ბელადები

რა მარტივი ხერხით აპირებდა ტროცკი სტალინის თავიდან მოშორებას

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.06, 2022 წელი

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს უამრავი შიდა თუ გარე მტრები ჰყავდა და ისინი მის თავიდან მოცილებას ყველანაირად ცდილობდნენ, საბჭოთა მმართველს საქმე ისე ჰქონდა დაყენებული, რომ მუდმივად გამარჯვებული გამოდიოდა და მას ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტებიც, თვით ტროცკისა და ლენინის ქვრივის ჩათვლითაც კი, კი ვერაფერს აკლებდნენ.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1926-1927 წლების მიჯნაზე სტალინისა და ტროცკის დაპირისპირებამ აპოთეოზს მიაღწია. სტალინი იმ პერიოდისთვის უკვე 4 წლის გაგენმდივნებული იყო, ლენინი კი – 2 წლის მკვდარი. მართალია, სტალინს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა და ძალაუფლების მხრივ, მნიშვნელოვნად მომძლავრებული იყო, მაგრამ ბელადობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლდა. იმ პერიოდში ძალიან ძლიერი იყო ლევ ტროცკიც. იმასთან ერთად, რომ მას უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა, პოლიტბიუროში ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა – ეგრეთ წოდებული, „ებრაული ლობი“ და იმ ხანაში ის სტალინის „კავკასიურ ლობს“ მცირედით, მაგრამ მაინც სჯობნიდა.

სტალინს ამ წარმატებებში ხელს უწყობდა მისი ერთგული მეგობარი, „ჩეკას“ ხელმძღვანელი ფელიქს ძერჟინსკი. ის „კობას“ – ყოველთვის ასე მიმართავდნენ სტალინს მისი ძველი მეგობრები – არა მარტო ძვირფას ინფორმაციებს აწვდიდა „ებრაული ლობისა“ და გენერალური მდივნის სხვა მტრული დაჯგუფებების შესახებ, არამედ აქტიურად ებრძოდა და ანეიტრალებდა მათ. ამიტომ, ფელიქს ძერჟინსკის გარდაცვალება (1926 წლის 20 ივლისი) სტალინმა ძალიან მტკივნეულად განიცადა და მეგობარ-თანამოაზრეებს უთხრა: ფელიქსის წასვლა ჩემთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მარჯვენა მომაჭრესო. 30 ივლისს ძერჟინსკი მენჟინსკიმ შეცვალა და ისიც საკმაოდ ეფექტურად ამუშავდა, მაგრამ ძირითადად, ამ სისტემის ხარჯზე, რომელიც მისმა წინამორბედმა „ჩეკაში“ ჩამოაყალიბა“.

სტალინი საკმაოდ მყარად ეყრდნობოდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს და თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებდა. თუმცა, ცდილობდა, ბოლომდე გაეკონტროლებინა ისინი, რადგან კარგად უწყოდა რუსეთის ისტორია, რომელიც სავსეა, ეგრეთ წოდებული, „სასახლის გადატრიალებებით“, ღალატითა და სისხლით.

ისტორიკოსი როი მედვედევი: „სტალინი, შესანიშნავად იცნობდა „ჩეკას“ სისტემას. მის ჩამოყალიბებაში ლენინთან და ძერჟინსკისთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა შეტანილი და ისიც იცოდა, რომ ამ ორგანოში დიდად უჭერდნენ მხარს ტროცკისაც, რომელსაც იქ, საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტებზე თავისი ხალხი ჰყავდა დანიშნული. იცოდა რა ეს სტალინმა, მან ჯერ ძერჟინსკის ხელით, შემდგომ კი მენჟინსკის მეშვეობით, საგრძნობლად შეასუსტა ტროცკის მხარდამჭერთა პოზიციები „ჩეკაში“ და გადამწყვეტი იერიშისთვის მოემზადა. 1926 წლის 2 ნოემბერს მენჟინსკი ზუბალოვოში (სტალინის აგარაკი) ეახლა გენმდივანს და შეატყობინა, რომ 6 ნოემბერს დანიშნულ პოლიტბიუროს სხდომაზე ტროცკის გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოო იერიში მიეტანა სტალინზე, პოსტიდან მისი გათავისუფლების საკითხი დაესვა და ის ჩვეულებრივი კენჭისყრით თავიდან მოეშორებინა. გარდა „ებრაული ლობისა“ ტროცკის მთავარი კოზირი იყო ლენინის ქვრივი ნადეჟდა კრუპსკაია. მართალია, ეს ქალი პოლიტბიუროს წევრი არ იყო, მაგრამ სპეციალური ნებართვა ჰქონდა, დასწრებოდა ყველა სხდომას და სიტყვითაც გამოსულიყო. თუმცა ხმის უფლება არ ჰქონდა. კრუპსკაია საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა მთავრობაში და სწორედ ამის გამოყენებას აპირებდა ტროცკი. მას უნდოდა, რომ ქვრივი სიტყვით გამოსულიყო პოლიტბიუროზე, მიწასთან გაესწორებინა სტალინი და მის მოსახსნელად კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობა მოეპოვებინათ. ეს კარგად უწყოდა სტალინმაც და საშიშროება საკმაოდ რეალური იყო. იმ პერიოდში კრუპსკაია საქართველოში, ბორჯომში იმყოფებოდა და მკურნალობდა. ოქტომბრის ბოლოს ტროცკიმ ქვრივს სპეციალურად ჩააკითხა და სტალინის საწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობის მისაღებად დაყოლიება არ გასჭირვებია. სწორედ, ეს ინფორმაცია მიუტანა მენჟინსკიმ სტალინს ზუბალოვოში. კრუპსკაია 4 ნოემბერს უნდა ჩასულიყო მოსკოვში. თუმცა, 3 ნოემბერს ქვრივი მოიწამლა და თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც 22 ნოემბერს გამოწერეს. პოლიტბიურომ კი მის გარეშე ჩაიარა, ისე რომ სტალინის მოხსნის საკითხი არც კი დამდგარა. ამ პერიოდში 27 წლის ლავრენტი ბერია საქართველოს „ჩეკას“ უფროსის მოადგილე და საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო. როგორც შემდგომ გაირკვა, ქვრივის განეიტრალება სწორედ მისი ნამოქმედარი იყო. მადლობამ კი არ დააყოვნა და იმავე წლის 2 დეკემბერს ბერია უკვე საქართველოს „ჩეკას“ უფროსი გახდა და სტალინმა ის განსაკუთრებულ აღრიცხვაზე აიყვანა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი