ბელადები

რა ინოვაციები დანერგა ბერიამ საბჭოთა უშიშროების სისტემაში

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 24.04

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის ძლიერების შექმნის ერთ-ერთი მონაწილე კი არა, წამყვანი ძალა იყო და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ სისტემის მოდერნიზებასა და განმტკიცებაში.

ისტორიკოსი როი მედვედევი: „სტალინის შემდეგ სწორედ ბერია იყო ის ადამიანი, ვინც საბჭოთა კავშირის წარმატებულ წინსვლაში უდიდეს როლს ასრულებდა. ბერია იყო სტალინური სისტემის შემქმნელიც, მოდერნიზატორიცა და უპირობო შემსრულებელიც. თუკი რამ ხდებოდა ქვეყანაში, ცუდიცა და კარგიც, მას ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვოდა. ბერია სტალინთან თანაბრად ინაწილებს საბჭოეთის ყველა მიღწევას თუ მარცხს. ხოლო რა უფრო მეტი იყო – მარცხი თუ გამარჯვება, სიკეთე თუ ბოროტება, ამის შესახებ ყველას საკუთარი აზრი აქვს. საბოლოო განაჩენს კი ისტორია გამოიტანს...“

პროფესორი მედვედევი, ერთი შეხედვით, მართალს ამბობს, თუმცა მის სიტყვებში მაინც გამოიცნობა ის გაბოროტება, რასაც ეს ადამიანი სტალინისა და ბერიას მიმართ განიცდის და არცაა გასაკვირი, რომ მედვედევი ისტორიულ განაჩენზე ლაპარაკობს და ეს ყოველივე გამამტყუნებელ კონტენტშია წარმოთქმული. თუმცა პროფესორი იმასაც ხვდება, რომ მათთვის (სტალინი, ბერია) მხოლოდ უარყოფითი იარლიყის მიკერება სრულ აბსურდამდე მიგვიყვანს და მედვედევი გაკვრით, მაგრამ მაინც ამბობს, რომ თურმე მათ წარმატებებიც ჰქონიათ.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ბერია და ეგრეთ წოდებული, ბერიელები დღემდე (1995 წელი) დევნილები არიან და მეც ბერიელთა სიაში ვარ. დევნილები კი იმიტომ ვართ, რომ ბოროტმოქმედებად ვართ გამოცხადებულები. სინამდვილეში კი ყველანი ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაკეთებდით და ეს საქმე იყო დიდი საბჭოთა ქვეყნის მშენებლობა სტალინის ხელმძღვანელობით. სტალინის უახლოესი თანამებრძოლი და ყველაზე დიდი ნიჭით აღჭურვილი პირი კი, რა თქმა უნდა, ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო. სტალინი უჭკვიანესი ადამიანი იყო. მან ბერიაში დიდი შემსრულებელი დაინახა და დააწინაურა და არა იმიტომ, როგორც ზოგი ამბობს, ბერია სტალინის თანამემამულე, ანუ ქართველი იყო და წინ წასწიაო. სწორედ ბერია სჭირდებოდა ჩვენს განადგურებულ უწყებას, რომელსაც იაგოდამ და ეჟოვმა მოუღეს ბოლო. ნიშანდობლივია, რომ ბერიას მოსვლის პერიოდისთვის „ჩეკისტური“ აპარატის 70 პროცენტი ან უკვე უსამართლოდ იყო დახვრეტილი, ან ციხეში იჯდა. მათ შორის, მეც – ცოტა ხანი მეც მომიწია პატიმრობამ, მაგრამ ბერიამ ყველაფერი თავის ადგილებზე დააყენა...“

1938 წლის მიწურულისთვის კი ნიკოლაი ეჟოვის მითითებით, სუდოპლატოვი დააკავეს. მის მიმართ, ეგრეთ წოდებული, მოკვლევა დანიშნეს და ბერიამ რომ წინა მინისტრის ადგილი დაიკავა, უკვე მესამე თვე გადიოდა, რაც სახელოვანი „ჩეკისტი“ ციხეში იჯდა. ბერიამ კი პირველად ის გამოუშვა. და არა მარტო თანამდებობაზე დააბრუნა, არამედ დააწინაურა და ძალიან დაიახლოვა.

შემდგომში ბერიას გუნდის წევრობისთვის პავლე სუდოპლატოვი 15 წლით ჩასვეს ციხეში და სასჯელი ბოლომდე მოახდევინეს.

გენერალი პავლე ფიტინი: „ეჟოვი, პროფესიონალ „ჩეკისტებს“ თავიდან იშორებდა და ტროცკისტების სასარგებლოდ ისეთ ქსელს ხლართავდა, რომ ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება უნდა განხორციელებულიყო. სუდოპლატოვის დაკავებაც აქედან გამომდინარეობდა. მეც წყალი მქონდა შეყენებული და ბერიას დანიშვნამ, სწორედ რომ, დროზე მომისწრო. ბერია სულ რაღაც 4 კვირა ეჟოვის მოადგილე იყო და პირველი, რაც მან გააკეთა, რეპრესირებული „ჩეკისტების“ საქმეებს ჩაუჯდა და თითოეული მათგანი ზედმიწევნით შეისწავლა. დახვრეტილებს რაღას უშველიდა, მაგრამ ციხეში მყოფები გაათავისუფლა და სამსახურში დაააბრუნა. ეჟოვი კი ძალიან მალე დააწინაურა. ბერია უაღრესად კვალიფიციური, კომპეტენტური ადამიანი იყო. ის ძალიან სწრაფად შედიოდა ყველაზე რთული საქმეების კურსში და უდიდესი ეფექტურობით მუშაობდა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ბერია ძალიან კორექტული ადამიანი იყო და არასოდეს გაუსვია ხაზი იმისთვის, რომ ჩვენ მისი ხელქვეითები ვიყავით. განსხვავებით ეჟოვისგან, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, თითოეულ ჩვენგანზე ათი თავით მაღალი გამოჩენილიყო. თუმცა ის ჯუჯა იყო, როგორც გადატანით, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით...“

ლავრენტი ბერიას ძალისხმევის შედეგად საბჭოთა სპეცსამსახურები გაიმართა, რომ იტყვიან, კალაპოტში ჩადგა და ქვეყანამ მიიღო უძლიერესი საგარეო დაზვერვა, სტრატეგიული საგარეო დაზვერვა, უეფექტურესი კონტრდაზვერვა და ანალიტიკური სამსახური. ბერიას პირმშოა სპეციალური ოპერაციების განყოფილების შექმნა. მისმა ინოვატორულმა ჭკუამ ისეთი მეთოდები დანერგა ამ სისტემაში, რომ მტერს უჭირდა მათი გაშიფვრა. ერთი სიტყვით, ბერია ავანგარდში ჩაუდგა ახალ საბჭოთა უშიშროებას და სწორედ მისი წყალობით გახდა ის უძლიერესი მთელს მსოფლიოში...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...