ბელადები

რა მიზანს ისახავდა ბერიას მიერ სოხუმში წარმოებული ატომური პროექტი

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.12, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია – ადამიანი, რომელიც რაც უნდა აძაგონ და მასზე ტყუილ-მართალი ილაპარაკონ, ისტორიას შემორჩა, როგორც საბჭოთა ატომური ბომბის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გრანდიოზული პროექტის შესახებ დიდი ინფორმაციაა გასაჯაროებული, ზოგიერთი რამ დღემდე ნაკლებადაა ცნობილი. გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „როგორც უკვე ცნობილია, საბჭოთა ატომურ პროექტში „სრული დაშვებით“ ვიყავით ჩაბმული და აბსოლუტურად ყველა საიდუმლოებაზე მიმიწვდებოდა ხელი. ამის შესახებ ჩემს წიგნშიც ვწერ. ახლა კი ის უნდა დავამატო, რაზეც ფართო საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს. საქმე ეხება საბჭოთა ატომური პროექტის საიდუმლოების სრულ დაცვას. რა თქმა უნდა, ურალის მთებს იქით წარმოებულ სამუშაოებს ჩვენი უწყება თვალის ჩინივით იცავდა. იქ ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევდა უკითხავად. იქიდან ერთი საიდუმლო ფრაზაც კი არ გამოსულა და მეტიც, ვერავინ შეიტყო, თუ სინამდვილეში სად კეთდებოდა საბჭოთა ატომური ბომბი და ეს ლავრენტი ბერიას მიერ ძალიან მოხერხებულად მოფიქრებული ოპერატიული კომბინაციის დამსახურება იყო. მე ვგულისხმობ მოწინააღმდეგე ქვეყნების დაზვერვებისთვის თავგზის აბნევას და მათ გაშვებას ცრუ კვალზე. ურალში მიმდინარე „ნამდვილი სამუშაოების“ პარალელურად, ატომურ ბომბზე მუშაობა სოხუმის მახლობლად, სოფელ ეშერას მიდამოებში აგებულ საიდუმლო ბუნკერშიც მიმდინარეობდა. ეშერაშიც საკმაოდ ძლიერი საბჭოთა ფიზიკოსები მუშაობდნენ და მათთან ერთად ის გერმანელი ფიზიკოსებიც, ვინც „ფაშისტურ ატომურ პროექტში“ მონაწილეობდა და საბჭოთა არმიამ ისინი ტყვედ ჩაიგდო. თუკი ურალში მიმდინარე ძირითადი პროექტის მონაწილეებს უმნიშვნელოვანესი სადაზვერვო ინფორმაციებით ამარაგებდნენ და სწორედ ამის გამო შეიქმნა საბჭოთა ბომბი ძალიან მოკლე დროში, სოხუმში ფიზიკოსები მხოლოდ საკუთარი ძალებით მუშაობდნენ. მათ მთავარ პროექტზე არაფერი იცოდნენ და ეგონათ, რომ ისინი იყვნენ მთავრები და ერთადერთნი. „სოხუმელებს“ დაფინანსებაც ძალიან მცირე ჰქონდათ. ბერიას ჩანაფიქრით, მტრული დაზვერვები აუცილებლად შეეცდებოდნენ საბჭოთა ატომური პროექტის აღმოჩენას და შეფასებას და სოხუმური პროექტიც, სწორედ, ეს სატყუარა იყო. და მართლაც, ამ კომბინაციამ ასი პროცენტით გაამართლა“.

საქართველოს შავიზღვისპირეთი და სოხუმის აკვატორია ბერიას უწყებისთვის ჩვეული პროფესიონალიზმით იყო დაცული და რომ იტყვიან, თითოეული ქვა და ბუჩქი კონტროლდებოდა. თუმცა, შეერთებული შტატების დაზვერვამ მაინც „შეაღწია“ ეშერის დახურულ ზონაში. მეტიც, მათ იქაურობის ფოტოფირებზე აღბეჭდვაც კი შეძლეს და საბჭოთა ატომურ პროექტზე მომუშავე საბჭოთა და გერმანელი ფიზიკოსებიც გადაიღეს. გადაიბირეს ერთ-ერთი გერმანელი, ინჟინერი ფრანც ვერნერი და „ცეერუ“ ძირითად ინფორმაციებს მისგან იღებდა.

მალე კი ცენტრში – ვაშინგტონში მიღებული ინფორმაციების ანალიზის შედეგად პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს დაზვერვამ წარუდგინა მოხსენება, რომელშიც ეწერა: საბჭოთა ატომურ პროექტზე მიმდინარე სამუშაოები იმდენად მცირე სამეცნიერო-ფინანსურ-ენერგეტიკური რესურსებით წარმოებს, რომ თუნდაც მათ მოახერხონ კიდეც ატომური ბომბის შექმნა, ეს მოხდება 20–25 წელიწადში. ანუ 1965-1970 წელს. არადა, საბჭოეთმა რომ ატომური ბომბი გამოსცადა და ამის შესახებ ჰარი ტრუმენს აცნობეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს არ დაიჯერა. შემდგომ კი ისტერიულად გაჰყვიროდა: ის ნაბიჭვარი მზვერავები სად არიან, ვინც მარწმუნებდნენ, რუსებს ბომბი ან საერთოდ არ ექნებათ, ან თუ გააკეთებენ, 20-25 წლის მერეო. ერთი სიტყვით, ბერიას სადაზვერვო გენიამ კვლავ აჯობა ამერიკულს, რამაც მსოფლიოს პოლიტიკური ვითარება ისევ რადიკალურად შეცვალა. საბჭოთა კავშირს კი ამერიკული ატომური ბომბარდირების საფრთხე მოეხსნა.

პავლე სუდოპლატოვი: „ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემი სიტყვების სისწორეში და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაც ბერიაზე თქვეს, 95 პროცენტი (მეტი თუ არა) ტყუილია და მას ბევრი რამ დააბრალეს. მაგრამ, დავუშვათ, ეს სიმართლეა. ბერიამ იმხელა სამსახური გაუწია საბჭოთა კავშირს, რომ ის არ უნდა მოეკლათ და მმართველობაში თუ არ დატოვებდნენ, შინაპატიმრობაში მაინც ჰყოლოდათ. თუმცა, ხრუშჩოვისეულ სახელმწიფოში სად იყო სიმართლე და ჭკუა. ფაქტობრივად, მან დაანგრია ეს უძლიერესი ქვევანა იმ 10 წელიწადში, როდესაც ის მართავდა.“

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ ბერია დღემდე მტრის ხატის განსახიერებაა უკვე რუსულ პოლიტიკაში და თითქოს არც ის ყოფილა და არც მის მიერ გაკეთებული საქმეები, რაზეც ჯერ კიდევ დღემდე დგას რუსეთის სახელმწიფო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი