რატომ ჩამოართვეს ყველა ჯილდო მსოფლიოში ცნობილ ჩემპიონს
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 27.08
ამ ისტორიას საბჭოთა მთავრობა გულდასმით მალავდა. რადგან შეთანხმება ჰქონდა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომ დამნაშავეებს დასჯიდა, სამაგიეროდ კი ამ საქმეს გლობალური რეზონანსი არ მიეცემოდა. ამ პუბლიკაციის მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სუპერმოფარიკავე
ივანე პერეპიოლკინი გამოჩენილი საბჭოთა მოფარიკავე იყო და ყველა საჩემპიონო ტიტულს ფლობდა – იყო საბჭოთა კავშირის, ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ჰქონდა რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებებისთვის და გულშემატკივრების უპირობო კერპს წარმოადგენდა. 1973 წელს პერეპიოლკინი 30 წლის იყო და აქტიური სპორტისთვის თავის დანებებას არ აპირებდა. მაისის თვეში საბჭოთა სუპერმოფარიკავე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მსხვილ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. პერეპიოლკინი იქაც, როგორც ყველგან, უპირობო ფავორიტი იყო. მან იოლად გაიარა მთელი ტურნირი და ფინალში უნგრელ, ახალგაზრდა სპორტსმენს შეხვდა. ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა. საბჭოთა ჩემპიონს გაუჭირდა უნგრელთან გამკლავება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთი ჩხვლეტით მაინც აჯობა. მაგრამ ახალგაზრდა უნგრელი ამ ბრძოლას აპროტესტებდა. ის ამტკიცებდა, რომ მინიმუმ, ოთხი ჩხვლეტა არ მიუღია და საბჭოთა სპორტსმენის მიერ ჩხვლეტის დამაფიქსირებელი ნათურა ტყუოდა. მან ელექტრომოწყობილობის შემოწმება მოითხოვა.
წარმოუდგენელი შედეგი
უნგრელი ახალგაზრდა სპორტსმენისა და მთელი მათი დელეგაციის მოთხოვნას შემოწმების თაობაზე საბჭოთა მხარე იუმორით შეხვდა. თუმცა, არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ამიტომ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის, საბჭოთა და უნგრული მხარეების წარმომადგენელთა თანდასწრებით შემოწმების პროცესისთვის თვალყურის სადევნელად მოემზადნენ. ამ შემოწმებას კი ცნობილი დასავლეთგერმანული ელექტრონული ფირმის წარმომადგენლები ატარებდნენ და სწორედ მათ მიერ იყო დამონტაჟებული ეს ელექტრომოწყობილობები. ივანე პერეპიოლკინმა დაღლილობა მოიმიზეზა და სასტუმროში წასვლა დააპირა. მაგრამ ექსპერტებმა მას უთხრეს, რომ მისი იქ ყოფნა სასურველი იყო. უკიდურეს შემთხვევაში კი მას თავისი დაშნები ექსპერტებთან უნდა დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ პერეპიოლკინს დაშნების დატოვება არ სურდა, მას დაშნები მაინც დაატოვებინეს, თავად კი სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას. როგორც შემოწმებამ აჩვენა, ელექტროლამპები სრულ წესრიგში იმყოფებოდა. თუმცა, ჩემპიონის დაშნებმა აჩვენეს ყოვლად მოულოდნელი შედეგები. აღმოჩნდა, რომ დაშნებზე დამონტაჟებული იყო მაღალი მგრძნობელობის, ახალი თაობის სენსორები. საკმარისი იყო დაშნა 5 სანტიმეტრით მიახლოებულიყო ჩემპიონის მეტოქის სხეულთან, რომ სიგნალი ყოველგვარი ჩხვლეტის გარეშე ინთებოდა. ამ შედეგმა შოკში ჩააგდო საბჭოთა მხარე. მოსალოდნელი იყო გრანდიოზული საერთაშორისო სკანდალი. ეს კი ქვეყნის პრესტიჟს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა. ამიტომ, საბჭოთა მხარემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციასთან და ელექტრომოწყობილობის ფირმასთან სიტყვიერი შეთანხმება დადო. პერეპრიოლკინს ჩამოერთმეოდა ყველა ჯილდო და მიზეზად დოპინგს დაასახელებდნენ, სამაგიეროდ, სუპერჩემპიონი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაესაჯათ.
ახალგაზრდა გენიოსი
პერეპიოლკინი დარბაზიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაემართა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. თავდაპირველად ამერიკელების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – დიდი წარმატება იყო მსოფლიოში სახელგანთქმული ჩემპიონისთვის თავშესაფრის მიცემა და ამას პოლიტიკურად გამოიყენებდნენ. მაგრამ, როცა სიმართლე გაირკვა, ივანე პერეპიოლკინი საბჭოთა მხარეს გადასცეს და სპორტსმენი მოსკოვში გადააფრინეს. ივანე პერეპიოლკინს ყველა ჯილდო და წოდება ჩამოართვეს. აღძრეს სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით და 5 წლით ციხეში გაამწესეს. გაასამართლეს, აგრეთვე, ომარ კასრაძე, რომელმაც პერეპიოლკინს ეს სენსორები დაშნებზე დაუმონტაჟა. 26 წლის კასრაძე პერეპიოლკინის დეიდაშვილი იყო და მოსკოვის ქარხანა „ელექტროაპარატში“ მუშაობდა, ის საწარმოს რიგითი თანამშრომელი იყო. თუმცა, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მას წინსვლისთვის გასაქანს არ აძლევდნენ. ომარსაც 5 წლით ააღუკვეთეს თავისუფლება. მაგრამ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მის ფასს მშვენივრად მიხვდნენ. კასრაძე ციხიდან გამოიყვანეს და საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საიდუმლო ლაბორატორიაში დაასაქმეს. ახალგაზრდა ქართველმა გენიოსმა შექმნა, ეგრეთ წოდებული, ჭკვიანი დისტანციური სასიგნალო პულტები კოსმოსური ტექნიკისთვის და ეს იყო გარღვევა ამ სფეროში. ომარი პროფესორი გახდა და მას ლენინური პრემია მიანიჭეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან