ბელადები

რა გეგმა შეიმუშავა ბერიამ მოსკოვის ოკუპაციის შემთხვევაში

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.01

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიამ, როგორც დიდ სახელმწიფო მოღვაწეს შეეფერება, ქვეყნისთვის უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა. თუმცა, ბერია თავისი არსით მაინც „ჩეკისტი“, სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო და ყველაზე დიდი წარმატება მას ამ სფეროში ან ამ სფეროს გამოყენებით ჰბონდათ.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ლავრენტი ბერია „ენკავედეს“ ლეგენდარული ხელმძღვანელი იყო და სწორედ მისი წყალობით გახდა ჩვენი უწყება უძლიერესი ორგანიზაცია და სწორედ ბერიას მეთაურობით მივაღწიეთ დიდ წარმატებებს, როგორც მშვიდობიან, ასევე ომის პერიოდში. უამრავი საქმე გვაქვს გაკეთებული ბერიას უშუალო მონაწილეობით, როგორც დაგეგმარების, ასევე ოპერატიულობის კუთხით. ბერია, ჩვენთან ერთად, პირადად გეგმავდა ამა თუ იმ ოპერაციის დეტალებს და სანამ სრულყოფილებამდე არ დავხვეწავდით, მანამდე არ იძლეოდა მისი განხორციელების ვიზას. ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული გეგმა იყო მოსკოვში არალეგალური იატაკქვეშა ქსელის შექმნა, რომელიც უმაღლეს დონეზე იყო მოფიქრებული და მომზადებული. მე ვგულისხმობ იმ პროგრამას, როგორ უნდა გვემოქმედა ფაშისტური ოკუპაციის დროს, იმ შემთხვევაში, თუკი გერმანელები საბჭოთა დედაქალაქს დაიპყრობდნენ. 1941 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მოსკოვში 400 კონსპირაციული ბინა გვქონდა მომზადებული და სათანადოდ აღჭურვილი. მოვაწყვეთ იარაღის 100 სამალავი, სადაც სხვადასხვა ტიპის მსუბუქი და მძიმე შეიარაღება გვქონდა დამალული. 3 ათასი ოპერატიული თანამშრომელი არალეგალურ მდგომარეობაზე იყო გადაყვანილი. მათ სხვა გვარზე გაცემული საბუთები ჰქონდათ. ამ გეგმის მიზანი იყო ოკუპანტების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა ქალაქის პირობებში. გეგმის ცენტრალური ნაწილი იყო ჰიტლერის ლიკვიდაცია. ვვარაუდობდით, რომ თუკი ფაშისტები მოსკოვს აიღებდნენ, მაშინ იქ აუცილებლად ჩავიდოდა ჰიტლერი ამ მოვლენის აღსანიშნავად, ისევე, როგორც მან ეს პარიზში გააკეთა. ეს ოპერაციაც მაშინ უნდა განხორციელებულიყო. ფიურერის ლიკვიდაციის რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა. ერთი აღლუმის დროს დაიგეგმა, თუკი ასეთი აღლუმი ჩატარდებოდა. ჰიტლერი სპეციალურად შექმნილი რეაქტიული ჭურვის ზუსტი გასროლით უნდა მოესპოთ, რომელიც უზუსტესად ხვდებოდნენ მიზანში. ეს გასროლა კი მოსკოვის ერთ-ერთი კონსპირაციული ბინიდან უნდა განხორციელებულიყო. იყო აგრეთვე, ეგრეთ წოდებული, კამიკაძის ვარიანტიც, ანუ ადამიანის სამოსში ჩამონტაჟებულბომბიანი ჩვენი თანამშრომელი მაქსიმალურად უნდა მიახლოვებოდა მოსკოვის ქუჩაში მოსეირნე ფიურერს და ასაფეთქებელი მოწყობილობა აემოქმედებინა. ამ გეგმის მიხედვით განაწილებული ადამიანები თავ-თავიანთ ადგილებზე 1942 წლის ნოემბრამდე დარჩნენ. შემდგომ კი ეს საშიშროება გაქრა და ყველა თანამშრომელი ლეგალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ამ გრანდიოზული გეგმის გარდა, რომლის განხორციელება, საბედნიეროდ, არ გახდა საჭირო, სხვა მრავალი გეგმა განხორციელდა. მათ შორის ყველაზე დიდი და ეფექტური იყო პარტიზანული მოძრაობა. მე არანაირად არ ვაკნინებ წითელ არმიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ფაშისტების განადგურებაში, მაგრამ რომ არა პარტიზანული მოძრაობა, ამ ომში გამარჯვება ბევრად უფრო გაძნელდებოდა. კონკრეტულად პარტიზანული ომი ბერიას მოგონილი არ ყოფილა და ჯერ კიდევ ნაპოლეონის წინააღმდეგ იყენებდნენ ამ მეთოდს. თუმცა, ბერიამ ბრძოლის ამ მეთოდს მრავალი კომპონენტი შესძინა, გაამდიდრა ის და ამან დიდი წარმატება მოიტანა. ჩვეულებისამებრ, ლავრენტი ბერიამ მკვეთრი შტრიხები შეიტანა ამ ბრძოლის მეთოდში. თუკი, ჩვეულებისამებრ, პარტიზანული მოძრაობა წარმოადგენდა რუსი გლეხობის ფარულ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ, ბერიამ ამ ბრძოლის სათავეში პროფესიონალები ჩააყენა. შეიქმნა პარტიზანული ბრძოლისთვის განკუთვნილი საბრძოლო რაზმი, ამისთვის პარტიზანებს სპეციალურად ამზადებდნენ „ენკავედეს“ საბრძოლო ცენტრებში. ბერიას უშუალო მითითებით შეიქმნა მზვერავი პარტიზანის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტრის მაღალჩინოსნებს გაანადგურებდა. ამ იდეამ დიდი წარმატებით იმუშავა. ამ ტიპის მებრძოლის თვალსაჩინო ნიმუში კი ნიკოლოზ ივანეს ძე კუზნეცოვი იყო. ადამიანი-ლეგენდა, რომელსაც სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. კუზნეცოვს არა ერთი ფაშისტი მაღალჩინოსანი მტარვალი ჰყავდა ლიკვიდირებული დასავლეთ უკრაინაში. ბერიას ეს სიახლე შემდგომ ნორმა გახდა სპეცსამსახურების საქმიანობაში. შემდგომ კი ეს მეთოდი მსოფლიოს სხვა სპეცსამსახურებმაც წარმატებით გადაიღეს და დღემდე ეფექტურად იყენებენ. ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლეს ძე ბერია სპეცსამსახურების ეფექტური ფუნქციონერების მტკიცე გარანტი იყო საბჭოთა კავშირში და ბევრი დიდი საქმე მან სწორედ ამ სისტემაში და ამ სისტემის დახმარებით განახორციელა. ამიტომ მიიჩნევენ ბერიას გენიად.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა