავტომატური შაშხანა და როგორი გვირაბი გაეთხარათ უახლესი საიდუმლო ინფრასტრუქტურისთვის. ერთი სიტყვით, ლავრენტი ბერია სტალინის ხელდასხმით ყველა სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელი იყო. ბერიას დავალებით, მისი ხელქვეითი „ჩეკისტები“ ომის შემდეგ ფაშისტური გერმანიის საიდუმლოებებზე ნადირობდნენ და ამ სფეროში დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი იყო „ესესის“ გენერლობის ჩინის მფლობელი მეცნიერი, 66 წლის ადოლფ კონრადი. ეს ადამიანი პროფესიით ქიმიო-ბიოლოგი იყო. მუშაობდა სხვადასხვა გაზებისა და ვირუს-ანტივირუსების შექმნაზე. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა. იმავდროულად, ის ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო. სხვათა შორის, გაზი, რომლითაც პირველ მსოფლიო ომში ფრონტზე ჰიტლერი მოიწამლა, კონრადის მიერ იყო შექმნილი და მას ბრიტანელები და ფრანგები იყენებდნენ, რადგან, მაშინ კონრადი ფრანგულ ლაბორატორიაში მუშაობდა. შემდგომ კი გერმანიაში დაბრუნდა და ფაშისტებმა მას სუპერლაბორატორია შეუქმნეს. ჰიტლერი კონრადს ყოველი შეხვედრის დროს ეუბნებოდა, შენს გაზს რომ მაშინ მოვეკალი, გერმანია ვერ აღორძინდებოდაო. კონრადს 1936-1945 წლებში ვირუსებისა და ანტივირუსების უნიკალური კატალოგი ჰქონდა შექმნილი. იქ 600 სრულყოფილი რეცეპტი იყო განთავსებული და სათანადო სამრეწველო ბაზის შემთხვევაში, მათი გამოყენება თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი. ჰიტლერი ამ ვირუსების სამხედრო დანიშნულებით გამოყენებას აპირებდა. შესაბამისი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ ვერ მოასწრო. ადოლფ კონრადი კი 1945 წლის აპრილში, ომის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე გაუჩინარდა. მისი ვირუსლაბორატორია კი დაწვეს და არაფრის კვალი, მათ შორის სასიკვდილო ვირუსებისა, არ დარჩენილა. ბერიას ბრძანებით, „ენკავედეს“ სპეციალური ჯგუფი ადოლფ კონრადის ძებნას შეუდგა და 1945 წლის ივნისის პირველ კვირაში ვენაში დააპატიმრეს. 66 წლის კონრადს ვირუსებისა და ანტივირუსების კატალოგი თან არ აღმოაჩნდა. ვირუსოლოგმა განაცხადა, რომ მისი კატალოგი ვატიკანში, ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. იქ შეღწევა კი ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. გადაწყდა კონრადის მოსკოვში ჩამოყვანა. მისთვის ლაბორატორიის შექმნა და კატალოგის აღდგენა, თუმცა, 66 წლის გერმანელი მეცნიერი თვითმფრინავში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბერია ძალიან გაბრაზებული იყო. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიამ პოლკოვნიკი ვილენ ზორინი დაიბარა და შერისხა. უთხრა, რომ ჯერ კონრადის უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხი უნდა გაერკვიათ და შემდგომ ემოქმედათ. მერე კი ვილენ ზორინს ვატიკანში ოპერაციის ჩატარება დაავალა და წარუმატებლობის შემთხვევაში მკაცრი სასჯელით დაემუქრა. ზორინი გამოცდილი ოფიცერი იყო. სანიმუშო ჯგუფი ჰყავდა. თუმცა, ვატიკანის ბიბლიოთეკაში შეღწევა და იქიდან რაიმეს გამოტანა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. ბერიამ მთხოვა, რომ ზორინს დავხმარებოდი და ამ საქმეში ჩემი ვატიკანური აგენტურა ჩამერთო. ჯერ კიდევ ომამდე, ბერიას ბრძანებით, მე ვატიკანში აგენტურული ქსელი შევქმენი და მას წარმატებით ვიყენებდით. ზორინს ერთ-ერთი ვატიკანელი დავახმარე. მან საბჭოთა აგენტი ვატიკანის ბიბილოთეკაში შეიყვანა და ადოლფ კონრადის კატალოგი მოსკოვში ჩამოიტანეს...“
ბერიას ბრძანებით, შექმნილ ლუბიანკის მინუს სართულებზე ვირუსოლოგიის საიდუმლო ლაბორატორია გახსნეს და იქ კონრადის კატალოგში აღწერილი რეცეპტებით ქმნიდნენ ვირუსებსა და ანტივირუსებს. მათ ნაწილს სამედიცინო-სამკურნალო მიზნით იყენებდნენ, ნაწილს კი სამხედრო დანიშნულება მისცეს და მათგან ბაქტერიოლოგიური იარაღი დაამზადეს და ინახავდნენ. ერთი სიტყვით, ლავრენტი ბერიას იდეალურად, შვეიცარიული საათივით ჰქონდა აწყობილი საქმე, პირველ რიგში, თავის უწყებაში, ასევე, ყველა იმ პროექტში, რომლებსაც ის კურირებდა. აქედან გამომდინარე კი, ასმაგად გასაკვირია ის, თუ რა მარტივად მოახერხეს ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და განხორციელება იმ ხალხმა, ვინც ამით და შემდეგი ქმედებით დიადი ქვეყნის რღვევას შეუწყო ხელი.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



