ბელადები

რას წარმოადგენდა ბერიას მიერ განხორციელებული ოპერაცია „კორდებალეტი“

№27

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას ინოვაციების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. დაზვერვაში კი ინოვაციებს, ახალ იდეებსა და შემოქმედებით მიდგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბერია სწორედ ასეთი ტიპის ადამიანი იყო და მისი ეს უნარი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომში გამოვლინდა.

ისტორიის დოქტორი, ევგენი პოტაპენკო: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციების დიდი ნაწილი მსოფლიო დაზვერვის ქრესტომათიულ სახელმძღვანელოებშია შეტანილი და ერთ-ერთი მათგანია ოპერაცია „კორდებალეტი“.

1941 წელს ოდესაში, რომელიც ფაშისტებმა დაიკავეს, ქალაქის მიუზიკ-ჰოლის თეატრმა ფუნქციონირება აღადგინა. ამ შესანიშნავ ზღვისპირა, სტრატეგიულ ქალაქში ომის დროსაც სიცოცხლე დუღდა და გადმოდუღდა. ქალაქის ოკუპაცია კი რუმინეთის საექსპედიციო კორპუსმა განახორციელა და ქალაქში რუმინელი ჯარისკაცები თარეშობდნენ. ისინი ძალადობდნენ მოსახლეობაზე, ძარცვავდნენ მათ, აბუჩად იგდებდნენ და როგორც რუმინელებს ჰიტლერი შეჰპირდა, ოდესა და მისი რაიონი რუმინეთის მფლობელობაში გადმოვაო, სჯეროდათ და ქალაქი თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ. თუმცა, ეს იყო ჰიპერტროფიული ბოდვა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირის დამარცხება ორ თვეში „ბლიცკრიგით“ და ეს ყველაზე კარგად ბერიამ იცოდა. როგორც უკვე ვთქვით, ოდესაში ომის დროსაც კი დუღდა და გადმოდუღდა ცხოვრება. ეს კი ამ ქალაქის მკვიდრთა ხასიათიდან, ტემპერამენტიდან გამომდინარეობდა. თუმცა, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ოდესელები ქარაფშუტა ხალხია. პირიქით, ამ, ერთი შეხედვით, უზრუნველობაში იმალებოდა უკიდურესი ზიზღი მტრის მიმართ და ბერიამ, იცოდა რა ოდესელთა ფსიქოლოგია, სწორედ ამაზე ააგო ოპერაცია „კორდებალეტი“... ოდესის მიუზიკ-ჰოლის ამუშავებამ თეატრში მოიზიდა არა მარტო ოკუპანტთა ხელმძღვანელობა, არამედ რიგითებიც. ისინი დიდი აღფრთოვანებით ეგებებოდნენ სცენაზე მოცეკვავე, ნახევრად შიშველ 40 გოგონას და წარმოდგენები ანშლაგით მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული წარმოდგენა 3 საათზე იყო გათვლილი, ორი 90-წუთიანი მოქმედებითა და 20-წუთიანი ანტრაქტით, ის 4, ზოგჯერ კი 5 საათიც კი გრძელდებოდა. სპექტაკლის ბოლოს გოგონები კანკანს ცეკვავდნენ და აღფრთოვანებულ-აღგზნებული სამხედროები ბისს მოითხოვდნენ და ასე – უსასრულოდ. მაგრამ რა იცოდნენ, რომ ამ ეშხიანი, უენერგიულესი გოგონების მიღმა ნამდვილი საბჭოთა ამორძალები, ბერიას აგენტები იმალებოდნენ. მოცეკვავეთა დასის 40 გოგონადან 24 „ენკავედეს“ სპეციალური აგენტი იყო. გარდა მგზნებარე „სიყვარულისა“, მათ შეეძლოთ მიზანში უზუსტესი სროლა, ხელჩართული ბრძოლა, დანისა თუ სხვა ცივი იარაღის თუ საგნების გამოყენება და მტერს ისე მოუღებდნენ ბოლოს, რომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ. ამ ქალთა სპეცჯგუფის უფროსი 36 წლის ანასტასია გოლიცინა იყო, თავადური წარმოშობის ულამაზესი ქალი. მას „ენკავედეში“ პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. ეს კი საბჭოთა სისტემაში იშვიათობას წარმოადგენდა, რადგან ქალებს ასეთ მაღალ სამხედრო წოდებებს არ აძლევდნენ. გოლიცინას მამა მეფის არმიის ყოფილი გენერალი იყო, რომელიც „წითელ არმიას“ შეუერთდა და ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა ჩამოაყალიბა. ეს გენერალი სიმამაცითა და პროფესიონალიზმით იყო გამორჩეული. 1925 წელს გოლიცინი არალეგალური თეთრგვარდიული იატაკქვეშეთის ტერორისტებმა მოკლეს მოსკოვში. ანასტასია მაშინ 20 წლის იყო და სახვითი ხელოვნების აკადემიაში ფერწერასა და გრაფიკას სწავლობდა. გოლიცინის დასაფლავებას თვით სტალინი დაესწრო, რომელიც პირადად იცნობდა და პატივს სცემდა გენერალს. ანასტასიამ სწავლას თავი დაანება. სტალინთან აუდიენციას მიაღწია და სთხოვა, რომ „ჩეკაში“ გაეგზავნა სამუშაოდ. ანასტასია გოლიცინა, სწორედ, სტალინის რეკომენდაციით მიიღეს უშიშროებაში. მან სპეცსკოლა დაამთავრა და სპეციალურ დავალებას ასრულებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ის პავლე სუდოპლატოვთან ერთად მუშაობდა. შემდგომ ქალს ბერიამ მიაქცია ყურადღება და ოპერაცია „კორდებალეტის“ ხელმძღვანელობა ჩააბარა. დღისით და საღამოს გოლიცინას გოგონები თეატრში იყვნენ. ღამით კი „სანადიროდ“ გადიოდნენ. ანადგურებდნენ პატრულებს, იტაცებდნენ მათ მეთაურებს, მათგან საიდუმლო ინფორმაციებს იგებდნენ და ცენტრს გადასცემდნენ. როდესაც ოდესაში „წითელი არმია“ შევიდა, ამ ქალაქის ცნობილ კატაკომბებში 30 მაღალჩინოსანი ოკუპანტი დახვდათ გამომწყვდეული, რომლებიც გოლიცინას სპეცჯგუფმა დაატყვევა. ნიშანდობლივია, რომ გოლიცინას ყველა ხელქვეითი გადარჩა. გადარჩა თავად გოლიცინაც და ფაშისტებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ სწორედ ეს, ერთი შეხედვით, ქარაფშუტა გოგონები უწყობდნენ მათ ღამის ჯოჯოხეთს ოდესაში. ბერიამ გოლიცინას და მისი ჯგუფის წევრებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი