ბელადები

ბერიამ ვატიკანში უმძლავრესი საჯაშუშო ქსელი შექმნა

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 07.02

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

  ლავრენტი ბერია რომ დიდი ორგანიზატორი და ინოვატორი იყო, ამას ყველა ერთხმად აღიარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბერიას მიერ ფუძეჩაყრილი საქმეები დღესაც მყარად დგას ფეხზე და წარმატებით ფუნქციონირებს. რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური კი ახლაც ლავრენტი ბერიას მიერ შექმნილი საჯაშუშო ქსელით სარგებლობს, რომელიც მთელს მსოფლიოშია მოფენილი. 

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, ანატოლი არხიპოვი წერს: „ჩემი აზრით (რა თქმა უნდა, ამ აზრს არავის ვახვევ თავზე), ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ ყველაზე დიდ წარმატებას მაინც უშიშროების სფეროში მიაღწია. მავანი, ალბათ, მეტყვის – და ატომური პროექტიო? მე კი ვუპასუხებ. დიახ, ატომური პროექტი და სწორედ, ის იყო საბჭოთა დაზვერვისა და პირველ რიგში, ლავრენტი ბერიას უდიდესი წარმატება სადაზვერვო-პოლიტიკურ სფეროში. რომ არა მის მიერ ჯერ კიდევ ომამდე შექმნილი გლობალური საჯაშუშო ქსელი და მისი ეფექტური მუშაობა, ვერც ამ დიდ ომს მოვიგებდით და ვერც ატომურ იარაღს მოვიპოვებდით, რომელიც ოფიციალური საბჭოთა ვერსიით, ეგორ კურჩატოვმა შექმნა, სინამდვილეში კი ის ბერიამ მოჰპარა ამერიკელებს.

უშიშროების გენერალი იოსებ რაიზმანი ყვებოდა: „ეს ახლა იძახიან უბრალოდ – ბერიამ ამერიკელებს ბომბი მოჰპარაო, რაც სიმართლეა, თუმცა, მარტივად ნამდვილად არ ყოფილა საქმე და ამას ძალიან დიდი მუშაობა, გონება და თავდადება დასჭირდა. მარტო ის რად ღირს, რომ ატომური ბომბის დაუფლების ოპერაციის პარალელურად, შეიქმნა გლობალური საჯაშუშო ქსელი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ბერიამ მოახერხა და წმიდა ვატიკანშიც კი ძალიან ღრმად შეაღწია...“
ვატიკანში შეღწევას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. ზოგს ეს გამოსდიოდა, ზოგს კი – არა. ზოგს კარგად გამოსდიოდა და ზოგსაც – ცუდად. ბერიას კი ეს შესანიშნავად გამოუვიდა და როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მან ამისთვის მარტივი, მაგრამ გენიალური საშუალება გამოიყენა.


გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ცოტა შორიდან მოვუვლი და ვიტყვი, რომ გაგანია ომის დროს სტალინმა რომ რელიგია დაუშვა, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესია კი ისევ ავტოკეფალიური გახადა, ეს ბერიას იდეა იყო. ლავრენტი ბერიამ შესთავაზა სტალინს, რამაც სრულიად გაამართლა. კვლავ გაიხსნა ათასობით მართლმადიდებლური, გრიგორიანული და კათოლიკური ტაძრები, აგრეთვე, მეჩეთები და სინაგოგები. პატიმრობიდან და გადასახლებიდან კი ათეულ ათასობით რელიგიური მსახური დააბრუნეს. ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით, ამიტომაც აღნიშნავს ყველა ერთხმად. თუმცა, აქ მხოლოდ სტალინის სახელია ნახსენები და ბერია არსად ჩანს. რა თქმა უნდა, რელიგიის დაშვება ერთი და უმთავრესი საკითხი იყო, მაგრამ საჭიროებას წარმოადგენდა კონტროლის მექანიზმის შემუშავებაც და ბერიას ბრძანებით, უშიშროებაში ყველა რელიგიურ მსახურზე იდო დოსიე. ამ დოსიეებში, როგორც მიღებულია, მხოლოდ აბსოლუტური სიმართლე ეწერა. საბჭოთა კონტრდაზვერვა ამ რელიგიური მსახურების გამოყენებას ახერხებდა და ეს არა მარტო ფაშისტების მტრის ზურგში ხორციელდებოდა, არამედ არაოკუპირებულ რეგიონებშიც. სასულიერო პირები ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს გვაწვდიდნენ და ფიზიკურადაც გვეხმარებოდნენ. ამის გამო ძალიან ბევრი მათგანი (ძირითადად, მართლმადიდებელი მღვდლები) სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. ომის შემდგომ კი, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირთა გამოყენების საჭიროება შემცირდა, ზოგიერთ საქმეში მათ ძალიან ეფექტურად იყენებდნენ და მათ შორის ატომურ შპიონაჟშიც. ეს ერთი შეხედვით, უცნაური ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ მრავალი ფიზიკოსი და ატომურ საქმიანობასთან დაკავშირებული პიროვნება მორწმუნე იყო. ეკლესიებშიც დადიოდნენ და ხშირად აღსარებებსაც აბარებდნენ, მათ შორის ვატიკანში და ეს იყო სწორედ, ინფორმაციის მიღების ძალიან კარგი საშუალება. 1945 წელს, მაშინ, როდესაც ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, ბერიას თაოსნობით, შევიმუშავეთ ოპერაცია „ვატიკანი“ და მის განხორციელებას შევუდექით. საგულისხმო და ნიშანდობლივი ფაქტია, რომ უშუალოდ ბერია იყო ჩართული ამ საქმიანობაში და ბევრ მათგანს აგენტებად გადმოსაბირებლად პირადად ესაუბრებოდა ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ – „ავერბოვკებდა“. ოპერაციის გეგმის მიხედვით, ვიცოდით, რომ ატომურ საქმეში ჩართული ძალიან ცნობილი ფიზიკოსი დადიოდა მოძღვართან და მას აღსარებას აბარებდა. ამ ოპერაციისთვის შესაბამისი კონტინგენტი შევარჩიეთ. მოძღვარი, რომელიც მისგან აღსარებას იღებდა, კარდინალი იყო. ის კარდინალთა საბჭოში შედიოდა და რომის პაპთან იყო დაახლოებული. მთელი „მარილი“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ კარდინალი ჰომოსექსუალი იყო. ჩვენთან ფუნქციონირებადი კათოლიკური ეკლესიის წიაღში მოვძებნეთ მოღვაწე, რომელიც ასევე ჰომოსექსუალი იყო. მას ჩვენი ჰომოსექსუალი აგენტი მივუგზავნეთ და მათი გარყვნილი ქმედებები ფარულად კინოფირზე აღვნუსხეთ. შემდეგ ეს სასულიერო პირი „ლუბიანკაზე“ (უშიშროების შენობა მოსკოვში) მივიყვანეთ და ფიტინის თანდასწრებით მას თანამშრომლობა შევთავაზე.
ერთი სიტყვით, ის პირი დაგვთანხმდა და მას დავალება მიეცა, რომ ვატიკანში ჰომოსექსუალ კარდინალთან დაამყარებდა კავშირს, ოფიციალურად მივავლინეთ ვატიკანში და დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. მათი ქმედება კი ფარულ კინოფირზე დავაფიქსირეთ და იმავე მეთოდით გადავიბირეთ ის კარდინალი, რომელიც უძვირფასეს სადაზვერვო-ატომურ ინფორმაციებს გვაწვდიდა. სხვათა შორის, ის სიკვდილამდე ჩვენი აგენტი იყო. მას ძლიერი საჯაშუშო ქსელი შექმნა ვატიკანში და 70-იანი წლებამდე მეთაურობდა. შემდგომ კი ის უკვე სხვამ შეცვალა.“
სუდოპლატოვის მონათხრობი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბერიას ინოვაციებს, მის მარტივსა და გენერალურ მოფიქრებებს დიდი სარგებელი მოჰქონდათ საბჭოეთისთვის.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი