ბელადები

რა ინოვაციები დანერგა ბერიამ, რაც შემდგომ რუსეთმა და უკრაინამ გადაიღო

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.09

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას თანამედროვე პუბლიცისტიკაში „დიდ მენეჯერს“ უწოდებენ და ეს ტერმინი სრულად მიესადაგება მას... სერგო ლავრენტის ძე ბერია: „მამაჩემი უშრეტი ენერგიის ადამიანი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მუხლჩაუხრელად, ფაქტობრივად, დასვენების გარეშე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის ისტორიაში არაერთი აქტიური ადამიანი ჩაწერილა, მაგრამ მათგან განსხვავებით, ლავრენტი ბერიას შრომა განსაკუთრებული ნაყოფიერებით გამოირჩეოდა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მამაჩემზეა საუბარი. სრულიადაც არა. ამას აღიარებენ მამაჩემის დაუძინებელი მტრებიც და ის ადამიანები, ვინც მას ვერაგული შეთქმულება მოუწყო და მოკლა...“ ვიაჩესლავ მოლოტოვი: „1939 წელს სტალინმა თავის სამშობლოში მიმავლინა და ასეთი ფრაზით გამისტუმრა: გაემგზავრე საქართველოში და შენი თვალით ნახე, რა ხდება იქ. რას მოღვაწეობს ბერია. როგორც ამბობენ, იქ ეკონომიური სასწაული ხდება და ყველაფერში ზუსტად გაერკვიეო. მართლაც, ბერიას მიერ მართული საქართველო იყო სანიმუშო მხარე. ირგვლივ სისუფთავე და წესრიგი სუფევდა. ცუდად ჩაცმულსა და მოუვლელ მოქალაქეს ვერ ნახავდი. მათხოვრებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ერთი სიტყვით, თბილისი იმ პერიოდისთვის იყო მოწინავე ევროპული ქალაქი. მოგვიანებით, როდესაც მე ბერლინში ჩავედი და იქაური მდგომარეობა ვიხილე, გამახსენდა 1933 წლის თბილისი. საგულისხმოა, რომ თბილისი არაფრით ჩამოუვარდებოდა ბერლინს, თუ არ სჯობდა მას...“

სერგო ბერია: „ამხანაგი“ მოლოტოვის ბაგენი სიმართლეს ღაღადებენ. თუმცა მოგვიანებით, მას მერე, რაც მამაჩემი ჯერ ვერაგულად მოკლეს, შემდგომ მას იმდენი ტალახი ესროლეს, რომ დღემდე მოქმედებს. მოლოტოვის შეფასებისა არ იყოს, მამაჩემის მმართველობის პერიოდში არა მარტო თბილისი, მთელი საქართველო წელში იყო გამართული. თბილისი კი ამ ყველაფრის სახე იყო, დედაქალაქში მოჩვენებითად არაფერი კეთდებოდა“. ცნობილი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე იხსენებდა: „ბერია იმ ეპოქის სული და გული იყო და აქ მას სტალინზე მეტად სცემდნენ პატივს. მარტო სპორტისთვის, განსაკუთრებით კი ფეხბურთისთვის, იმდენი გააკეთა, რომ შეიძლება ითქვას, ეს ღვაწლი დღემდე მოგვყვება...“ სერგო ბერია: „სწორედ, მამა იყო ინიციატორი იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევები და სხვა წვრილმანი დამნაშავეები შრომითი საქმიანობით დაეკავებინათ. მამაჩემმა გახსნა გამოსაფხიზლებლები, სადაც ხორციელდებოდა ლოთების რეაბილიტაცია შრომის გამოყენებით. მამაჩემის ბრძანებით, სწორედ, ასეთი ადამიანების გამოყენებით გაიყვანეს გზა სოლოლაკიდან მთაწმინდის ფუნიკულიორამდე სოფელ ოქროყანაზე გავლით. მამაჩემისვე ინიციატივა იყო თბილისისა და მისი შემოგარენის გამწვანება და მთაწმინდის ხრიოკი კლდეები სულ მცირე დროში ათეული ათასობით მწვანე ნარგავებით შემოსეს...“ პროფესორი ვიქტორ კუპრაძე: „თბილისში 1936 წელს დავბრუნდი და მაშინვე ბერიას ყურადღების არეალში მოვექეცი. მაშინ ის მთაწმინდის პლატოზე რადიოცენტრის მოწყობას აპირებდა და ამ საქმეში მეც ჩამრთო. როგორც პროფესიონალმა ფიზიკო-მათემატიკოსმა, გარკვეული გაანგარიშებები მეც გადავაკეთე და თავდაპირველად იქ (მთაწმინდაზე) რადიოანძა დამონტაჟდა. შემდგომ მისი არეალი და დანიშნულება გაფართოვდა. მოგვიანებით კი იქ უკვე ასევე ბერიას ინიციატივით (თუმცა ამას უკვე ვეღარ მოესწრო) სატელევიზიო ანძა აღიმართა...“ სერგო ბერია: „მთაწმინდის პლატოზე მდებარე რადიოცენტრს ორმაგი დანიშნულება ჰქონდა. პირველი და ხილული იყო საზოგადოებრივი დანიშნულება. ანუ რადიოგადაცემები. მეორე და უხილავი კი ის იყო, რომ იქ დამონტაჟებული აპარატურა საშუალებას იძლეოდა, რომ თანამედროვე (იმ პერიოდისთვის) ანტენებისა და გადამცემების მეშვეობით ფარული მოსმენები დისტანციურად განხორციელებულიყო...“ ეს მოსასმენი ცენტრი საბჭოთა კავშირის დაშლის მერეც ფუნქციონირებდა. თუმცა, შემდგომ მისი დემონტაჟი განხორციელდა და აპარატურა გაიტანეს. ხოლო რისი გატანაც ვერ შეძლეს, გაიძარცვა... ერთი სიტყვით, „დიდი მენეჯერის“ დიდ კარიერას (იგულისხმება სამეურნეო კუთხე) საქართველოში ჩაეყარა საფუძველი და მსხვილი მეურნის დიდი გამოცდილებაც იქ მიიღო. ბერიასეული გამოცდილება და ინოვაციები, უკვე სტალინის მითითებით, რუსეთსა და უკრაინაშიც დაინერგა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ საქმეების პიონერი ლავრენტი ბერია იყო. სტალინს კი კადრების შერჩევა არ ეშლებოდა და სწორედ, ამიტომ ჩააბარა მას გრანდიოზული სუპერპროექტები...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...