კრიმინალური ისტორიები

როგორ დაიკარგა თბილისში მოსკოველი მაღალჩინოსნის ვაჟი

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 39 წუთის წინ

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გენერლის ვაჟი

2004 წელს საქართველოში ტურისტული მიზნით 21 წლის იური ვორონცოვი ჩამოვიდა. ის მოსკოვში ცხოვრობდა და გენერალ-ლეიტენანტ პავლე ვორონცოვის ვაჟი იყო. პავლე რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ვორონცოვი უმცროსი დედით ქართველი იყო – მაგდა იოსელიანი თბილისელი იყო და პავლე ვორონცოვს მოსკოვში სწავლის დროს შეხვდა და ცოლად გაჰყვა. სწორედ დედულეთის მოსანახულებლად გამოემგზავრა იური ვორონცოვი საქართველოში და ოთხი დღის მერე მასთან კავშირი გაწყდა. ყმაწვილი მობილური ტელეფონით დღეში რამდენჯერმე ურეკავდა მშობლებს და თავის შთაბეჭდილებებს უზიარებდა. ბოლო ზარის დროს იურიმ დედას უთხრა: ჩემს ახალ მეგობარს ველოდები, რომელიც თბილისში გავიცანი. შემპირდა, რომ ულამაზეს ადგილებს დამათვალიერებინებს. მალე უნდა მოვიდესო. მაგდამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, თავს გაუფრთხილდიო და კავშირი გაწყდა. ხოლო, როცა თავად დედამ დაურეკა, შვილის ტელეფონი უკვე გათიშული იყო. ქალმა იფიქრა, ალბათ, დაუჯდა, დატენისო და ერთი საათის შემდეგაც დაურეკა, თუმცა, კვლავ უშედეგოდ. ამის მერე იურის ტელეფონი არცერთ ზარზე არ პასუხობდა, გამორთული იყო და მაღალჩინოსანმა გენერალმა თავის კოლეგას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და დახმარება სთხოვა. თავად კი საქართველოს დედაქალაქში, მეუღლესთან ერთად, გვიან ღამით ჩამოფრინდა. ცოლ-ქმარი ვაკეში, მაგდას სახლში დაბინავდა.

ტოტალური ძებნა

იმ პერიოდში რუსეთ-საქართველოს შორის ჯერ კიდევ თბილი ურთიერთობები იყო და იური ვორონცოვის საძებნელად მთელი ქართული პოლიცია დადგა ფეხზე. 21 წლის ბიჭის ფოტოები გაამრავლეს და ყველა ძალოვანს დაურიგეს. პარალელურად კი, შემოწმდა იმ მობილური კომპანიის ზარები, რომლითაც დაკარგული ყმაწვილი თბილისში სარგებლობდა. გაირკვა, რომ ბოლო ზარი ვორონცოვ უმცროსმა სამგორის ტერიტორიიდან განახორციელა, ბაზრის მიმდებარე კვადრატიდან. ქართველმა ოპერებმა ინფორმაციების შეგროვება დაიწყეს იმ კვადრატზე მდებარე ობიექტებსა თუ მუდმივად მყოფ ადამიანებზე და რამდენიმე ვერსიის დამუშავებას შეუდგნენ. ერთ-ერთი ვერსია იყო მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტის მოტყუებით გატაცება. პოლიციაში დაფიქსირებული იყო, რომ სწორედ იმ კვადრატიდან დაიკარგა ორი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც ღარიბი ოჯახის შვილები იყვნენ. ამის მეტი ინფორმაცია არ არსებობდა და დაიწყეს წინა ორი დაკარგულის ვინაობების გარკვევა და აღმოჩნდა, რომ დაკარგვის მომენტში ორივე ახალგაზრდა უმუშევარი იყო და სამუშაოს ეძებდნენ. ერთ-ერთის დედამ პოლიციას განუცხადა, რომ დაკარგვის დღეს მის შვილს უთქვამს, ვინმე ლიდას უნდა შეხვედროდა, რომელიც სამუშაოსა და კარგ ანაზღაურებას შეჰპირდაო. ხოლო სად და რა სამუშაოს, უცნობი იყო. აქედან გამომდინარე, პოლიციამ ლიდას ძებნა დაიწყო და იმ კვადრატში ამ სახელით 19 ქალი მუშაობდა. ძირითადად, ბაზარში. მაგრამ, პოლიციის ყურადღება ლიდა ჯაფარიძემ მიიპყრო, რომელიც ჯართის მიმღებ პუნქტში იყო დასაქმებული.

მეჯართე ლიდა

ჯართის მიმღებ პუნქტში მომუშავე ლიდა 65 წლის ქალი იყო წარმოშობით სვანეთის ერთ-ერთი სოფლიდან. მას ჰყავდა 31 წლის ვაჟი, ჯუმბერი, რომელიც ტაქსაობდა. პოლიციის მიერ შეგროვებული ინფორმაციებით, მეჯართე ლიდამ სვანეთში, ოჯახში სამუშაოდ რამდენიმე მობომჟო მამაკაცი წაიყვანა. მათ შორის, რუსებიც. ამიტომ პოლიციის ოპერი, 30 წლის გურამ კახიძე ღარიბულად გამოეწყო და ლიდას ჯართის პუნქტში ალუმინის მავთული მიიტანა. ლიდამ მას ჩვეულებრივზე ნაკლები ფასი გადაუხადა და დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი. ხოლო, როცა შეიტყო, რომ ახალგაზრდა კაცი მარტოხელა იყო, თბილისში ოროთახიანი ბინა ჰქონდა, თუმცა ლუკმაპურის შოვნა უჭირდა, შესთავაზა, მას ერთი თვით სვანეთში გაჰყოლოდა სახლის მშენებლობაზე სამუშაოდ. სამაგიეროდ კი, კარგ ანაზღაურებას დაჰპირდა. კახიძე დაეთანხმა, თან სთხოვა, მეგობარსაც წამოვიყვანო და თანხმობა რომ მიიღო, პოლიციის მეორე ოპერთან, მერაბ ჯაშთან ერთად ლიდას სვანეთში გაჰყვა. მათ კვალს დაადგა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ჯგუფიც. მანქანას, სადაც კახიძე და ჯაში ისხდნენ, ლიდას ვაჟი, ჯუმბერი მართავდა. ისინი ერთ-ერთ სოფელში მივიდნენ და როგორც კი სახლში შევიდნენ, მათ განუცხადეს, რომ მათთან მოსამსახურეებად, ანუ მონებად უნდა დარჩენილიყვნენ და თუ სიცოცხლე უნდოდათ, ხმაური არ აეტეხათ. იმ სოფელში მალევე პოლიციის ოპერატიული ჯგუფი შეიჭრა და იური ვორონცოვის გარდა, იქ ოცამდე მოტყუებით გატაცებული მონა აღმოაჩინეს. დედა-შვილი და მათი თანამზრახველები დააპატიმრეს. მონები გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი პოლიციამ რამდენიმე რეიდი ჩაატარა და მსგავსი მონები სხვაგანაც იპოვეს და გაათავისუფლეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი