ბელადები

რა გეგმა შეიმუშავა ბერიამ ფაშისტების მიერ მოსკოვის ოკუპაციის შემთხვევაში

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 14.08, 2022 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც საბჭოთა კავშირის აღორძინებასა და გაძლიერებაში, ასევე, ქვეყნის დაცვაში „დიდი სამამულო“ ომის დროს. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაბიჯი კი ბერიას ბიოგრაფიაში იყო მოსკოვში მზვერავ-დივერსანტთა მძლავრი არმიის შექმნა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „რა დასამალია და ომის დაწყების პირველ თვეებში გერმანელი ფაშისტები აქტიურად მოიწევდნენ წინ. მათ მოსკოვის მისადგომებს მიაღწიეს და ყველას ეგონა, რომ საბჭოთა დედაქალაქი დაეცემოდა. ჩვენ, „ჩეკისტებს“, სულ სხვა პოზიცია გვქონდა. არ ვაპირებდით მოსკოვის დათმობას. მაგრამ, თუკი მტერი მაინც შემოდგამდა ფეხს, მისთვის ჯოჯოხეთი გვქონდა მომზადებული. და ეს ჯოჯოხეთი იყო მზვერავ-დივერსანტთა ის უზარმაზარი არმია, რომელსაც მოსკოვის ოკუპაციის შემთხვევაში მტრის ზურგში უნდა ემოქმედა და მისთვის თავზარი დაეცა. ეს ძალა კი ლავრენტი ბერიამ შექმნა...“

1941 წლის ივლისში, ანუ ჰიტლერის საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან ერთი თვის მერე, ბერიამ სტალინს წარუდგინა პროექტი, მოსკოვში სადაზვერვო-დივერსიული ქსელის შექმნის თაობაზე, რომელიც მოსკოვის ოკუპაციის შემთხვევაში უნდა ამოქმედებულიყო და ეფექტურად ემოქმედა. სტალინმა მოიწონა ბერიას პროექტი და დაამტკიცა, თუმცა, უთხრა მას: ლავრენტი, ეცადე, რომ ამ გეგმის ამუშავება არ დაგვჭირდეს და მტერი მოსკოვში არ შემოვიდესო.

პავლე ფიტინი (საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი): „ბერიას გეგმით, მზვერავ-დივერსანტთა ათიათასიანი არალეგალური არმია შევქმენით. მის წევრებს მოქმედება მოსკოვის ოკუპაციის შემთხვევაში უნდა დაეწყოთ, არალეგალურად ემუშავათ და მტრისთვის თავზარი დაეცათ. მათი მომზადება არ გაგვჭირვებია, რადგან ყველა ჩვენი თანამშრომელი იყო, კარგად დისციპლინირებული და გაწვრთნილი. მათ ყველა ის ატრიბუტიკა ჰქონდათ, რაც არალეგალური მუშაობისთვის იყო საჭირო – პაროლები, შიფრები, კონსპირაციული ბინები და რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი. ძირითადად, ეს იყო 10-10-კაციანი დამოუკიდებელი ჯგუფები. და უკვე 1941 წლის აგვისტოში ეს არმია არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა.“

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ამ ბერიასეულ გეგმაში, რომელიც სტალინმა დაამტკიცა, ბელადის აზრით, ერთი დიდი მინუსი იყო. ბელადმა ეს „მინუსი“ ამოიღო და გეგმა მის გარეშე დაამტკიცა, თან ბერია გაკიცხა. მინუსი კი იყო ის, რომ ბერიას მოსკოვის ოკუპაციის შემთხვევაში დედაქალაქში დარჩენა სურდა, რომ ამ არალეგალური არმიის მოქმედებისთვის კოორდინაცია გაეწია. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ბერიამ სტალინს უთხრა:

– მე გავუწევ მათ კოორდინაციას. აქ დავრჩები და ვიმოქმედებ. ჩემზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებს.

სტალინმა კი ჰკითხა:

– და როგორ წარმოგიდგენია ეს? ფაშისტური დაზვერვა შენს გარეგნობას კარგად იცნობს და რომ გაიშიფრო, მაშინ?

– შევინიღბები გრიმით, პარიკითა და ყალბი საბუთებით, თანაც გერმანული ენის ცოდნა გამომადგება, – არ ნებდებოდა ბერია სტალინს.

– არა. გამორიცხულია, – მტკიცედ თქვა სტალინმა და დააყოლა, – გამომივიდა კაჩალოვი (დიდი მსახიობი), შენიღბვისა და გარდასახვის დიდოსტატი.

ერთი სიტყვით, ეს საკითხი ასე გადაწყდა და ბერიას მოსკოვში დარჩენა გამოირიცხა. თუმცა ეს არც გახდა საჭირო, რადგან ფაშისტებმა აქ შემოსვლა ვერ შეძლეს, რაშიც ლომის წილი თავად ბერიასა და მის თანამშრომლებს მიუძღვით“.

საქმის სხვაგვარად წარმართვის შემთხვევაში, მოსკოვში დარჩენა მოუწევდათ გენერლებს: სუდოპლატოვს, ფიტინსა და სეროვს. ისინი მნიშვნელოვანი მაღალჩინოსნები იყვნენ და ოკუპაციის შემთხვევაში, სწორედ მათ უნდა გაეწიათ კოორდინაცია მზვერავთა ამ ჯგუფებისთვის. არცერთ მათგანს ფაშისტური დაზვერვა გარეგნულად არ იცნობდა, ამიტომ, მათთვის ყალბი საბუთები დამზადდა. შეიქმნა შესაბამისი ბიოგრაფიული ლეგენდები და ისინიც არალეგალურ მდგომარეობაზე გადაიყვანეს. სეროვს ციხიდან ახალგათავისუფლებულის საბუთი შეუდგინეს და მესამე კლასის მძღოლის მოწმობაც გადასცეს.

პავლე სუდოპლატოვი: „გეგმის მთავარი არსი ის იყო, რომ ოკუპაციის შემთხვევაში ფაშისტებისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიგვეცა, ყველანაირად ხელი შეგვეშალა მათთვის და გერმანული არმიის ნაწილებში პანიკა დაგვეთესა. მომარაგებული და საიმედოდ გადანახული გვქონდა უამრავი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. ისინი მთელ მოსკოვში იყო გაფანტული. ისე გავიანგარიშეთ, რომ ყოველ ერთ საათში ერთდროულად 3-4 სხვადასხვა ადგილზე მსხვილი თავდასხმა უნდა მომხდარიყო. დაიხოცებოდა უამრავი ოკუპანტი და ფაშისტებს საშინელებას დავატეხდით თავს. საბედნიეროდ, ეს არ დაგვჭირდა. მოსკოვი დავიცავით. ამ საქმის ავანგარდშიც ბერია იდგა.“

ბერიამ და მისმა ხელქვეითებმა სტალინის მადლობა დაიმსახურეს. ხოლო ეს გეგმა და გამოწვრთნილი ხალხი კი ომის სხვადასხვა ეპიზოდში გამოიყენეს და თავიანთ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი