ბერიას რომელი რეფორმები გადაიღეს მოწინავე ქვეყნებმა
ავტორი: ნიკა ლაშაური 8 წუთის წინ
ლავრენტი ბერია უნიკალური ადამიანი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობაში. გრანდიოზულ საიდუმლო პროექტებთან ერთად, ასევე აღსანიშნავია ლავრენტი ბერიას მიერ ლოკალურად წამოწყებული და კონკრეტულად მისი ხელმძღვანელობით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებმაც შემდგომ საკავშირო დანიშნულება მიიღეს.
პროფესორი ბორის სოკოლოვი: „სტალინის ძალიან ზუსტი ფრაზა – „კადრები წყვეტენ ყველაფერს“ – აბსოლუტურად გაამართლა ლავრენტი ბერიამ. საბჭოთა ბელადმა, სტალინმა, ტყუილად როდი დააწინაურა და გადაიყვანა მოსკოვში და მას ყველაზე საპასუხისმგებლო უბანი ჩააბარა. მანამდე ლავრენტი ბერიამ საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე იმუშავა. და რუსეთის ყოფილი ჩამორჩენილი პერიფერიული მხარე საბჭოთა კავშირის მოწინავე რესპუბლიკად გადააქცია. ლავრენტი ბერია ყველგან და ყოველთვის დიდი დატვირთვით მუშაობდა. მას უშრეტი ენერგია და საოცარი ნებისყოფა ჰქონდა. იყო ნოვატორი და სიტყვიდან მაშინვე საქმეზე გადადიოდა. საქართველოში მოღვაწეობა ლავრენტი ბერიასთვის დიდი პოლიტიკური ტრამპლინი იყო. სტალინი უდიდესი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს თავისი თანამემამულის საქმიანობას საქართველოში და მას მოსკოვში გადასაყვანად ამზადებდა. ბერიამ საქართველოში სტალინს უდიდესი საქმე გაუკეთა. გარდა იმისა, რომ ლავრენტი პავლეს ძე საბჭოთა ბელადის თვალი და ყური იყო სამხრეთ კავკასიაში, ბერიამ შეძლო და სტალინის ოპოზიცია გაანეიტრალა. ეს ოპოზიცია ძველი ბოლშევიკებისგან შედგებოდა, ანუ იმ ხალხისგან, ვინც სტალინთან ერთად იბრძოდნენ კავკასიის ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში. და ამ ადამიანებს მიაჩნდათ, რომ სტალინზე არანაკლებნი იყვნენ და ხშირ შემთხვევაში სტალინის ყოვლად უსამართლო დისკრედიტაციას ეწეოდნენ. მაგალითისთვის პაპულია ორჯონიკიძეც კმარა, სერგო ორჯონიკიძის ძმა. ახლო წრეში ის ყოვლად უპატივცემულოდ მოიხსენიებდა ხოლმე სტალინს. დასცინოდა კიდეც მას და ამბობდა: თუკი სტალინი ჩვენ მიმართ პატივისცემას არ გამოიჩენს, მას ჩვენ, უბრალოდ, მოვაშორებთ ხელმძღვანელობასო. ბერიამ პაპულია დააპატიმრა. სერგო ორჯონიკიძის ძმას ბრალად ედებოდა როგორც ეკონომიკური დანაშაული, ანუ სახელმწიფო თანხების გაფლანგვა, ასევე საბოტაჟი და უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის ცილის წამება. პაპულია დახვრიტეს და მას თავისმა ძმამაც კი ვერ უშველა. ამის მერე ანტისტალინური ოპოზიცია საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ეს, რა თქმა უნდა, სტალინმა დიდად დააფასა. ბერია კი განაგრძობდა მუშაობას და ერთი მხრივ, საქართველოსა და ამიერკავკასიაში მკაცრ სამართლებრივ სისტემას ნერგავდა, მეორე მხრივ კი, არნახულ აღმაშენებლურ საქმიანობას ახორციელებდა. 1928 წლიდან მოყოლებული, როდესაც ბერია ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ მეთაურობდა, მისი წყალობით, საქართველოში კრიმინალური სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა. 1934 წლისთვის თითქმის აღარ ხდებოდა მძიმე დანაშაულებები – მკვლელობები, ძარცვა-ყაჩაღობა და ცალკეული ბოროტმოქმედები ჯიბგირობითა და წვრილმანი ქურდობებით ირჩენდნენ თავს. თუმცა, მათ მალევე იჭერდნენ და ციხეში ამწესებდნენ. ამაში კი დიდი როლი ითამაშა ბერიას მიერ შექმნილმა კარტოთეკამ, რომელსაც მანამდე ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში და მერე ეს სისტემა გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადაიღეს. კარტოთეკის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ გარდა ბოროტმოქმედის სპეციალობის, სურათებისა და თითების ანაბეჭდებისა, მასში მითითებული იყო კრიმინალური კავშირებიც და სწორედ ეს ხდიდა შესაძლებელს მის სწრაფ გამოვლენასა და დაპატიმრებას. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ბერია ჭადრაკის დიდი ქომაგი და მოყვარული იყო. შესანიშნავად თამაშობდა და სწორედ ბერიას დამსახურებაა საქართველოში ჭადრაკის სწრაფი და ნაყოფიერი განვითარება. ბერიას მარჯვენა ხელის, გენერალ სერგო გოგლიძის ძმა, ვიქტორ გოგლიძე შესანიშნავი მოჭადრაკე და პედაგოგი იყო. ბერიამ მას პიონერთა სასახლეში ჭადრაკის წრე გაუხსნა და ნიჭიერი ბავშვების მოზიდვა დაავალა. გოგლიძემ კი მთელი სისტემა შექმნა და სწორედ ამ სისტემის აღზრდილები იყვნენ მომავალი ლეგენდარული მოჭადრაკე ქალები და ასევე, სომეხი ტიგრან პეტროსიანი. ამ პროექტის განხორციელება იმ ცნობილ ბერიასეულ პროექტებთან შედარებით თითქმის არაფერია, მაგრამ ბერიამ ამით ჯერ თავისი სამშობლო, საქართველო წამოსწია წინ, შემდგომ კი ამ ყველაფერს უკვე უზარმაზარი საბჭოთა მასშტაბი მისცა და ქვეყანა გააძლიერა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



