ბელადები

რა აიძულა ბერიამ კუუსინენს

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 11.02, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას სახელი დღემდე ბოროტებისა და მზაკვრობის სიმბოლოა. მას მიაწერენ თითქმის ყველა იმ ბოროტებას, რაც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ბერიას სიკვდილამდე ხდებოდა საბჭოთა კავშირში და ტყუილ-მართალში გარკვევა ჯერაც უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.

სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „რომ ვთქვა, მამაჩემი ანგელოზი იყო და მხოლოდ სიკეთეს სჩადიოდა-მეთქი, ტყუილი იქნება და იმ სიმართლესაც არავინ დამიჯერებს, რასაც ვამბობ. მამაჩემი – ლავრენტი პავლეს ძე ბერია სტალინური მმართველობის ერთ-ერთი თანამდებობის პირი იყო და თამამად ვამბობ, რომ პოლიტბიუროს წევრებსა (მისი კოლეგები) თუ საბჭოთა უშიშროების სხვა ხელმძღვანელებზე ბევრად ნაკლები დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. უბრალოდ, ყველა ცოდვა მამას მიაწერეს, მას შეაწმინდეს ხელები და თავად კი მოსახლეობას აღმშენებლებად და უცოდველ კრავებად მოაჩვენეს თავი. თუმცა ეს ასე არ ყოფილა და თუკი, ეგრეთ წოდებულ, შავ პიარს განვაგდებთ და დღის სინათლეზე ჭეშმარიტ ამბებს გამოვიტანთ, მაშინ ლავრენტი ბერია სულ სხვა, თავისი ნამდვილი სახით წარმოჩინდება.“

სერგო ბერია, პრინციპში, მართალია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბერიას რამდენიმე ნამდვილი სახე ჰქონდა და მხოლოდ მათი ერთობლიობითაა შესაძლებელი ამ ადამიანის ნამდვილი სახის დახატვა. ეს კაცი ცალსახა არასდროს ყოფილა და მასზე არ შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ცუდი ან, პირიქით, კარგი პიროვნება. თუმცა, თამამად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ბერია ნამდვილად წარმატებით ახორციელებდა როგორც ცუდ, ასევე კარგ საქმეებს. უფრო სწორი ნათქვამი კი იქნება – ახორციელებდა დავალებებს. მაგალითად, თუკი ბერიამდე ტროცკიზე 11 წარუმატებელი ტერორისტული აქტი მოეწყო, ბერიას ორგანიზებული ერთადერთი ტერაქტი სრული წარმატებით დასრულდა. აი, ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უმაღლეს დონეზე ახორციელებდა ბერია ცუდ საქმეებს. მკვლელობა ხომ ყველაზე დიდი ცოდვა, ყველაზე ცუდი საქმეა? მეორე მსოფლიო ომის დროს კი საბჭოთა სამრეწველო პოტენციალის ურალის მთებს მიღმა გადატანაც ბერიას ორგანიზებული იყო და ესაა იმის ნათელი მაგალითი, თუ რა კეთილი საქმე გააკეთა ბერიამ. ამ ქმედებამ საბჭოეთი კატასტროფული მარცხისგან იხსნა. თუმცა, მავანნი ამაშიც პოულობენ ბოროტების მარცვალს და ბერიას ცუდ საქმედ უთვლიან.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „კარგი და ცუდი, ზოგადად, სადავო საკითხია, მით უმეტეს, მაშინ, თუკი შენ დიდი სახელმწიფო პოსტი გიკავია და ქვეყნის სასიკეთოდ იღვწი. ქვეყანა კი ხალხისგან შედგება. ესე იგი, იღვწი ხალხისთვის. ხალხისთვის ღვაწლი კი ცუდად არ უნდა შეფასდეს, თუნდაც რაღაც გადაცდომებს ჰქონდეს ადგილი. მაგალითად, 1939 წელს მოხდა ასეთი რამ: სტრატეგიული მოსაზრებით, როცა სტალინმა ფინური კამპანია წამოიწყო (ეგრეთ წოდებული, „ზამთრის ომი“), შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, „ფინეთის დემოკრატიული რესპუბლიკა“ (ძირითადად, ქაღალდზე) და ამ „ქვეყნის“ მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი ოტო კუუსინენი გახდა. ეს ადამიანი კომუნისტური ინტერნაციონალის („კომინტერნი“) თვალსაჩინო ლიდერი იყო. ეროვნებით ფინელი. 2 დეკემბერს სწორედ მან მოაწერა ხელი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას, რასაც ომი მოჰყვა. ფინეთში კუუსინენი დღემდე მოღალატის სახელით მოიხსენიება. მას ამის გაკეთება არ სურდა (მიუხედავად კომუნისტობისა). გაიქცა კიდეც. თუმცა, მაშინდელი „ჩეკას“ უფროსის, ბერიას ბრძანებით, კუუსინენი შეიპყრეს და ბერიას მიჰგვარეს, რომელმაც აიძულა ფინელი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. პრინციპში, პერიამ ბოროტი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ ამ ბოროტებამ საბჭოეთს ხეირი მოუტანა და ესე იგი, მის ხალხსაც.“

სუდოპლატოვისა არ იყოს, სიკეთე და ბოროტება ფარდობითი ცნებებია. ერთისთვის ბოროტება, მეორისთვის შეიძლება, სიკეთე იყოს და პირიქით.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის ბიოგრაფიაზე მუშაობისას სხვა, არაერთი საბჭოთა მაღალჩინოსნის ისტორიებსა და მათ ბიოგრაფიებსაც გავეცანი და ნიშანდობლილვია, რომ ლავრენტი ბერია მათ შორის განსაკუთრებულადაა გამორჩეული. გამორჩეულია საქმებითა და იმ ღვაწლით, რომელიც მან ქვეყნის აღორძინებაში შეიტანა. ამიტომ, უმართებულოდ მიმაჩნია ბერიას გაქილიკება, მიწასთან გასწორება და ყველა „საბჭოთა ცოდვის“ მისთვის დაბრალება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი