კრიმინალური ისტორიები

ვინ შეუკვეთა ახალგაზრდა ბანკირის მკვლელობა

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 14.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

მკვლელობის მცდელობა

32 წლის ვარლამ ლილუაშვილი ერთ-ერთი მცირე ბანკის მმართველი იყო. ის 2002 წლის ნოემბერში მისმა მეზობელმა ავტოფარეხის წინ სისხლში მცურავი, გონებადაკარგული აღმოაჩინა. ლილუაშვილი საბურთალოზე ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. სასწრაფო დახმარებისა და ნეიროქირურგის ოპერატიულმა მოქმედებამ ახალგაზრდა ბანკირი სიკვდილისგან იხსნა. მას ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავსა და კისერში. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ნასროლი იყო „მარგოლინის“ სისტემის სპორტული იარაღიდან. ეგრეთ წოდებული, „გეკოს“ ტყვიები. თავში არსებული ჭრილობა უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე კისერში. ტყვია ტვინს არ იყო შეხებული და ის მარჯვენა ქალის ძვალმა აისხლიტა. მეორე ტყვია კი კისერში იყო გაჩხერილი და საძილე არტერიის გვერდზე გაჩერებული, რის გამოც ქირურგმა იუველირული ოპერაცია ჩაატარა. ლილუაშვილს 2 ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და საქმეს ესეც ართულებდა. იმავე დღეს პროკურატურაში მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა საქმე. ამოქმედდა პოლიციაც.

ბომჟის ჩვენება

ლილუაშვილზე თავდასხმა ღამის თერთმეტ საათსა და თორმეტის ნახევარს შორის მოხდა. დაზარალებულის კორპუსის წინ მშენებარე კორპუსი იდგა. იმ ღამეს საკმაოდ ციოდა და ოპერმუშაკებმა თვითმხილველებს ვერ მიაგნეს. არც ადგილობრივმა მოსახლეებმა იცოდნენ რამე. თუმცა, პოლიციის ახალგაზრდა ლეიტენანტმა, რომან ქუთათელაძემ მშენებარე სახლი დაათვალიერა და 39 წლის მაწანწალას, ვინმე ეგორს გადააწყდა, რომელიც ღამეს იქ ათევდა. ეგორის თქმით, იმ ღამეს მან ორი ტკაცუნის ხმა გაიგონა. ასევე, მობილური ტელეფონის ზარი, რომლის ხმაც, მისივე განმარტებით სწრაფად იკლებდა. უფრო და უფრო შორიდან ისმოდა და ბოლოს შეწყდა. ქუთათელაძეს ახალი დამთავრებული ჰქონდა პოლიციის სკოლა. თავის უფროს კოლეგებზე მეტად იცნობდა ძიების მეთოდებს და გონებაც სათანადოდ უჭრიდა. მან მაწანწალას ჩვენებაში მოყვანილი ფაქტები გააანალიზა. ერთმანეთს დაუკავშირა და გამომძიებელს ასეთი ვერსია მიაწოდა – სავარაუდოდ, თავდამსხმელის ტელეფონი რეკავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გარბოდა. გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა, რადგან არ იცოდა, როგორ ემოქმედა. ქუთათელაძემ კი მას აუხსნა, რომ საჭირო იყო თავდასხმის დროის შუალედში იმ კვადრატში მოქმედი მობილური ანძის ყველა ზარი ამოეღოთ, შაეშიფრათ და ამ მიმართულებით წარემართათ ძიება.

ლტოლვილი

ფიჭვური კომპანიიდან ამოღებულ ამონაბეჭდზე იმ ერთი საათის განმავლობაში 200-მდე შემავალი ზარი აღმოჩნდა. ქუთათელაძე პირადად სხვების დაუხმარებლად შეუდგა მათ გაშიფვრას და დაადგინა, რომ 23 საათსა და 02 წუთზე განხორციელდა 45-წამიანი საუბარი. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ერთ-ერთი სიმბარათი ვინმე ანტონ ლაზლიანის სახელზე იყო გაფორმებული. ლაზლიანი 33 წლის ბანკის მენეჯერი აღმოჩნდა, სწორედ ლილუაშვილის ბანკისა და აგრეთვე, დაზარალებულის მოადგილე. დანარჩენი კი უკვე „ტექნიკის“ საქმე იყო. ლაზლიანი დაკითხვაზე დაიბარეს. რამდენიმე კითხვა დაუსვეს და მან ჯერ ყველაფერი იუარა, თუმცა, ბოლოს გამოტყდა, რომ ლილუაშვილის მკვლელობა სწორედ მან შეუკვეთა. მიზეზი კი ის იყო, რომ მას ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარი ჰქონდა მოპარული, ამის შესახებ კი მმართველმა არაფერი იცოდა და რომ არ შეეტყო და დამნაშავე არ გაეშიფრა, მისი მკვლელობა სულ რაღაც 700 დოლარად შეუკვეთა 27 წლის რუდიკ გალდავას. ის ლტოლვილი იყო. ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ლაზლიანის მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. გალდავაც დააპატიმრეს.

განაჩენი

ვარლამ ლილუაშვილი მხოლოდ 6 თვის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ლაზლიანი და გალდავა კი გაასამართლეს და 17-17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი ვერ დაბრუნდა. ლაზლიანი აცხადებდა, რომ მას ვალი ჰქონდა და ძიებით დაუდგენელ პირს, ვინმე კონსტანტინეს გადასცა. ლაზლიანს არც რაიმე პირადი ქონება გააჩნდა, რომ ის დაზარალებულის საკომპენსაციოდ სასამართლო წესით გაეყიდათ. მართალია, ლილუაშვილი აცხადებდა – ფული ლაზლიანს გადამალული ექნებაო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. ბანკირმა თავისი ბანკის აქტივები გაყიდა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. გალდავა 7 თვეში ციხეში გარდაიცვალა. ექსპერტის დასკვნით, ის ნარკოტიკმა იმსხვერპლა. მისი ნათესავები აცხადებდნენ, გალდავა ლილუაშვილმა მოწამლაო, თუმცა ეს არ დადასტურდა და არც არავის გამოუძიებია... ანტონ ლაზლიანმა კი სრულად მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოვიდა. 6 თვის შემდეგ კი ძიებით დაუდგენელმა პირმა ლაზლიანი მისსავე მანქანაში, მისი კერძო სახლის წინ ავტომატიდან ჩაცხრილა და მის კვალს ვერავინ მიაგნო. როგორც ლაზლიანის მშობლები აცხადებდნენ, მათი შვილი მეორე დღეს საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო და ამ მკვლელობას ვარლამ ლილუაშვილის შურისძიებას მიაწერდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი