რატომ დააკავა პრეზიდენტის საიდუმლო სამსახურმა ნიუ-იორკში ქართველი ქალი
ავტორი: ნიკა ლაშაური 57 წუთის წინ
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ყალბი დოლარები
1993 წელს 39 წლის ჯულიეტა არეშიძე სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ქალბატონი ქალაქ ნიუ-იორკში ჩავიდა და როგორც თბილისში ურჩიეს, მთელი ფული საკრედიტო ბარათზე უნდა შეეტანა, რაც ბევრად უფრო პრაქტიკული და უსაფრთხო იყო. არეშიძე ერთ-ერთ ბანკს ეწვია და ბანკის თანამშრომელს ბარათის გახსნაში დახმარება სთხოვა. ჩანთიდან 5 ათასი დოლარი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ბანკის თანამშრომელმა არეშიძეს უთხრა, რომ ბარათი 20 წუთში იქნებოდა მზად და 5 ათას დოლარს კი ანგარიშზე ჩაურიცხავდა. თუმცა, 20 წუთის შემდეგ ჯულიეტა არეშიძე ბანკის იზოლირებულ ოთახში შეიყვანეს, სადაც მას ორი ათლეტური აღნაგობის მამაკაცი დახვდა. მათ არეშიძე შეათვალიერეს და ფერადკანიანმა მამაკაცმა უთხრა:
– ქალბატონო, ჩვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანაშმრომლები ვართ და ყალბი ფულის გამოვლენის განყოფილებაში ვმუშაობთ. თქვენი 5 ათასი დოლარიდან, 500 დოლარი, ანუ ხუთი ცალი ასდოლარიანი ყალბია და გვითხარით, საიდან გაქვთ ეს კუპიურები?
ჯულიეტა არეშიძემ მიუგო:
– მე საქართველოდან ჩამოვედი. ეს დოლარები კი მის დედაქალაქ თბილისში ვიყიდე, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში.
არეშიძე დროებით იზოლატორში განათავსეს. 5 ათასი დოლარს კი საგულდაგულო ექსპერტიზა ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ ყველა ასდოლარიანი ყალბი იყო. მაგრამ ისინი ძალიან მაღალ დონეზე იყო გაყალბებული და ბანკში რომ არ შეემოწმებინათ, სხვაგან ამ სიყალბეს ვერ დაადგენდნენ. ჯულიეტა არეშიძეს გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინეს და გაუშვეს. თან ნაღდი 5 ათასი დოლარი გადასცეს, თანამშრომლობისა და ზუსტი ჩვენების მიცემისთვის.
სპეცოპერაცია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყალბი ფულის საქმეებს დღემდე პრეზიდენტის საიდუმლო სპეცსამსახურის შესაბამისი განყოფილება იძიებს. ამ უწყებას შეუზღუდავი ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსი აქვს. მას მერე, რაც თბილისური ყალბი დოლარების ამბავი გაირკვა, საქართველოში ამ უწყების სპეციალური ჯგუფი მოავლინეს, 12 ადამიანის შემადგენლობით. ეს ადამიანები უმაღლესი კლასის პროფესიონალები იყვნენ, უახლესი ტექნიკითა და შეიარაღებით. აგრეთვე, ჰქონდათ სათადარიგო საბუთები, რომ თავისუფლად ემოქმედათ. საქართველოში ისინი ცალ-ცალკე თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მათი მეთაურ-კოორდინატორი 41 წლის აარონ ჯეიმსი იყო. ამ ჯგუფის ორმა წევრმა ქართული და რუსული ენები იცოდნენ და წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდნენ. ჯულიეტა არეშიძის ჩვენებით, მან 5 ათასი დოლარი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურში შეიძინა და ამერიკელებმა პირველად სწორედ ამ ჯიხურს მიაკითხეს და 2 ათასი დოლარი შეიძინეს. შემდგომ პორტატულ მოწყობილობაზე კუპიურების ექსპერტიზა ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ ოცივე ასდოლარიანი ყალბი იყო. აშკარა გახდა, რომ ამ სავალუტო ჯიხურს ყალბი კუპიურებით ამარაგებდნენ. ამიტომ გასარკვევი იყო, ჯიხურის მფლობელებმა ეს იცოდნენ თუ არა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებმა საღამოს ჯიხურის ორი მოლარე გაიტაცეს და ვაზისუბანში მდებარე კერძო სახლის კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს. სპეციალური დაკითხვის მერე დანამდვილებით გაირკვა, რომ მოლარეებმა, რომლებიც იმავდროულად სავალუტო ჯიხურის მფლობელებიც იყვნენ, არაფერი იცოდნენ ყალბი დოლარების შესახებ. მათ თქვეს, რომ დოლარებს მათთან ვინმე მარატი აბარებდა და რომ ორი დღის მერე ეს კაცი 3 საათზე უნდა მისულიყო. კიოსკის მფლობელები დროებით იზოლატორში დატოვეს. მათი ადგილი კი ამერიკელებმა დაიკავეს და როდესაც მარატი 10 ათასი დოლარით გამოცხადდა, ის ოსტატურად გაიტაცეს. ისიც კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს და გაირკვა, რომ პანკისის ხეობაში ყალბი დოლარების საბეჭდი ცეხი ფუნქციონირებდა. ამ საიდუმლო ობიექტზე 6 ადამიანი მუშაობდა. მარატიც ამ ჯგუფში შედიოდა და კუპიურებს ერთი ქართველი და ხუთი ჩეჩენი ბეჭდავდნენ. ამერიკელებმა შესაბამისი გეგმა აამოქმედეს და 24 საათში მითითებულ ლოკაციაზე მივიდნენ. ცეხში ხუთი ადამიანი მოიხელთეს. ყალბი ფულის მჭრელებს ორასი ათასი ყალბი ამერიკული დოლარი ამოუღეს. ფულის საბეჭდი დაზგა და მასალები ყუთებში განათავსეს, ყველაფერი სამხედრო თვითმფრინავში ჩატვირთეს და აყვანილ დამნაშავეებთან ერთად ბათუმში ჩაფრინდნენ. იქ კი მათ სპეციალური „ჯიპები“ ელოდებოდათ, რომლებითაც თურქეთში გადავიდნენ, იქიდან კი ამერიკაში დაბრუნდნენ. ყალბი ფულის მჭრელებს, თითოეულს, ორი 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი დამნაშავე ციხეში გარდაიცვალა, ხუთი კი ისევ სასჯელს იხდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან