ბელადები

რა ეშმაკობებს მიმართავდა ბერია ხალხის კეთილდღეობისთვის

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.01

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ბერია ძალიან საზრიანი, ეშმაკი და მოხერხებული კაცი იყო. ის ყოველთვის ახერხებდა, კანონის დაურღვევლად გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც თავის თანამემამულეებს მატერიალურ სიკეთესა და ბარაქას მოუტანდა...

ეკონომიკის პროფესორი ვალენტინ კოგანი: „მეოცე საუკუნის ოციანი წლების მიწურულიდან საბჭოთა კავშირში არსებობდა კოოპერაციის კანონი. ის საშუალებას იძლეოდა, რომ გლეხს იჯარით აეღო მიწა და დაემუშავებინა. მოსავალი მოეყვანა და სახელმწიფოსთვის მიეყიდა დადგენილი ტარიფებით. მიწის იჯარით ასაღებად ფართი დადგენილი არ იყო. იმავე კანონით, იჯარა გაიცემოდა 49 წლით და საიჯარო მიწაზე შეიძლებოდა დამხმარე ნაგებობის აშენება. ბერიამ, ეს კანონი ერთობ ოსტატურად მოარგო ქართველ გლეხობას. დააწესეს საიჯარო მიწის ფართი 5 ჰექტარი. ხოლო მიწაზე ასაგები დამხმარე ნაგებობის ასაშენებელი ხარჯების 80 პროცენტს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავდა. დაწესდა აგრეთვე, მოყვანილი დოვლათის ჩასაბარებელი ფასები და ის ყველაზე მაღალი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ამგვარად, გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ქართველი გლეხობა ერთბაშად გასწორდა წელში და ეს ბერიას დამსახურება იყო“.

ბერიას მიერ გლეხობაზე მორგებული კანონი საქმეში ასე გამოიყურებოდა: 49-წლიანი მიწის იჯარა და იქ დამხმარე ნაგებობის აშენება, ფაქტობრივად, დაფუძნების ტოლფასი იყო. სახელმწიფო უფასოდ უშენებდა გლეხებს სახლებს, ეს ერთი... და მეორე: გარდა იმისა, რომ იჯარით აღებულ მიწაზე გეგმურად მოყვანილი ჭირნახული უმაღლეს ფასად ბარდებოდა სახელმწიფოს და გლეხს შემოსავალი ჰქონდა, იმ მიწებზე სამჯერ მეტი არაგეგმური მოსავალი მოდიოდა, რაც მთლიანად გლეხს რჩებოდა. ამიტომ, გლეხი მის ნაწილს იტოვებდა, ნაწილს კი საბაზრო ფასში ყიდდა და უფრო მეტ ფულს შოულობდა. ამგვარად, ლავრენტი ბერიამ, ფაქტობრივად, კერძო საკუთრება დაუშვა გლეხებში და ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებს არ გასცილებია. აქედან გამომდინარე, 1930 წლიდან დასავლეთ საქართველომ არნახული აყვავება დაიწყო და ეს პროცესი შემდგომ წიფის გვირაბს გამოსცდა.

ისტორიის პროფესორი მიხეილ სტუპკა: „თუკი შეიძლება, ასეთი ეპითეტი ვიხმაროთ, ბერია კაშკაშა ვარსკვლავი იყო, მით უმეტეს, სტალინის პოლიტბიუროს წევრების ფონზე... ბერია, გარდა იმისა, რომ გონიერი და განათლებული გახლდათ, ის განსაკუთრებული სიმამაცითაც გამოირჩეოდა, რაც მის თამამ ინიციატივებში ჩანდა. მაშინ, როდესაც მთავრობის ყველა წევრი ყველაფერს სტალინს ეკითხებოდა, ბერია პირდაპირი ინიციატივით, უკვე გამზადებული გეგმით მიდიოდა ბელადთან და თავის მიზანსაც წარმატებით აღწევდა. ხშირ შემთხვევაში კი, ბერიას უკვე გაკეთებული ჰქონდა საქმე და სტალინის ნებართვას პოსტფაქტუმ იღებდა“.

სტალინისგან გაკეთებულ საქმეზე პოსტფაქტუმ მიღებული ნებართვა, თითქმის ასპროცენტიანი სიკვდილი იყო, მხოლოდ - არა ბერიასთვის, რადგან პოსტფაქტუმ თანხმობასაც ის ეშმაკური მახვილგონივრული სვლებით ახორციელებდა. მაგალითად, ომის დაწყებისას საავიაციო ქარხანა თბილისში გადაიტანეს და ეს უმოკლეს დროში განხორციელდა. ეს პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებული იყო, ბერია კი სტალინს გამზადებული დოკუმენტაციით ეახლა და ხელი მოაწერინა ევაკუაციის საბუთზე. თან, დასაბუთებულად უთხრა, რომ თბილისი ყველაზე უსაფრთხო იყო ამ კუთხით და ევაკუაციის უფლება მოგვეცითო... სტალინმა ევაკუაციის დაწყების ნებართვა გასცა. თუმცა, ევაკუაცია უკვე წარმატებით იყო განხორციელებული...

დიდი ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი ვიწრო წრეში ყვებოდა: „სტალინს, რატომღაც არ მოვდიოდი თვალში. მას ჩემი სტილი არ მოსწონდა, თან ყურში ჩააწვეთეს: საფრანგეთში დიდხანს ცხოვრობდა და ბურჟუა მხატვრებთან მეგობრობდაო. სამაგიეროდ, ბერიას დავუცვივარ არაერთხელ და სტალინისათვის უთქვამს: ის ბურჟუა მხატვარი კომუნისტი პაბლო პიკასოა... გარდა ამისა, ბერიას ძალისხმევით, ჩვენ, მხატვრებს შეკვეთებში მაღალი ტარიფები დაგვიწესეს და კარგად გვიხდიდნენ. მოგვცეს სახელოსნოები. სხვათა შორის, მე რომ ქაშუეთის ეკლესია მომახატვინეს, ეს ბერიას მეშვეობით მოხდა. ბერიას ხელოვნება კარგად ესმოდა.“

ბერიას, არა მარტო ხელოვნება, სხვა დისციპლინებიც კარგად ესმოდა და ყოველმხრივ უწყობდა ხელს მათ განვითარებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი