კრიმინალური ისტორიები

რა სპეცოპერაცია ჩაატარა „კაგებემ“ გატაცებული „მიგით“

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 37 წუთის წინ

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გატაცება

1976 წლის 12 ივლისს შორეული აღმოსავლეთის სამხედრო-საავიაციო პოლკის აეროდრომიდან მაიორმა ივანე საველიევმა „მიგ 29“ თვითმფრინავი გაიტაცა და იაპონიაში გადაიყვანა. საბჭოთა პილოტს ეს საქმე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჰქონდა ჩაფიქრებული. 6 თვე ემზადებოდა და საბოლოოდ განახორციელა კიდეც. მას მეუღლე და 8 წლის ვაჟი ჰყავდა თავად კი 33 წლის იყო და ავიაპოლკში უკვე 10 წელი მსახურობდა. იმ დილით საველიევი გეგმით გათვალისწინებულ ფრენას ახორციელებდა – სამხედრო საბრძოლო მანქანით 2 საათის განმავლობაში უნდა ეფრინა, შეესრულებინა სასწავლო დავალება და ვითარება რომ საომარ სიტუაციასთან ყოფილიყო მიახლოებული მას საბრძოლო რაკეტები ჰქონდა მიმაგრებული. ივანე საველიევმა პირველი 10 წუთი დაგეგმილი მარშრუტით იფრინა. შემდეგ მკვეთრად შეტრიალდა აღმოსავლეთით და კურსი იაპონიაზე აიღო. დისპეტჩერი დაჟინებით მოუწოდებდა მაიორს, რომ ის კურსს დაბრუნებოდა, მაგრამ საველიევი აღმოსავლეთით ფრენას განაგრძობდა. ხუთი წუთის შემდეგ საველიევის შესახებ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში შეტყობინება გაგზავნეს და სასწრაფო გეგმა მოითხოვეს. პასუხი კი ასე ჟღერდა: „დაადევნეთ „პერეხვატჩიკები“ და შეეცადეთ, უკან დააბრუნოთ. საგანგებო ბრძანების გარეშე არ ჩამოაგდოთ“. ერთი სიტყვით, საველიევს ოთხი თვითმფრინავი აედევნა. ისინი მოუწოდებდნენ მაიორს, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ საველიევი წინ მიიწევდა და როცა ნეიტრალურ სივრცეს გასცდა, მდევარი თვითმფრინავები აეროდრომზე დაბრუნდნენ. გაქცეული მაიორი კი მშვიდობიანად ჩაფრინდა იაპონიაში და ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაჯდა.

ტოტალური დაცინვა

„ცეერუ“ მრავალი წლის განმავლობაში ნადირობდა „მიგ 29-ზე“ და საველიევის მიერ გატაცებული თვითმფრინავი მათთვის უძვირფასესი საჩუქარი იყო. ივანე საველიევი დაკითხვაზე დახურულ სივრცეში წაიყვანეს. „მიგ 29“ კი – დახურულ ანგარში დააყენეს. მალევე ვაშინტონიდან იაპონიაში უმაღლესი კლასის ავიაინჟინრები ჩავიდნენ და გატაცებული სამხედრო თვითმფრინავის მრავალდღიანი, საგულდაგულო შემოწმება დაიწყო. ამერიკელები თითოეულ ჭანჭიკსა და გაყვანილობას ამოწმებდნენ, საფრენი აპარატის არცერთი დეტალი არ გამორჩენიათ. ბოლოს კი ორმოცდაათგვერდიანი დასკვნა დაწერეს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაუგზავნეს. ამ დასკვნიდან ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალების სახე – „მიგ 29“ შექმნილი პროპაგანდისტული მითი იყო და მეტი არაფერი. თვითმფრინავში მიკროელექტრონიკის მაგივრად ლამპები იყო გამოყენებული. მსუბუქი, გამძლე ლითონების მაგიერ კი – მძიმე ფოლადი. მას არც ის სიჩქარე გააჩნდა, რომელსაც აცხადებდნენ და მანევრებიც ძალიან ცუდი ჰქონდა. დასკვნის მიხედვით, „მიგ 29-ს“ ნებისმიერი ამერიკული თვითმფრინავი სჯობდა. მისი ერთადერთი ღირსება უმძლავრესი ძრავები იყო. ამიტომ მას „მფრინავი ტანკი“ უწოდეს. როდესაც გატაცებული საბჭოთა „მიგ 29-ის“ სრული გამოკვლევა დასრულდა, ამერიკელმა მეცნიერმა, ჯეიმს სტივენსონმა „პენტაგონში“ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები შეკრიბა და გატაცებული „მიგის“ შესახებ ილაპარაკა. ამერიკელი დამცინავ ფრაზებს იყენებდა და ბოლოს თქვა, რომ რუსების ავიაცია ამერიკულს 20 წლით ჩამორჩა და მათგან დიდი საფრთხე არ გვვემუქრებაო. ამის შემდეგ მსოფლიო პრესამ „მიგისა“ და საბჭოთა ავიაციის ტოტალური დაცინვის კამპანია გააჩაღა და კარგა ხანს ეს ამბავი მსოფლიო მედიის მთავარი თემა იყო.

საბოლოო მიზანი

მიუხედავად იმისა, რომ გამოშიგნული „მიგ 29“ საბჭოთა კავშირს დაუბრუნეს, ეს თვითმფრინავი საბჭოთა არმიის შეიარაღებიდან მაშინვე მოხსნეს. ივანე საველიევზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამშობლოს ღალატის მუხლით. მასზე ძებნა გამოცხადდა. ასევე, ჯილდოდ დააწესეს ასი ათასი მანეთი იმისთვის, ვინც მას დააკავებდა და საბჭოთა სამართალდამცავებს გადასცემდა. აქედან გამომდინარე, „ცეერუმ“ გაქცეული საბჭოთა მფრინავი მაიორი საიმედოდ გადამალა. საბჭოთა „კაგებემ“ კი საბჭოთა და მსოფლიოს სხვა პროსაბჭოთა პრესაში ფართო კამპანია გააჩაღა საველიევის წინააღმდეგ. მისი მეუღლის ინტერვიუები ტელევიზიებით გადაიცემოდა და ქალი თავის მეუღლეს დაწყევლილ მოღალატეს უწოდებდა. იმეორებდა, დასახვრეტიაო და თავის ქმარს მოუწოდებდა, თუ ვაჟკაცობა შეგრჩა, თავი არ იცოცხლოო. 1976 წლის დეკემბერში ივანე საველიევი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. ერთი შეხედვით, ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა ამერიკული გამოძიება ასკვნიდა, რომ ყოფილი საბჭოთა მაიორი „კაგებემ“ მოიშორა. იქვე ჩამომხრჩვალის ხელით შედგენილი ბარათი იპოვეს, რომელშიც ეწერა: „მე ვარ მოღალატე და წყეულმა ამერიკელებმა შემაცდინეს“. სინამდვილეში საველიევი ბრმად გამოიყენეს. „მიგ 29-ის“ გატაცება „კაგებეს“ სპეცოპერაცია იყო ამერიკული მხარის დეზორგანიზაციის მიზნით. უშიშროებამ, უბრალოდ, იცოდა საველიევის ზრახვები და მას საშუალება მისცეს „მიგი“ გაეტაცებინა. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირს იმ წლებში უახლესი საჰაერო ტექნიკა ჰქონდა და ამერიკას ამ სფეროში, მინიმუმ, 10 წლით უსწრებდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი