ბელადები

რა ინფორმაციებს აგროვებინებდა ბერია საბჭოთა დაზვერვას სამხრეთ ამერიკაში

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 23.06

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ბერია განსაკუთრებული ნიჭისა და უნარების მქონე ადამიანი იყო. მას ისეთი ფართო გაქანება და ასპარეზი ჰქონდა, რომ ნებისმიერი საქმის გაკეთება შეეძლო და მისი მოღვაწეობის დიდი ნაწილი ამოუცნობი, იდუმალი საქმეებითაა სავსე, რომლებსაც შესაბამისი არქივები დღემდე ცხრაკლიტულში ინახავენ.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბერიას მიერ განხორციელებული საქმეებიდან ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული იყო, ეგრეთ წოდებული, გერმანული დიასპორის საქმე არგენტინაში, ანუ გაქცეული ნაცისტი დამნაშავეების დევნისა და მათი ამოცნობის ღონისძიებები. როგორც ცნობილია, ომის მიწურულს, ანუ 1945 წლის მარტ-აპრილში, ნაცისტი დამნაშავეების დიდმა ნაწილმა გერმანიის ტერიტორია დატოვა და ოკეანის გაღმა, ძირითადად, სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გაიქცა. მათ თან წაიღეს აურაცხელი ქონება, ოკუპირებული ევროპის ქვეყნებიდან გაძარცული სიმდიდრის დიდი ნაწილი. ეს ორგანიზებული ჯგუფები, ძირითადად, არგენტინასა და ბრაზილიაში დასახლდნენ და იქ გერმანული დიასპორები ჩამოაყალიბეს. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დიასპორა ნაცისტებს არგენტინაში ჰქონდათ. მათ იქ 1943 წლის დასაწყისში შეიძინეს მიწის დიდი ნაკვეთი და იმთავითვე შეუდგნენ სამშენებლო სამუშაოებს. ეს ტერიტორია, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბავარიის ალპებს ჩამოჰგავდა. სამი მხრიდან მთებითა და ტყეებით იყო გარშემორტყმული, წინ კი ოკეანე იყო. 1946 წლის მაისის დასაწყისში იქ უკვე კომფორტული და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი ბინები ახალმოსახლეებს ელოდა. ბერიას უწყება ამის შესახებ ინფორმირებული იყო და თადარიგიც წინასწარ დაიკავა. კონკრეტულად კი გერმანული დაბიდან 20 კილომეტრის დაშორებით საბჭოთა დაზვერვის არგენტინულმა რეზიდენტურამ მიწის პატარა ნაკვეთი შეიძინა და საქონლის ფერმა მოაწყო. სინამდვილეში იქ სათვალთვალო სადაზვერვო პუნქტი იყო გამართული. ფერმაში მომუშავე გლეხები კი საგანგებოდ გაწვრთნილი მზვერავი-დივერსანტები იყვნენ. მათ კარგი ურთიერთობა დაამყარეს გერმანული დაბის მომსახურე პერსონალთან. რამდენიმე მათგანი კი გადაბირებულიც კი ჰყავდათ. ამრიგად, ოკეანისგაღმა გაქცეული ნაცისტი დამნაშავეების დასახვედრად მზად იყვნენ როგორც დაბის მომსახურე პერსონალი, ასევე, საბჭოთა დაზვერვაც. მთელი ამ ოპერაციის მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ თუკი ადოლფ ჰიტლერი გაქცევას მოახერხებდა და არგენტინაში ჩავიდოდა, შეეპყროთ.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერია ძალიან შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო. მართალია, 1943 წლის დასაწყისში ფაშისტური არმიები ჯერ კიდევ ძლიერ და კარგად ორგანიზებულ სამხედრო დაჯგუფებებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ყველა ანალიტიკური გათვლა იმაზე მიუთითებდა, რომ მათი კრახი გარდაუვალი იყო. აქედან გამომდინარე ბერიამ ივარაუდა, რომ ჰიტლერი გაქცევას მოინდომებდა. ყველაზე დიდი ალბათობით, ოკეანის გაღმა და სამხრეთ ამერიკაში. ამიტომ საბჭოთა საგარეო დაზვერვას დავალება მიეცა, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე აღმოეჩინათ გერმანელთა კომპაქტური დასახლებები ან ახალი მშენებლობები გერმანელების მონაწილეობით. სულ მალე მსგავსი ინფორმაციები მოვიდა არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან და კოლუმბიიდან. ამის გამო სასწრაფოდ მიიღეს საპასუხო ზომები – გააძლიერეს აღნიშნული ლოკაციების კონტროლი და ადგილებზე შეგროვებული ინფორმაციები პირდაპირ ბერიასთან იგზავნებოდა. იქ კი იფილტრებოდა, ჯამდებოდა და სპეციალურ საქაღალდეებში ინახებოდა. აქედან გამომდინარე, „ენკავედეს“ წიაღში შეიქმნა სწრაფი რეაგირების სპეციალური ძალები. მათი დანიშნულება იყო ელვისებური სპეცოპერაციის განხორციელება ამა თუ იმ, ეგრეთ წოდებული, „ობიექტის“ გატაცების მიზნით. ნომერ პირველი ობიექტი კი, რა თქმა უნდა, ადოლფ ჰიტლერი იყო.“

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ნიშანდობლივი ფაქტია, რომ როდესაც ლავრენტი ბერია მოღალატეობრივად მოკლეს, მისი პირადი სეიფები გატეხეს და იქიდან ყველა საიდუმლო საბუთი წაიღეს, რომლებიც საგანგებო საქაღალდეებში იყო განთავსებული. დიდი ალბათობით, რამდენიმე საგანგებო საქაღალდე უტყუარ ინფორმაციებს შეიცავდა იმის შესახებ, რომ ჰიტლერმა რაიხსკანცელარიის ბუნკერში მისი და ევა ბრაუნის თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო. სინამდვილეში კი არგენტინაში გაიქცა და გერმანულ დასახლებაში დაიდო ბინა. ამ ვერსიას ორი რამ ამყარებს. პირველი ის, რომ ჰიტლერის იქ ჩასვლის სავარაუდო დროს, 1945 წლის ივნისში, გერმანულ დაბაში შესვლა შეიზღუდა და საბჭოთა დაზვერვაზე მომუშავე გლეხებს იქ აღარ უშვებდნენ. მეორე კი ისაა, რომ 1953 წლის ივნისის მიწურულს, ანუ ბერიას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ბერიამ სრულ მზადყოფნაში მოიყვანა სპეციალური ძალები და რამდენიმე დღეში ისინი წყალქვეშა ნავით არგენტინაში უნდა გადაესხათ. ამ ძალების პირდაპირი მოვალეობა კი ჰიტლრის გატაცება იყო. ესე იგი, ბერიას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა ჰიტლერის არგენტინაში ყოფნის შესახებ და ასეთი გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო. მაგრამ ოპერაცია არ შედგა – როგორც ერთხელ გენერალ სეროვს წამოსცდა, რომელიც ჯერ ბერიას მოადგილე იყო, შემდგომ კი მისი ადგილი დაიკავა, ჰიტლერის მოსკოვში ჩამოყვანის შანსი ხელიდან გაუშვეს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა