კრიმინალური ისტორიები

ვინ იყო ის თაღლითი, ვინც დურუ ხურცილავას სახელით ფულს შოულობდა და „მხედრიონიც“ კი „გადააგდო“

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 05.08, 2021 წელი

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი გმირების ვინაობები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

დურუ ცოცხალია!

ცნობილი ქართველი ბოროტმოქმედი დურუ ხურცილავა 1984 წელს 46 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ცენტრალურ ქართულ კომუნისტურ პრესაში ინფორმაციაც გავიდა. თუმცა, ადამიანების ფსიქიკა (მით უმეტეს, საბჭოელების) მაშინ ისე იყო მოწყობილი, რომ მთავრობის სიტყვის არავის სჯეროდა. არც ეს ინფორმაცია დაიჯერეს და ყველას ტყუილი ეგონა. მოსახლეობის 90 პროცენტი დარწმუნებული იყო, რომ დურუ ხურცილავამ მორიგი „პაბეგი“ მოახერხა, ციხეს თავი დააღწია და უღრან ტყეებში იმალებაო. ამ ჭორებმა ფართო გაქანება მიიღო. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა აფხაზეთამდე, დურუს სამშობლომდეც ჩააღწია და მრავალი წლის განმავლობაში დურუს მიერ გაწამებული „ცეხავიკები“ ააფორიაქა. მათ მშვენივრად ახსოვდათ დურუს პატარა ბარათები, რომლებსაც ეწერა „დურუ ვარ. ამის მომტანს ხუთი ათასი მანეთი გამოატანე!“ აბა, ვინ გაბედავდა ურჩობას და დურუს ფულს ულაპარაკოდ უგზავნიდნენ.

დურუს სახელით

1984 წლის დეკემბერში რუსთავის საერთო რეჟიმის კოლონიიდან 40 წლის შალვა პაპასკირი გათავისუფლდა. მას თაღლითობისთვის 4 წელი ჰქონდა მისჯილი და ციხეში ყალბი ოლიმპიური ბილეთების დამზადებისა და გასაღებისთვის მოხვდა. წარმოშობით გულრიფშელმა პაპასკირმა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ყალბი ბილეთები, ასევე, სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრები 100 ცალი მოსაწვევი დაამზადა და თითოეულს 100 მანეთად ყიდდა. მან მხოლოდ ნახევრის გასაღება მოახერხა, რომ მილიციამ ის თბილისში დააპატიმრა. პაპასკირი სულ ხუთჯერ იყო ნასამართლევი და ყოველთვის წვრილმანი თაღლითობისთვის. თუმცა, საერთო ჯამში, მას ციხეში 14 წელი ჰქონდა გატარებული. „სვაბოდაზე“ გამოსულმა თაღლითმა, დურუს ცოცხლად გადარჩენის ჭორები მოისმინა და ახალი თაღლითობის გეგმა დასახა. პაპასკირმა ზუსტად იცოდა, რომ დურუ ხურცილავა დახვრეტილი იყო. ამიტომ მან დურუს სახელით დაიწყო „ჩალიჩი“. პაპასკირმა აფხაზეთში, სადაც ადრე „ცეხავიკებს“ დურუ „წეწავდა“, მისი სახელით განაახლა ფულის გამოძალვა. თაღლითი წინასწარ შეთვალიერებულ „ცეხავიკს“ მიადგებოდა. ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილ ბარათს – „დურუ ვარ, ხუთი ათასი მანეთი გამოატანე ამ ბარათის მომტანს!“ – მისცემდა და სახლში ფულით ბრუნდებოდა. ამგვარად, შალვა პაპასკირმა 1985 წლის პირველ ექვს თვეში 200 ათასი მანეთი წაჰგლიჯა „ცეხავიკებს“. ეს კი იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე დურუმ თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად იშოვა.

ორმაგი ვერდიქტი

1985 წლის 10 ივლისს შალვა პაპასკირი გუდაუთელ „ცეხავიკს“, გურამ ესვანჯიას ესტუმრა, რომელიც ბიჟუტერიას აწარმოებდა და დიდ ფულს შოულობდა. 60 წლის ესვანჯიამ რომ დურუ ხურცილავას ბარათი წაიკითხა, პაპასკირს უთხრა:

– ახლა ფული არ მაქვს, ხვალ დილით მოდი, 10 საათზე და თანხას უკლებლივ გაგატანო.

წარმატებით გათამამებული თაღლითი „ცეხავიკს“ დაეთანხმა და უთხრა:

– ხომ იცი, დურუს ლოდინი არ უყვარს. ტყუილისთვის კი ყველას სასტიკად სჯის და იცოდე, დათქმულ დროზე ფული დამახვედრეო.

„შეშინებულმა“ „ცეხავიკმა“ ასგზის ბოდიში მოუხადა პაპასკირს და გაისტუმრა. თავად კი მილიციაში წავიდა და ყველაფერი მოუყვა. „ცეხავიკი“ მილიციას წილს უხდიდა. მთავარი კი ის იყო, რომ ესვანჯია ადრე ერთ-ერთი იმ ციხის ზედამხედველი იყო, სადაც დურუ დახვრიტეს. ზუსტად იცოდა ეს ამბავი და ასე ამიტომაც მოიქცა. მეორე დილას კი ფულის ასაღებად მოსული პაპასკირი მილიციამ დააპატიმრა. მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და სამალავში 186 ათასი მანეთი აღმოაჩინეს, რაც იმ დროისთვის ასტრონომიული თანხა იყო. 5-ჯერ ნასამართლევ თაღლითს ამჯერად 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, რადგან საქმე დიდი რაოდენობის ფულს ეხებოდა. ციხეში მოხვედრილ პაპასკირს კი ქურდებმაც გამოუტანეს ვერდიქტი და იმის გამო, რომ ამხელა ფულის პატრონი თაღლითი ქურდულ „ობშჩიაკში“ ფულს არ დებდა, „ნალოგი“ დაადეს. ანუ, მას გარკვეული თანხა უნდა მიეცა ქურდებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქათმეში“ გაამწესებდნენ. პაპასკირმა დრო ითხოვა. შემდეგ თავის დას ბარათი გაუგზავნა, სადაც თავისი მდგომარეობა აღუწერა და სთხოვა, სოხუმში მათი კუთვნილი უზარმაზარი კერძო ბინა გაეყიდა და თავისთვის მომცრო შეეძინა. დარჩენილი ფული კი მისთვის გაეგზავნა ციხეში. დამ ძმას თხოვნა შეუსრულა და შალვას 15 ათასი მანეთი შეუგზავნა, რაც შალვამ ქურდებს გადასცა და თაღლითი „გაფუჭებას“ გადაურჩა. პაპასკირმა მხოლოდ სასჯელის ნახევარი მოიხადა და ციხიდან 1990 წელს გამოვიდა. მან ბოლო თაღლითობა „მხედრიონს“ ჩაუტარა – მათგან იარაღის ფული აიღო და 40 ათასი დოლარით გაუჩინარდა.

P.S. სავარაუდოდ, შალვა პაპასკირმა თურქეთში გაასწრო მხედრიონელებს, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ის აფხაზეთის ომის მერე სოხუმში დარჩა, სადაც „მხედრიონის“ შურისძიება ვერ მისწვდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა