როგორ გაიყიდა 250 ცალი მეფის ყალბი მონეტა 210 ათას დოლარად
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ძვირფასი შტამპოვკა
1917 წლის ნოემბერში მოსკოვის „მონეტნი დვორმა“ ძველი საქმიანობა შეწყვიტა და საწარმომ მუშაობა შეაჩერა. ეს უწყება რუსეთის იმპერიის ფულს ბეჭდავდა და მონეტებს ჭრიდა. „მონეტნი დვორის“ ძველი მოწყობილობები ახალი მთავრობის ფულის საბეჭდად აღარ გამოიყენებოდა, ამიტომ ცეხებში არსებული ძვირფასი დანადგარები ახალმა ხელმძღვანელობამ ეზოში გაიტანა და გადასაყრელად გაამზადა. უამრავ დაზგას შორის ერთ-ერთი ძვირფასი მოწყობილობა იყო 25 მანეთის ღირებულების ოქროს მონეტების საჭრელი დაზგა, ეგრეთ წოდებული, „შტამპოვკა“. ეს მოწყობილობა 300 კილოგრამს იწონიდა და სხვადასხვა დეტალისგან შედგებოდა. უწყების გამოცდილმა თანამშრომელმა, 30 წლის პლატონ ანდრონიკოვმა (ანდრონიკაშვილმა) ეზოში დაგდებული „შტამპოვკა“ დაშალა და ნაწილ-ნაწილ სახლში გაზიდა. თავისი პატარა, კერძო სახლის სარდაფში დაამონტაჟა და დროგამოშვებით მასზე 25-მანეთიანებს ჭრიდა; მათ ორიგინალებად ასაღებდა და ნუმიზმატებზე ყიდდა. პლატონი 1967 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას ერთი ვაჟი და ერთი შვილიშვილი დარჩა, რომელიც მის სახელს ატარებდა.
ბაბუის კვალდაკვალ
30 წლის პლატონ უმცროსი ბაბუის კვალს დაადგა. პროფესიით ის მანქანათმშენებელი იყო და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩეოდა. პარალელურად კი, ბაბუას მიერ წარმოებულ უკანონო საქმიანობას წარმატებით უძღვებოდა. ახალგაზრდა კაცი ყალბ 25-მანეთიან ოქროს „ნიკალაშკებს“ ჭრიდა და საკომისიო მაღაზიებში აბარებდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ამ მონეტებს, ძირითადად, კოლექციონერები ყიდულობდნენ და კარგი გასავალიც ჰქონდა. 70-იანი წლების დასაწყისში კი მეფისდროინდელი ჭრის 25-მანეთიან ოქროს „ნიკალაშკაზე“ ნამდვილი ბუმი ატყდა. ამ მონეტებს უცხოელები ყიდულობდნენ და ერთი მონეტის ფასი 1 000-1 500 დოლარი ღირდა, რაც იმ პერიოოდში ასტრონომიულ თანხას შეადგენდა. უმცროსმა პლატონმა რომ ეს ინფორმაცია შეიტყო, გადაწყვიტა, ერთბაშად გამდიდრებულიყო და ძალიან რისკიან საქმეს მოჰკიდა ხელი, რაც სასიკვდილო განაჩენით ისჯებოდა. პლატონ ანდრონიკოვმა წინასწარ მოამზადა ოქროს ფირფიტები და თავის იატაკქვეშა ფულის საჭრელ ცეხში 1 000 ცალი 25-მანეთიანი, „ნიკალაშკა“ მოჭრა. მათი ფასი მილიონიდან მილიონ 500 ათას დოლარამდე მერყეობდა. უმცროსი ანდრონიკოვი უკვე 6 წელი მისდევდა ამ საქმეს. ამ სფეროში საკმაოდ ფართო ნაცნობობა ჰყავდა. იცოდა, რომ ძალიან რისკავდა და ცდილობდა, სამართალდამცავ ორგანოებს თვალებში არ შეჩხეროდა. პლატონ უმცროსი ორმაგად და სამმაგად იზღვევდა თავს და მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებული ხალხის მეშვეობით მოქმედებდა. ახალ კლიენტთან შეხვედრაზე კი საგულდაგულო შემოწმების მერე ცხადდებოდა. თანაც, ყოველთვის გათვალისწინებული ჰქონდა მოულოდნელობა და გასაქცევი გზა კი – მომზადებული.
შეცვლილი განაჩენი
უმცროსმა პლატონ ანდრონიკოვმა, რუდოლფ გილგენდორფის მეშვეობით; ვინმე ოტო ზაუერს 250 ცალი 25-მანეთიანი ოქროს „ნიკალაშკა“ მიჰყიდა და საფასურად 210 ათასი დოლარი მიიღო. აქედან 50 ათასი დოლარი რუდოლფს გადაუხადა. გილგენდორფი წარმოშობით გერმანელი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინგრადში ტყვედ ჩავარდა და 10-წლიანი სასჯელის მოხდის მერე საბჭოთა კავშირში დარჩა. ცოლი მოიყვანა და მოსკოვში, საიუველირო ქარხანაში მუშაობდა იუველირად. ის წარმოშობით ბერლინიდან იყო, ხოლო ოტო ზაუერი – მისი ნათესავი, რომელიც ანტიკვარიატს ყიდულობდა, შემდგომ კი ორმაგ ფასში ყიდდა ევროპაში. ზაუერი საბჭოთა კავშირში მანქანით იყო ჩამოსული. მონეტების შესაძენი ფული არალეგალურად ჰქონდა შემოტანილი – საბარგულში ჩამონტაჟებული და ორმაგ ფსკერში დამალული. ბრესტის საბაჟოზე ზაუერი, ფაქტობრივად, არც კი გაუჩხრეკავთ, ისე გადაატარეს საზღვარზე. სამაგიეროდ, უკან დაბრუნებისას გულდასმით გაუჩხრიკეს მანქანა და საბარგულში დამალული 250 ცალი ოქროს 25-მანეთიანი „ნიკალაშკა“ ამოუღეს. გერმანელი ტურისტი „კაგებეში“ წაიყვანეს. დაჰკითხეს და რუდოლფ გილგენდორფზე გავიდნენ. გილგენდორფის ბინის ჩხრეკისას კი 50 ათასი დოლარი ამოიღეს. გილგენდორფმა, თავის მხრივ, პლატონ ანდრონიკოვი გაშიფრა. თუმცა, როდესაც მას დასაპატიმრებლად მიაკითხეს, ის უკვე გაქცეული იყო. ჩხრეკვისას მის ბინაში ძველი „შტამპოვკა“ აღმოაჩინეს. ანდრონიკოვ უმცროსზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მთელი ძალოვანი სტრუქტურა ფეხზე დადგა და ძებნილი პლატონი თბილისში, ფუნიკულიორის რესტორანში დააპატიმრეს. ყალბი ფულის მჭრელს 160 ათასი დოლარი აღმოუჩინეს. 10 ათასი კი უკვე დახარჯული ჰქონდა. მას დახვრეტა მიუსაჯეს. მოგვიანებით კი ეს სასჯელი 15 წლით შეუცვალეს და როგორც ანდრონიკოვმა, ასევე გილგენდორფმაც 15-15 წელი ციხეში გაატარეს და 80-იან წლებში გათავისუფლდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან