ბელადები

რა გენიალური კომბინაცია ჩაატარა ბერიამ 1944 წელს

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 02.01, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას უზარმაზარი წვლილი მიუძვის ფაშიზმის დამარცხებაში. სწორედ, მის მიერ მოდერნიზებულმა საბჭოთა უშიშროების სამსახურმა, რა თქმა უნდა, „წითელ არმიასთან“ ერთად, დასცა ბეჭებზე ჰიტლერი და მისი დამქაშები.

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „განა შემთხვევითი იყო, რომ სტალინმა მამაჩემს ჰიტლერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამმარცხებელი შეარქვა და საამისოდ არც ჯილდოები და სამხედრო წოდება დაიშურა. რომ არა მამაჩემის მიერ ამუშავებული საბჭოთა დაზვერვა, ფაშისტებისა და ფაშიზმის დამარცხება ძალიან გართულდებოდა. თუმცა, მამაჩემის მკვლელებმა ამ მიღწევების გაცამტვერება სცადეს. მაგრამ არ გამოუვიდათ და დროთა განმავლობაში ისტორია კიდევ უფრო მეტ სიმართლეს იტყვის მამაჩემის დიდ ღვაწლზე გლობალურ პოლიტიკაში“.

სერგო ბერია სრულიად სამართლიანად და გადაუჭარბებლად ლაპარაკობს საკუთარ მამაზე და სწორედაც რომ, ბერიას გენიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ საშინელი ომის მოგების საქმეში. ამ გენიას კი მეორე გენია – სტალინი აძლევდა გეზს და ამ ტანდემმა კოლოსალურ წარმატებებს მიაღწია.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სიმართლე რომ ვთქვათ, 1944 წლის დასაწყისისთვის ჰიტლერი უკვე განწირული იყო. ეს შესანიშნავად იცოდნენ დასავლეთის მოკავშირეებმა და უკვე სხვა თამაში მიმდინარეობდა. პარადოქსად შეიძლება, მოგვეჩვენოს, მაგრამ უტყუარი ფაქტია, რომ 1944 წლისთვის ცოცხალი ჰიტლერი, პრაქტიკულად, მხოლოდ სტალინისთვის იყო მისაღები. ანგლო-ამერიკელებს კი – პირიქით მისი სიკვდილი აძლევდათ ხელს. ეს რთული მისახვედრი არაა. მოკავშირეებს უკვე ძალიან აშინებდათ საბჭოეთის სამხედრო წინსვლა და „წითელი არმიის“ შეჩერება დაისახეს მიზნად. ამ საქმეში განსაკუთრებით ბრიტანელები აქტიურობდნენ. ჩერჩილი ამბობდა: რუსები რომ ევროპაში შევუშვათ, მათ იქიდან ვეღარ გამოვყრით. სტალინი ევროპას გააწითლებს და რამე უნდა ვიღონოთო. ისიც აშკარა იყო, რომ ჰიტლერი დასავლეთთან მოლაპარაკებებზე არ წავიდოდა. ისევე, როგორც დასავლეთი – ჰიტლერთან. ამიტომ გადაწყდა ფიურერის ლიკვიდაცია და 1944 წლის 20 ივლისს, ჰიტლერზე წარუმატებელი თავდასხმა, სწორედ რომ, ბრიტანელების მიერ იყო ორგანიზებული. ეს ოპერაცია ძალიან გასაიდუმლოებული იყო. საბჭოთა დაზვერვამ კი პოსტფაქტუმ მოიპოვა ინფორმაცია და ბერიას უწყებაც ელვისებურად ამოქმედდა. მიუხედავად იმისა, რომ „ვოლკირიის“ (ჰიტლერზე მოწყობილი ტერაქტის კოდური სახელწოდება) მონაწილეთა ერთი ჯგუფი „გესტაპომ“ მალევე დააპატიმრა, თავისუფალი იყვნენ სხვა ბობოლა შეთქმულები. მათ შორის გერმანიის სამხედრო დაზვერვის („აბვერი“) შეფი, ადმირალი ვილჰელმ კანარისი. ის, იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის დაზვერვასაც აწვდიდა სტრატეგიულ ინფორმაციებს. საბჭოთა დაზვერვას კი ამ ყველაფრის უტყუარი დოკუმენტაცია ჰქონდა. ამიტომ, ეს ინფორმაციები სანდო არხებით „გესტაპოში“ გადაიგზავნა და შედეგიც დადგა. დააპატიმრეს დანარჩენი მთავარი შეთქმულებიც. ბრიტანელების კომბინაცია ჩაიშალა. ჰიტლერმა ომი განაგრძო და სტალინი ევროპაში შევიდა. ანუ, როგორც ჩერჩილი ამბობდა – სტალინმა ევროპა გაათავისუფლა... ეს კომბინაცია ბერიამ და მისმა სუპერმზვერავებმა განახორციელეს...“

მოგვიანებით, მაშინ უკვე ბერია ცოცხალი აღარ იყო, ალენ დალესი წერდა: ბერიას გენიალურმა სადაზვერვო კომბინაციამ შეიყვანა რუსები ევროპაში, ჩვენ კი (დასავლეთს) ფეხი ამოგვიკვეთაო. ალბათ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ ასეთი ძლიერი სახელმწიფო პოლიტიკური ფიგურა თავიდან მოიშორეს, თანაც ასე მარტივად. იგივე დალესი აღნიშნავდა: „როდესაც ბერიას ლიკვიდაციის ამბავი შევიტყვე, სიმართლეს ვიტყვი, არ მჯეროდა. აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ რუსები იმ ერთ-ერთ მთავარ ბურჯს გამოიცლიდნენ, რომელზეც მათი ძლიერება იყო დაშენებული. მე რუსებზე ბევრად უფრო კარგი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ, თურმე, ვცდებოდი“.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ვერაფერს იტყვი, აბსოლუტურად სწორი განსაზღვრებაა. კიდევ კარგად გაძლო ქვეყანამ (საბჭოთა კავშირმა) ამდენი წელი. ჯერ მთავარი ბურჯი სტალინი გარდაიცვალა, შემდგომ კი მას ბერია მიაყოლეს და ამ უნიათოებმა კი სახელმწიფო მიწასთან გაასწორეს. ბერიას დააბრალეს „შპიონობა“, სინამდვილეში კი თავად აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში. მე იმას არ ვამბობ, ხრუშჩოვი ჯაშუში იყო და ინფორმაციებს გადასცემდა-მეთქი... უარესი, ის და მისი დამქაშები გამოიყენეს ისე, რომ მილიონი სუპერჯაშუში ვერ ავნებდა საბჭოეთს, როგორც მათ ავნეს. ეს კი არ მოხდებოდა, ბერია რომ თავიდან არ მოეშორებინათ...“

ჯერ, ალბათ, არ დამდგარა ის დრო, როდესაც სრული სიმართლე ითქვას ყველასა და ყველაფერზე. მათ შორის ბერიაზე, მის მკვლელობასა და დამნაშავეებზე, საბჭოთა ისტორიის იმ ბნელი, დანაშაულებრივი პერიოდის შესახებ, რომელმაც დაშლისკენ წაიყვანა ეს უზარმაზარი გამარჯვებული ქვეყანა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი