კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა სასტიკი მკვლელობის საქმე თბილისში

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 54 წუთის წინ

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საშინელი აღმოჩენა

თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის ბინაში მაგდა კოშელიძემ დედამისის, ლაურა კონიაშვილის ცხედარი აღმოაჩინა. მაგდა ოთხი დღით ქალაქგარეთ იყო გასული და სახლში რომ დაბრუნდა, ასეთი საზარელი სურათი დახვდა. 51 წლის ლაურა კონიაშვილს 26 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მიყენებული. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოკვეთილი ჰქონდა. მილიციის კრიმინალისტებმა ვერც მოკვეთილი თითი აღმოაჩინეს და ვერც მკვლელობის იარაღი. როგორც მოკლულის ქალიშვილი აცხადებდა, ბინაში არაფერი იყო დაკარგული. ამიტომ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ძარცვის მოტივი გამორიცხეს. მოკლული კონიაშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი იყო და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში სპეციალობით მუშაობდა, პარალელურად კი, აბიტურიენტებს ამზადებდა. კონიაშვილი უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი იყო, თუმცა მას საკმაოდ მძიმე ხასიათი ჰქონდა. ერთადერთი ქალიშვილის, მაგდას ინფორმაციით, დედამისს შეეძლო, სასტიკი ჩხუბი აეტეხა ნებისმიერი ადამიანისთვის, თუკი მასში რამე არ მოეწონებოდა გამომძიებელ ბელთაძეს მაგდამ უთხრა: „ჩვენც კი ხშირად მოგვდიოდა ხოლმე კონფლიქტი. თუკი დედას რაიმე არ მოეწონებოდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველთვის უხეშად გამოხატავდა ამას. მაგალითად, ჩემთვის შეიძლება, ჩხუბი აეტეხა მხოლოდ იმის გამო, რომ გარეცხვის შემდეგ ყავის ჭიქა ლამბაქზე გადაბრუნებული დავდე. მოსწავლეებისთვის კი იმიტომ შეიძლებოდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა, თუ გაკვეთილის მოყოლის დროს რამე ოდნავ შეეშლებოდათ. ღმერთმა აცხონოს! დედაჩემი იყო, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ განსაკუთრებული ძალაუფლებისმოყვარეობით გამოირჩეოდა. სკოლაში, როგორც ვიცი, კოლეგები უფრთხოდნენ და დირექტორიც კი ერიდებოდა დედაჩემთან კონტაქტს.

ბელთაძემ ბოლომდე მოუსმინა მაგდას და ჰკითხა:

– თქვენ რას ფიქრობთ, ასეთი საშინელი დანაშაულის ჩამდენი ვინ შეიძლება იყოს?

– კონკრეტულად ვინ, არ ვიცი, მაგრამ, რადგან ძარცვა არ ყოფილა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო შურისძიება. თუმცა, ვისი და რის გამო, ვერ გეტყვით.

ანტონ ბელთაძეც იზიარებდა მაგდა კოშელიძის ვერსიას. ამიტომ, მოკლულის ახლობელთა და მოსწავლეთა წრის შესწავლას შეუდგა. ის დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი ამ წრეში უნდა ეძებნა.

ფსიქოანალიზი

განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ანტონ ბელთაძე, ხშირ შემთხვევაში, ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს მიმართავდა დახმარებისთვის და ამჯერადაც ასე მოიქცა. ანტრონმა დახმარებისთვის 49 წლის მედიცინის მეცნიერებათა კანიდატს, ოლეგ ხვადაგიანს მიმართა. ხვადაგიანი ფსიქოლოგი იყო და მის მიერ ჩატარებულ ფსიქოანალიტიკას ხშირად იყენებდნენ საგამოძიებო საქმეებში, რასაც ყოველთვის წარმატება მოჰქონდა. ხვადაგიანი ჯერ ეცნობოდა დანაშაულის სურათს, შემდგომ – მოკვლევის შედეგებს, ამის მერე კი იძლეოდა რეკომენდაციებს და გამომძიებელი საქმეს ხსნიდა. კონიაშვილის საქმეს რომ გაეცნო, ხვადაგიანმა ბელთაძეს უთხრა:.

– ჩემი აზრით, მოკლული ცაცია უნდა ყოფილიყო და ხომ არ დაგიდგენია ეს?

– კი. ცაცია იყო. შენ რა იცი?

– დანაშაულის სურათიდან ჩანს. თითი დაკარგულია და სწორედ ამ თითმა მიიყვანა მკვლელი იმ კონდიციამდე, რომ ასეთი საშინელება ჩაიდინა. დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელი ახალგაზრდაა. პირადად ვერ იტანდა მოკლულს. მისმა საჩვენებელმა თითმა ეს განცდები იმდენად გაუმწვავა, რომ არა მარტო თითი მოკვეთა, მკვლელობაც ჩაადენინა. მარტივად გეტყვი, მოკლულმა ვიღაცას მაგრად ეჩხუბა და ბოლოს თითიც დაუქნია. იმ ვიღაცამ კი დანაშაული დაგეგმა. შეასრულა, თითი მოკვეთა და თან წაიღო. ამით მან ის დაძაბულობა მოიხსნა, რაც მას კონიაშვილმა მიაყენა. დიდი ალბათობით, მკვლელი შეიძლება აბიტურიენტი იყოს, ვინც მასთან ემზადებოდა და ამ კუთხით იმუშავე.

ხვადაგიანის ფსიქოანალიზი ამჯერადაც სწორი აღმოჩნდა. კონიაშვილს 12 აბიტურიენტი ჰყავდა. მათ შორის იყო ცაციაც – 17 წლის ბონდო ელიაშვილი. და როდესაც ბელთაძემ მასზე ინფორმაცია შეაგროვა, ივარაუდა, რომ მკვლელი ეს ბიჭი იყო. ამიტომ დაკითხვაზე დაიბარა და პირდაპირ უთხრა:

– გულწრფელად მომიყევი, რატომ მოკალი ასე სასტიკად შენი მასწავლებელი.

ბიჭს უარყოფა არც კი უცდია და თქვა:

– დედა ძალიან მიყვარს. ათი წლის წინ მან მამასთან დამტოვა და რუსეთში გათხოვდა. მასთან ახლო ყოფნა მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, უმაღლესში რუსეთში ჩამებარებინა და დედასთან ვყოფილიყავი. ამის გამო რუსულში მომზადება დავიწყე. ის საზიზღარი ქალი კი მუდმივად მლანძღავდა, სულელსა და უნიჭოს მიწოდებდა და მარწმუნებდა, რომ ვერ მოვეწყობოდი. ბოლო წვეთი იყო მკვლელობამდე სამი დღით ადრე, როცა ის ქალი მაგრად მეჩხუბა, ბოლოს კი თითი დამიქნია და დაცინვით მითხრა: არც კი იოცნებო, რუსეთში სასწავლებლად არავინ მიგასუნინებსო. ამით მე დედასთან ყოფნის ყველა იმედი გადამეწურა. დანაშაული დავგეგმე და შევასრულე. მოკვეთილი თითი კი ჩემი სახლის სარდაფში ვირთხებს გადავუგდე შესაჭმელად.“

ბონდო ელიაშვილი შერაცხადად სცნეს და იმის გამო, რომ არასრულწლოვანი იყო, სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი