ბელადები

რა გრანდიოზული პროექტი განახორციელა სტალინმა

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.04

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინს დღემდე არა ერთი მაძაგებელი ჰყავს. ეს ბუნებრივია, რადგან გამოჩენილი ადამიანი, მით უმეტეს, სტალინის მასშტაბის პოლიტიკოსი, ყოველთვის ღია სამიზნეა კრიტიკოსებისთვის. მაგრამ, ყველაზე საწყენი ისაა, რომ სტალინს ის ხალხიც ლანძღავს და მიწასთან ასწორებს, ვისაც საბჭოთა ბელადმა მთელი თავისი ნიჭი და ენერგია შეალია და ეს ერი მსოფლიოში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. რა თქმა უნდა, აქ რუსები იგულისხმებიან.

იაკობ კედმი: „სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი რუსი ლანძღავს სტალინს. განსაკუთრებით საწყენია ის, რომ მათ შორის მომრავლდა ასაკოვანი ადამიანები. არადა, სწორედ ისინი უნდა იდგნენ სიმართლის ავანგარდში და ანტისტალინურ შავ პიარს ღირსეულ პასუხს სცემდნენ. ნუთუ დაავიწყდა რუს ხალხს, რომ სტალინმა ეს ერი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა და დიადი რუსი ხალხი უწოდა“.

სტალინის მიერ რუსეთისთვის გაკეთებული სიკეთის ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ძალიან შორს წავალთ. ამიტომ ერთი ფრაზით შემოვიფარგლები და ვიტყვი – სტალინმა რუსეთს ყველაფერი კარგი გაუკეთა...

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინს ყველაზე უკეთ ესმოდა ის, რომ დასავლური სამყარო მანამდე არ მოისვენებდა, სანამ რუსეთს არ დააჩოქებდა. ამიტომ სტალინმა ყველაფერი გვერდით გადადო და ორჯერ განახორციელა საბჭოთა კავშირის (მთავარი აქ რუსეთი იყო) ეფექტური გაძლიერება. პირველად – გერმანიასთან ომამდე. მეორედ მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. პირველ გაძლიერებას ინდუსტრიალიზაცია ეწოდა. სწორედ, ამ ქმედებამ შექმნა ბაზა ჰიტლერზე გამარჯვებისთვის, შემდგომ კი – ქვეყნის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის არნახულად გაზრდისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ომისგან გაპარტახებული ქვეყანა აღსადგენი იყო და სტალინი მას აშენებდა, ის კუდზე აჯდა ამერიკელებს და მათ სამხედრო პოტენციალს არ ჩამორჩებოდა. ამასთანავე, ცდილობდა, ხალხის ცხოვრების დონე აეწია და ამასაც ახერხებდა. თუმცა მთავარი მაინც უსაფრთხოება იყო. მართალია, ცივი ომი გაჩაღდა, მაგრამ შეიძლებოდა, ის ყოველ წუთს ცხელ ომში გადაზრდილიყო და საბჭოთა მეთაური ძალისხმევას არ იშურებდა საამისოდ. ყველაფერთან ერთად, სტალინმა იმ მძიმე ეკონომიკურ ჟამს მიიღო რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება და ეგრეთ წოდებული, სათადარიგო დედაქალაქის მშენებლობა დაიწყო...“

სტალინმა სათადარიგო დედაქალაქი სვერდლოვსკთან (მაშინ ყოფილი და ახლანდელი ეკატერინბურგი) ააშენა ეს იყო იმ პერიოდისთვის სუპერმოდერნიზებული ქალაქი თავისი უზარმაზარი მიწისქვეშა ბუნკერებითა და ოპერატიული მართვის სისტემით. ასევე, საკვების ათწლიანი მარაგითა და მილიონ ადამიანზე გათვლილი საცხოვრებლით (სხვათა შორის, ამერიკული დაზვერვის ცნობით, დღესდღეობით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინი, ძირითადად, სწორედ ამ ბუნკერშია და იქიდან ხელმძღვანელობს მოვლენებს).

ქალაქი ოსტატურად შენიღბვის უმაღლესი ხელოვნების გამოყენებით დაფარეს მწვანე ნარგავებითა და ძირითადად ნაძვისა და ფიჭვის კორომებით, რომლებიც მალე ტყეებად იქცა. ამ სათადარიგო დედაქალაქს აქვს საკუთარი სამხედრო აეროდრომი. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და ბუნებრივი ჯებირი – ურალის ქედი, მთათა სისტემა, რომელიც მაშინდელი სარაკეტო სისტემებისთვის მიუწვდომელი იყო. დღესდღეობით იქ, სავარაუდოდ, უახლესი თავდაცვის სისტემა ფუნქციონირებს.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სვერდლოვსკის მახლობლად აშენებული მეორე დედაქალაქი იმ პერიოდისთვის საკმაოდ ძლიერად დააწვა ქვეყნის ბიუჯეტს, მაგრამ ბელადმა იცოდა, რასაც აკეთებდა და ეს სწორი ნაბიჯი იყო. აღსანიშნავია, რომ ეგრეთ წოდებული, კარიბის კრიზისის დროს, როდესაც ხრუშჩოვმა კინაღამ მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა, მანაც, სწორედ, ამ ბუნკერს შეაფარა თავი...“

საკმაოდ ნიშანდობლივია ანალოგი შორეული 1962 წლის თანამედროვეობასთან. დღესდღეობით კაცობრიობა კვლავ მესამე მსოფლიო ომის პირას დგას და სტალინის მიერ აშენებული ბუნკერი (რა თქმა უნდა, მოდერნიზებული) დღესაც ძალიან საჭიროა და გამოიყენება კიდეც. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად სტალინს არასდროს უსარგებლია ამ ბუნკერით. ის მხოლოდ 1952 წელს ჩავიდა იქ, დაათვალიერა სათადარიგო დედაქალაქი და კმაყოფილი დარჩა.

იაკობ კედმი: „რაც უნდა ეძახონ სტალინს – ტირანი, სისხლისმსმელი თუ სხვა მსგავსი ეპითეტები, ის მაინც კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს აღმშენებლად დარჩება და თუკი ობიექტურნი ვიქნებით, ეს ეპითეტია მისი ნამდვილი სახელი. აი, ამ განსაკუთრებით ასაკოვან მოქალაქეებს შევახსენებ, რომ სანამ სტალინზე აუგს იტყვიან, დაფიქრდნენ, ყველაფერი გაიაზრონ და ნუ დაავიწყდებათ, რომ რუსეთი ყველაზე მეტად სწორედ მან განადიდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...